ვირჯინია ლუიზ ჯუფრეს ისტორია არ არის მხოლოდ გადარჩენის ქრონიკა. ეს არის უპრეცედენტო ომი მსოფლიო ელიტის წინააღმდეგ, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო სასტიკ ფაზაში შევიდა. 2025 წლის ოქტომბერში გამოცემულმა მისმა მემუარებმა - „Nobody’s Girl“,ფარდა ახადა ყველაფერს, რასაც ვირჯინია სიცოცხლეში მინიშნებებით ამბობდა.
ვირჯინია ლუიზ ჯუფრე დაიბადა საკრამენტოში, კალიფორნიაში, 1983 წლის 9 აგვისტოს. ოთხი წლის ასაკში მისი ოჯახი ფლორიდაში, პალმ-ბიჩის ოლქში გადავიდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის „რთული ოჯახიდან“ იყო და შვიდი წლის ასაკიდან მასზე ოჯახის ახლო მეგობარი ძალადობდა. თავის მემუარებში ჯუფრე აცხადებდა, რომ მასზე საკუთარი მამაც ძალადობდა და შესაძლოა მამამისს ეფშტეინისგან გარკვეული თანხებიც კი ჰქონდა მიღებული.
„უკვე იმდენად პატარა ასაკში ვიყავი მენტალურად დაშავებული, რომ ამ ყველაფერს გავექეცი“, - თქვა მან 2019 წელს.

2000 წლის შუა პერიოდში ჯუფრე შეხვდა გისლეინ მაქსველს, როდესაც Mar-a-Lago-ში სპა-თანამშრომლად მუშაობდა და მასაჟის თერაპიის შესახებ წიგნს კითხულობდა. მაქსველი, ბრიტანელი მაღალი საზოგადოების წევრი, მასთან მივიდა, დაინტერესდა წიგნით და შესთავაზა სამუშაო ეფშტეინთან, როგორც მოგზაური მასაჟისტი, იმ დაპირებით, რომ გამოცდილება საჭირო არ იყო. როდესაც ჯუფრე ეფშტეინის სახლში მივიდა, ის შიშველი დახვდა, მაქსველმა კი აუხსნა, როგორ გაეკეთებინა მასაჟი. „ისინი კარგი ადამიანები ჩანდნენ, ამიტომ ვენდე და ვუამბე, რომ მანამდე ძალიან რთული ცხოვრება მქონდა... ეს იყო ყველაზე ცუდი რამ, რაც კი შემეძლო მეთქვა, რადგან ახლა მათ უკვე იცოდნენ, რამდენად მოწყვლადი ვიყავი“, -აცხადებდა ჯუფრე. მისი თქმით, ამის შემდეგ მათ დაიწყეს მისი „შემზადება“ სექსუალური მომსახურებისთვის, თითქოს მასაჟისტად წვრთნიდნენ.
2000-დან 2002 წლამდე ჯუფრე მოგზაურობდა ეფშტეინის რეზიდენციებს შორის პალმ-ბიჩში, მანჰეტენზე, ნიუ-მექსიკოსა და კერძო კუნძულზე - ლიტლ სენტ-ჯეიმსზე. BBC-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ მას ეფშტეინის გავლენიან ახლობლებს შორის „ხილის ლანგარივით აწოდებდნენ“.
ვირჯინია აღწერს, რომ ეფშტეინის წრეში მას და სხვა გოგონებს „მდიდარ და გავლენიან ადამიანებზე ათხოვებდნენ“. თუმცა, ყველაზე თავზარდამცემი ეპიზოდი მის მემუარებში ეხება მამაკაცს, რომელსაც იგი „ცნობილ პრემიერ-მინისტრად“ მოიხსენიებს.
ვირჯინია იხსენებს, რომ 18 წლის ასაკში, ეფშტეინის კერძო კუნძულზე, იგი სწორედ ამ პოლიტიკოსს „მიჰყიდეს“, რომელმაც მასზე იმაზე სასტიკად იძალადა, ვიდრე ვინმემ მანამდე.
„ის არაერთხელ მახრჩობდა გონების დაკარგვამდე... პრემიერ-მინისტრი იცინოდა, როცა მტკენდა და უფრო მეტად სიამოვნებდა, როცა ვემუდარებოდი, რომ გაჩერებულიყო“, - წერს ჯუფრე.
როდესაც მან ეფშტეინს მუხლებზე დაჩოქილმა სთხოვა, აღარ გაეგზავნა ამ პოლიტიკოსთან, ეფშტეინმა ცივად მიუგო: „ეს ზოგჯერ დაგემართება“. ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს იმ ცინიკურ სისტემას, სადაც ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ გავლენიან პირებს შორის გაცვლილი „ვალუტა“ იყო.
ვირჯინია ჯუფრე იყო პირველი, ვინც საჯაროდ დაადანაშაულა ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ მასზე ძალადობაში. მიუხედავად სამეფო ოჯახის მცდელობისა, გაეჩუმებინათ მსხვერპლი, ვირჯინიამ მოახერხა პრინცის სასამართლოში მიყვანა. 2022 წელს ენდრიუ იძულებული გახდა მრავალმილიონიანი კომპენსაცია გადაეხადა, რამაც მას სამეფო ტიტულები და რეპუტაცია სამუდამოდ დააკარგვინა.
მემუარების თანახმად, პრინცის გუნდი ინტერნეტ-ტროლების დაქირავებასაც კი ცდილობდა ვირჯინიას დასაშინებლად და მის შესავიწროებლად.
მიუხედავად იმისა, რომ პრინცი ენდრიუ წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ეფშტეინთან კავშირი 2010 წელს გაწყვიტა, ახლახან აღმოჩენილი მეილები საპირისპიროს ამტკიცებს. 2011 წელს, როდესაც პრესაში ვირჯინიასა და პრინცის ცნობილი ფოტო გამოქვეყნდა, ენდრიუმ ეფშტეინს მისწერა:
„როგორც ჩანს, ჩვენ ამაში ერთად ვართ... შევინარჩუნოთ მჭიდრო კავშირი და მალე ისევ ვითამაშებთ!“ - ეს წერილი საბოლოოდ ასამარებს პრინცის ვერსიას და ადასტურებს, რომ იგი ბოლომდე ეფშტეინის ბნელი სამყაროს ნაწილი იყო. შედეგად, ენდრიუმ ოფიციალურად თქვა უარი სამეფო ტიტულების გამოყენებაზე, თუმცა ვირჯინიასთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - იგი ბოდიშს ითხოვდა.

ვირჯინია ჯუფრე 41 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, თუმცა მისმა მამამ და ბევრმა გულშემატკივარმა ეს ვერსია კატეგორიულად უარყო.
„გამორიცხულია, მას თავი მოეკლა. ვიღაცამ მას მიაგნო“, - განაცხადა მამამისმა პირს მორგანთან ინტერვიუში.
ეჭვებს ამძაფრებდა ის ფაქტიც, რომ სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ვირჯინია უცნაურ ავტოკატასტროფაში მოჰყვა, რასაც თირკმლის უკმარისობა მოჰყვა. ბევრისთვის მისი სიკვდილი ეფშტეინის საქმის იმ ბნელ გაგრძელებად იქცა, სადაც მოწმეები „თავისით“ ქრებიან.
ვირჯინია წერდა: „მჯეროდა, რომ შესაძლოა სექს-მონობაში მომკვდარიყავი“. მან მოახერხა მონობიდან თავის დაღწევა, მაგრამ სისტემამ, რომელსაც იგი ებრძოდა, მას მოსვენება არ მისცა. მისი მემუარები დღეს არის „ხმა საფლავიდან“, რომელიც აიძულებს საზოგადოებას, თვალი გაუსწოროს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ხშირად ყველაზე ბნელ დანაშაულებს ფარავს.
ვირჯინია ჯუფრემ თავისი ორგანიზაციით (SOAR) და საკუთარი სიცოცხლის ფასად მიაღწია იმას, რომ სექს-ტრეფიკინგის თემა მსოფლიო დღის წესრიგის ნაწილად იქცა. პრინც ენდრიუს სირცხვილი, ეფშტეინის სიკვდილი და მაქსველის პატიმრობა - ეს ყველაფერი იმ გოგონას დამსახურებაა, რომელსაც ერთ დროს „არავის გოგოს“ ეძახდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე გავლენიანი მამხილებელი გახდა.