"შეიძლება, ზურამაც არ იცის ეს ისტორია - ხომ ხედავთ, რომ ზურა არჩილია და მე ამ როლზე არ ვიქნებიო" - ნინელი ჭანკვეტაძე ზურა ყიფშიძისა და ზაზა მიქაშავიძის შესახებ - Marao

"შეიძლება, ზურამაც არ იცის ეს ისტორია - ხომ ხედავთ, რომ ზურა არჩილია და მე ამ როლზე არ ვიქნებიო" - ნინელი ჭანკვეტაძე ზურა ყიფშიძისა და ზაზა მიქაშავიძის შესახებ

2026-02-11 16:24:24+04:00

„პირველივე დღეს, როცა წავიკითხეთ პიესა "ჩემი პატარა ქალაქი", ზურას გაკეთებული ჰქონდა არჩილის როლი, აი, რომ წაიკითხავ პიესას და მიხვდები, რომ ზურა არის არჩილი, ამას ვგულისხმობ. ზაზა [მიქაშავიძე] და ზურა უნდა ყოფილიყვნენ დუბლები, პირველივე დღეს, ზაზა მივიდა ბატონ მიშა თუმანიშვილთან და უთხრა - შეიძლება, ზურამაც არ იცის ეს ისტორია - ხომ ხედავთ, რომ ზურა არჩილია და მე ამ როლზე არ ვიქნებიო. გაუგეს ერთმანეთს, ეს ცხადზე უცხადესია. ეს როლი არის ზურასი - ეს იყო ზურას ნიჭის აღიარება, რაზეც ყველა ისედაც ვთანხმდებით“, - იხსენებს მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე მეუღლის, ზურა მიქაშავიძისა და ზურა ყიფშიძის შესახებ.

NINELI_CHANKVETADZE

ზურა ყიფშიძის განვლილი გზა

1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს, მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.

  • "გიორგიმ მომიტაცა, დღესაც არ ვიცი, რა ძალამ გადამაწყვეტინა მასთან დარჩენა..." - კრისტი ყიფშიძის აქამდე უცნობი ისტორია

„იმ 50-60 ფილმიდან, რომლებშიც გადამიღეს, ყურადსაღები და საინტერესო შეიძლება იყოს სადღაც ათი ფილმი, მაგრამ აქ, საქართველოში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „როცა აყვავდა ნუში” აღმოჩნდა. ალბათ, იმიტომ, რომ პირველი ფილმი იყო, რომელიც ახალგაზრდობის მტკივნეულ პრობლემას ეხებოდა."

მსახიობის სიყვარულით, თბილისში არაერთ ბავშვს დაარქვეს ზურა, უამრავი გოგონა კი მალულად ეტრფოდა მის ნიჭსა და უზადო გარეგნობას. სწორედ მაშინ, როცა ზურა ყიფშიძე კარიერული წარმატების პიკზე იყო, ცოლად შეირთო უმშვენიერესი ლელა გოცირიძე.

ZURA-KIPSHIDZE

 წყვილმა ერთმანეთი პირველად ვასო გოძიაშვილის დასაფლავების დღეს ნახა, რომელსაც ლელა ბებიასთან ერთად ესწრებოდა. განსაკუთრებული სტილისა და გარეგნობის უცნობი გოგონა ზურას მაშინვე მოხვედრია თვალში, თუმცა მათი ურთიერთობა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი.

დასაფლავების შემდეგ ზურა ყიფშიძე მოსკოვში წავიდა, საქართველოში დაბრუნებულს კი გოგო, რომელიც ერთი დანახვითაც კი დაამახსოვრდა, გათხოვილი დახვდა.

  • ზურა ყიფშიძე, ლელა გოცირიძე და რობერტ დე ნირო - ფოტოარქივი და აქამდე უცნობი კადრების ისტორია

„მე ისევ მოსკოვში წავედი. რომ დავბრუნდი, ერთხელ მეგობრებთან ერთად ვარ და ახლობელი მეუბნება - ცოლი მოვიყვანე, აი, ნახეო და ექაჩება ვიღაცას, ის კი არ გამოდის. ბოლოს გამოქაჩა და უცებ ის გოგო არ შემრჩა, გოძიაშვილის დასაფლავებაზე რომ ვნახე? იქ რა მოხდა, არ ვიცი - ეს იყო რაღაც ელვასავით. მერე დაშორდნენ... მის ქმართან დაშორებაში არაფერ შუაში ვარ" - ამბობდა ზურა ყიფშიძე.

ლელას ოჯახი ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, თუმცა წყვილს ამან ხელი ვერ შეუშალა, რომ დაქორწინებულიყვნენ: "ურთიერთობის წინააღმდეგი იყო მამამისი, რადგან სხვა გეგმები ჰქონდათ, თუმცა მაინც ჩვენი გავიტანეთ. მერე შემირიგდნენ, სხვა რა გზა ჰქონდათ“, – იხსენებს მსახიობი.

KIPSHIDZE

ლელა გოცირიძე და ზურა ყიფშიძე ლელას მამის მანქანით გაიპარნენ. მერე იყო პატარა, 10-კაციანი ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ ზურას თაყვანისმცემლების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა, ის არასდროს გამხდარა ჭორებისა თუ მითქმა-მოთქმის ობიექტი. მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ თანაცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს, იყოს კარგი მეუღლე და მამა: "ჩხუბიც გვქონია, გაყრაც... არ არის ყველაფერი რბილად და თბილად. არ ვამბობ, რომ იდეალური ქმარი ვარ, მაგრამ რაც შემიძლია, ვაკეთებ. შეიძლება შეგიყვარდეს ვიღაც, არავინ არის ამისგან დაზღვეული, სიბერეშიც კი. ერთგულება რა არის, ვიცი, მაგრამ არაფერია გამორიცხული. სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა!" - ამბობდა მსახიობი