"ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც უნდა ადგე და წამოხვიდე იქიდან, სადაც შენს სიტყვას პატივს არ სცემენ, სადაც შენს ყოფნას არ აფასებენ და სადაც თავს ზედმეტად გრძნობ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია გრძნობა ან რამდენად რთულია წასვლა, საკუთარი თავის პატივისცემა ყველაფერზე მაღლა დგას", - დაწერა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მარიამ შარმანაშვილმა, რამაც მის გამომწერებში დაბნეულობა გამოიწვია - მარიამმა უამრავი კითხვა მიიღო, ეხებოდა თუ არა ეს წერილი მის პირად ცხოვრებას. მარიამ შარმანაშვილმა ამ პოსტის შემდეგ მცირე განმარტებაც გააკეთა:
"მეგობრებო, ჩემმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა სტატუსმა კითხვები გააჩინა, თუ რას უკავშირდებოდა კონკრეტულად ჩემი ეს „სთორი“. არაერთი შეკითხვა შემომივიდა იმასთან დაკავშირებით, რომ იყო თუ არა ეს ჩემს პირად ცხოვრებასთან კავშირში. გეტყვით, რომ ეს სტატუსი არ ეხებოდა ჩემს პირადს. ეს სტატუსი უკავშირდებოდა ჩემს პროფესიას.
ვისწავლე ტოქსიკური ადამიანებისგან თავის შორს დაჭერა. ვისაც თქვენი წარმატება და ბედნიერება აშინებს, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები არ იცვლებიან. საუკეთესო გამოსავალი ასეთ მანიპულატორ ადამიანებთან არის დისტანცია. ამით მათ ართმევთ ყველაზე ძვირფასს – თქვენს ენერგიას, რომლითაც ისინი იკვებებოდნენ“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.

ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა.
აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.
„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.
ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“, – ამბობდა მარიამი.