„დედა სიღარიბეში დაიბადა. ომის დროს მისი ოჯახი ვირთხებს ჭამდა. მან იცოდა, რა არის სიღარიბე და გაჭირვება. ეს არასდროს დავიწყებია. ასე დარჩა ახლოს ხალხთან, ის სახალხო ვარსკვლავი იყო… ის ქუჩის ქალებს თამაშობდა, მაგრამ სულ ატარებდა შინაგანად რაღაც არისტოკრატულს. ლეგენდარული იყო. უნიკალური არტისტია. ამიტომაცაა, რომ გუგლში თუ ჩაწერთ ჩემს სახელს და გვარს, მიიღებთ: “სოფია ლორენის შვილი”. ხშირად ცხოვრებაშიც ასე მეძახიან. ეს არაა ადვილი. არაა ადვილი, იყო ასეთი დიდი ქალის შვილი. იყო დედოფლის შვილი, ეს არაა ადვილი. მაგრამ სიამაყე, რომ მე მისი შვილი ვარ, ძლევს ამ სიძნელეს…“ - თქვა კარლო პონტიმ გადაცემაში „შვილი“ სტუმრობისას.
![]()
სოფია ლორენის ცხოვრება ჰგავს კლასიკურ იტალიურ დრამას, სადაც უკიდურესი გაჭირვება, ომის საშინელება და პირადი ტრაგედია საბოლოოდ ტრიუმფით გვირგვინდება. დღეს იგი სილამაზისა და ელეგანტურობის სიმბოლოა, თუმცა მისი გზა რომის გარეუბნის ნესტიანი გვირაბებიდან დაიწყო.
სოფია ვილანი შიკოლონე 1934 წელს დაიბადა. მისი ბავშვობა ქალაქ პოცუოლიში მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა. ეს იყო გადარჩენისთვის ბრძოლის ხანა. სოფია იხსენებდა, რომ შიმშილი მისი მუდმივი თანამგზავრი იყო - ოჯახი ხშირად მხოლოდ წყალში გარეული შაქრით ცდილობდა ძალების შენარჩუნებას.
დაბომბვების დროს ოჯახი თავს რკინიგზის გვირაბს აფარებდა, სადაც ასობით ადამიანი ვირთხებსა და ანტისანიტარიაში ცხოვრობდა. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმისას სოფია ნიკაპში დაიჭრა. ეს ნაწიბური მას მთელი ცხოვრება დარჩა, როგორც ომის მწარე მოგონება. სიგამხდრისა და სიმაღლის გამო თანატოლები მას „სტუზიჩადენტის“ (კბილის ჩხირს) ეძახდნენ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ეს „უშნო იხვის ჭუჭული“ მალე მსოფლიოს დაატყვევებდა.
სოფიას ბავშვობას კიდევ უფრო ამძიმებდა სოციალური იზოლაცია. მამამ, რიკარდო შიკოლონემ, მიატოვა სოფიას დედა, რომილდა და უარი თქვა მასზე დაქორწინებაზე. იმდროინდელ იტალიაში „უკანონო შვილის“ სტატუსი დიდ სირცხვილად ითვლებოდა.

სოფიას დედამ ყველაფერი გააკეთა შვილების გადასარჩენად. მან ბებიას სახლში პატარა „ბარი“ მოაწყო ამერიკელი ჯარისკაცებისთვის, სადაც მოზარდი სოფია ჭურჭელს რეცხავდა და მაგიდებს ალაგებდა. სწორედ აქ, შრომასა და გაჭირვებაში, ჩამოყალიბდა მისი რკინისებური ნება.
გარდატეხის ასაკში სოფია საოცრად დამშვენდა. 15 წლის ასაკში მან გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო სილამაზის კონკურსში. ვინაიდან ოჯახს ფული არ ჰქონდა, ბებიამ ვარდისფერი ფარდებისგან შეუკერა კაბა, ხოლო ძველი ფეხსაცმელი თეთრი საღებავით განაახლეს. ამ კონკურსმა შეცვალა მისი ბედი - იქ იგი პროდიუსერმა კარლო პონტიმ შენიშნა, რომელიც მოგვიანებით მისი ქმარი და უდიდესი მენტორი გახდა.
სახელის შეცვლის შემდეგ (შიკოლონედან ლორენზე), სოფიამ კინომწვერვალების დაპყრობა დაიწყო. მისი უდიდესი ტრიუმფი 1961 წელს შედგა ფილმით „ჩოჩარა“. მან ეკრანზე გადაიტანა მთელი ის ტკივილი და გამოცდილება, რაც ბავშვობაში თავად გადახდა - ომით გატანჯული დედის როლი. ამ შესრულებისთვის მან „ოსკარი“ დაიმსახურა და გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც ეს ჯილდო უცხოურენოვანი ფილმისთვის აიღო.
„სილამაზე არის ის, რასაც შიგნით გრძნობ. თუ შენს თავში დარწმუნებული არ ხარ, ვერანაირი მაკიაჟი ვერ გიშველის.“