"მე "რუსთაველის თეატრის" მსახიობი აღარ ვარ 2019 წლიდან. გავრილოვის მოვლენების შემდეგ, მე "რუსთაველის თეატრში" ვერ დავრჩებოდი. დიდი ისტორიაა, მაგრამ ამაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია. ჩემი ცხოვრება "მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან" დაიწყო და გაგრძელდა "რუსთაველის თეატრში". "რუსთაველის თეატრმა" მაქცია იმად, რაც დღეს ვარ, მაგრამ შემდეგ ადამიანები იცვლებიან, ვითარება იცვლება და ჩვენ უნდა მოვიქცეთ ჩვენი შეხედულებებისა და მრწამსის მიხედვით," - ამბობს ნინო კასრაძე.

ნინო კასრაძე დაიბადა 1970 წლის 3 მარტს, თბილისში. 1993 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო ამავე წლიდან. 90-იანი წლების ნინოს წარმატებული კარიერის დასაწყისად იქცა. სწორედ ამ პერიოდში ითამაშა მან არაერთი მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის, ფილმებში: „ორფეოსის სიკვდილი“, „მარტოობის ორდენის კავალერი“, „ნეტავ აღარ იწვიმოს“... მოგვიანებით იყო „გასეირნება ყარაბაღში“, „კომეტები“, სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები".
მან არაერთი დაუვიწყარი როლი შექმნა "რუსთაველის თეატრის" სცენაზე სპექტაკლებში - „ლისისტრატე“, „ელექტრა“, „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“, „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“, „ჰამლეტი“, „მაკბეტი“ და სხვ.
ცოტამ თუ იცის, რომ ნინო ტყუპისცალია. მისი და, მაკა კასრაძე, ერთ-ერთ რადიოში წამყვანად მუშაობს. მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. როგორც ამბობდა, პროფესიის არჩევაში დიდი როლი სკოლამ ითამაშა. ალბათ, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გახდებოდა.
ნინო სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აწყობს სალონურ საღამოებს და საყვარელ აუდიტორიასაც ხშირად ხვდება.
„მე ორი შვილი მყავს, გოგო - უფროსი, ბიჭი - უმცროსი. სანამ პატარები იყვნენ, მეგონა, რომ კარგი დედა ვარ. როცა დადგა ის ასაკი, რასაც თინეიჯერობას ვეძახით, მერე გამოჩნდა, რას ვთვლით ჩვენ კარგ მშობლობად და რას თვლიან თავად ბავშვები. მე ტანჯვით დავამთავრე მუსიკალური სკოლა და მეგონა, რომ ეს ჩემი შვილებისთვისაც აუცილებლობა იყო. 3-4 წლის შემდეგ თავისი გაიტანეს და არ იარეს.
სულ მეგონა, რომ საზღვარგარეთ წასვლა და იქ სწავლა წარმატების მთავარი ფორმულა იყო. აქ დაიწყო პრობლემები... ვინ არის თვითონ მოზარდი, რა უნდა, რისი სწავლა უნდა - ეს აღმოჩნდა ყველაზე რთული გასაგები. ამასობაში, პანდემიაც წამოგვეწია და ჩავიკეტეთ ერთ პატარა ქალაქში, თუმცა მაშინ ბავშვები საფრანგეთში სწავლობდნენ და სკოლა არც ერთ დღეს არ გაუცდენიათ.

მე, როგორც მშობელი, შევდექი იმ საშინელი პანდემიის დროს. მაშინ გავიგე ყველაფერი თავიდან და, რაც მთავარია, გავიგე, როგორ ვშორდებით საკუთარ შვილებს. ისე გამიჭირდა, რომ ფსიქოლოგს დავურეკე და ვკითხე, რა გავაკეთო-მეთქი. მითხრა, რომ თანამედროვე სამყაროში მშობელს ორი ფუნქცია აქვს - ბალიშისა და ბატარეის. ბატარეიდან უნდა დაიტენოს შენი შვილი ემოციურად, ბალიში - რომ თავი დადოს, როცა გაუჭირდებაო. სულ ეს არის-მეთქი?! - ვკითხე, აქედან დაიწყე და ნახავ, საითაც წავა გზაო. მივხვდი, რომ ჩემი წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ ველაპარაკო ბავშვებს, რა გავაკეთო, მთლიანად შეიცვალა“ - ამბობდა ნინო კასრაძე.
ნინო კასრაძე 2004 წლიდან ოქროყანაში ცხოვრობს. საცხოვრებლად ქალაქგარეთ მას მერე გადავიდა, რაც მსახიობის ვაჟი დაიბადა. ამბობს, რომ პირველი წლები მძიმე იყო, რადგან რთული იყო ტრანსპორტით გადაადგილება. მსახიობს ქალ-ვაჟი - ლუკა და სალომე თოფურიები ჰყავს.
მისი მეუღლე, ლექსო თოფურია, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი და საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელია.