„დროებასთან“ ინტერვიუში ნინო სუხიშვილი ბებიასთან გატარებულ წლებს იხსენებს. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, ნინო და ქალბატონი ნინო რამიშვილი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და განსაკუთრებული დილის რიტუალებიც ჰქონდათ.
"მთელი ცხოვრება ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობდი. ასე მოხდა, როდესაც ჩემი ძმა, ილიკო დაიბადა, მშობლები მასთან ერთად საცხოვრებლად ცალკე ბინაში გადავიდნენ, მე კი ბებია-ბაბუასთან დარჩენა ვარჩიე, რადგან მათთან ყოფნა ძალიან მიხაროდა. ფაქტობრივად, ბოლომდე მათ გვერდით დავრჩი.
ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, მე და ქალბატონმა ნინომ ცხოვრება ორმა გავაგრძელეთ. ჩვენი განსაკუთრებული დილის რიტუალები გვქონდა. მას ძალიან უყვარდა ყავის საწოლში მიღება - თავიდან ამას ილიკო აკეთებდა, შემდეგ კი ეს ტრადიცია მე გადავიბარე. ყოველ დილით მას რძიან ყავას მივართმევდი, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა სიგარეტის მოწევა. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა მისი მომზადების პროცესი, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარს გრძელდებოდა და მოიცავდა მაკიაჟს, ჩაცმასა და სრულ მოწესრიგებას.
ჩემი ყოველთვის უკვირდა. ახალგაზრდობაში საერთოდ არ მქონდა მოწესრიგებისთვის დროის დათმობის მომენტი - ათ წუთში მზად ვიყავი, ჯემპრსა და ჯინსს მოვიცვამდი და სახლიდან გავრბოდი. მას ვერაფრით გაეგო, როგორ შეიძლებოდა დილის საათები საკუთარი თავის მოწესრიგებისთვის არ დაგეხარჯა. ის თავიდან ბოლომდე ნამდვილი ქალი იყო.
მისი ელეგანტურობა და გემოვნება საოცარი იყო, განსაკუთრებით იმ პერიოდისთვის. მუდამ დახვეწილად ეცვა, იყენებდა თავის ცნობილ თავსაბურავებსა და ქუდებს. მისთვის გადამწყვეტი იყო, რომ ხელთათმანი, ჩანთა და ფეხსაცმელი ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში ყოფილიყო. ის ისეთი გამორჩეული პიროვნება გახლდათ, რომ უცხოური ჟურნალ-გაზეთებიც კი ხშირად წერდნენ მასზე, როგორც საოცრად ელეგანტურ „მადამზე“.
მთელი ცხოვრება ვცდილობდი, მას დავმსგავსებოდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ არ გამომდიოდა. ამიტომ, ახლა ძალიან მიხარია, როდესაც მეუბნებიან, რომ რაღაცით მას დავემსგავსე. როდესაც სცენაზე თავის დასაკრავად გამოვდივარ და ძველი მოცეკვავეები მეუბნებიან, რომ ქალბატონ ნინოს ვაგონებ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია" - ამბობს ნინო სუხიშვილი.
ნინო რამიშვილი დაიბადა 1910 წელს, ქალაქ ბაქოში. მისი ოჯახი რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში.12 წლის ასაკიდან ხუთი წლის მანძილზე (1922-1927) სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში, სადაც 1937 წლამდე მოღვაწეობდა. ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერეტებსა და რუსულსა და ევროპულ ბალეტებში.
1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში. ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი ხდება.

"იცით, რით ვარ ბედნიერი? დავიბადე არაჩვეულებრივ დღეს, ნათლისღებას. ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, იმიტომ, რომ მამაჩემი უმეტესად გადასახლებაში იყო და ჩვენ სოფელში წავედით, მაგრამ რამდენი ხანი ვიქნებოდით იმ სოფელში? როცა ქალაქში დავბრუნდით, სახლში აღარ შეგვიშვეს, იქ ვიღაც ბოლშევიკი შებრძანდა და ერთი სკამი და სინიც კი არ დაუბრუნებია. მას შემდეგ კეცხოველის ქუჩაზე ვცხოვრობდი".