კაწია შენგელაიას აუხდენელი ოცნება - ნატალია ჯუღელი ოჯახურ ტრადიციებსა და დაშვებულ შეცდომებზე - Marao

"ბავშვობაში ოჯახზე საუბარი ძალიან მიჭირდა, ამ თემას მუდამ ვმალავდი" - ნატალია ჯუღელი ოჯახურ ტრადიციებსა და დაშვებულ შეცდომებზე

2026-02-10 14:51:35+04:00

ელდარ და არიადნა შენგელაიების შვილიშვილი, ნატალია ჯუღელი გოგა გვახარიას რუბრიკის, „შვილის“ სტუმარი იყო. ნატალიამ გულწრფელად ისაუბრა ლეგენდარული ოჯახის ჩრდილქვეშ ცხოვრებაზე, დაუფასებელ ნიჭსა და იმ ტკივილზე, რომელიც წლების განმავლობაში საგულდაგულოდ იყო შენახული.

  • გოგონა „ვარსკვლავებით მოჭედილი ოჯახიდან“ - ვინ არის ნატა ვაჩნაძის შვილთაშვილი და არიადნა შენგელაიას შვილიშვილი, ზღაპრული სილამაზის ნატალია ჯუღელი

ნატალია ჯუღელმა გადაცემაში არაერთ სენსიტიურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. გაიხსენა ელდარისა და არიადნას დაშორების ისტორია, რომელიც შვილებზეც აისახა. ელდარს და არიადნას ორი შვილი, ნა­ტა­შა და ეკა­ტე­რი­ნე ჰყავთ.

„დედამ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა ბავშვობიდან რეჟისორობაზე ოცნებობდა. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ელდარ შენგელაიასა და არიადნა შენგელაიას შეცდომა სწორედ ის იყო, რომ კაწიაში ეს ნიჭი ვერ დაინახეს. დარწმუნებული ვარ, მისგან ძალიან კარგი რეჟისორი დადგებოდა.

კაწია სულ რაღაც 13 წლის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ალბათ, სწორედ ამ ოჯახური კრიზისის გამო ვერ მიაქციეს მის ინტერესებს სათანადო ყურადღება. დედა იხსენებდა, რომ სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს, თუმცა მისი ხმა არავის სმენია. ამას მე უფრო ტრადიციას ვუკავშირებ - ჩვენს ოჯახში რეჟისურა მხოლოდ კაცების საქმედ მიიჩნეოდა. ზოგადად, ჩვენს ოჯახში შვილებისთვის ხელის შეწყობის მიდრეკილება არ არსებობდა. ნატო ვაჩნაძესაც კი უთქვამს ელდარისთვის, როცა მან პირველი ლექსი დაწერა, რომ მეტი აღარ დაეწერა. როდესაც კაწიამ რეჟისურა მოინდომა, ელდარმა პირდაპირ უთხრა, რომ მის ნიჭს ვერ ხედავდა და აზრი დოდო ალექსიძესაც კი ჰკითხა.

საბოლოოდ, კაწიამ სამსახიობოზე ჩააბარა და ლილი იოსელიანის ჯგუფში მოხვდა. ჩვენს ოჯახში ის ყველაზე სამართლიან და პირდაპირ ადამიანად ითვლება. თავად ელდარსაც უწერია წიგნში: „ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი ჩემი შვილიაო“. თუმცა, დედამ თეატრში არსებული სიყალბე ვერ აიტანა და აკადემიაში გადავიდა.

  • "ძალიან უყვარდა ელდარი, განქორწინების შემდეგ გვარი შეინარჩუნა..." - უცნობი მოგონებები "იდუმალი მარგალიტის", არიადნა შენგელაიას შესახებ 

ბავშვობაში ოჯახზე საუბარი ძალიან მიჭირდა, ამ თემას მუდამ ვმალავდი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფონდი დავაარსე, თითქოს ამ სიმძიმისგან გავთავისუფლდი. წარმომიდგენია, რა რთულია ეს ყველაფერი, როცა უშუალოდ შვილი ხარ. ნატაშა და კაწია ისე გაზარდეს, რომ ზედმეტად არასოდეს გამოჩენილიყვნენ. ამ ქვეყანაში, სადაც ყველა განსაკუთრებულად აქტიურობს, დედაჩემის ხმა თითქმის არავის სმენია - ისინი მუდამ თავისთვის იყვნენ.

ვიცი, რომ მშობლების დაშორება ყველაზე მტკივნეულად კაწიამ გადაიტანა. არიადნას იმ პერიოდში მოსკოვში მოუწია წასვლა, რადგან რამდენიმე ადამიანზე გული ჰქონდა ნატკენი. ჩვენ იდენტობით ქართველები ვიყავით, კაწიას კი მოსკოვის მიმართ არანაირი სიყვარული არ ჰქონდა და საქართველოში დარჩენა ამჯობინა. მაშინდელი „ყვითელი პრესა“ სრულ სიცრუეს წერდა, თითქოს შვილმა მამასთან დარჩენა აირჩია. სინამდვილეში, მას ორივესთან ძალიან უნდოდა ყოფნა, უბრალოდ გარემოებათა გამო არიადნას წასვლა მოუწია, თუმცა ის მალევე დაბრუნდა“, - იხსენებს ნატალია ჯუღელი.