"როცა მკვლელებს ხელს აფარებთ, თქვენც მკვლელები ხართ... ეკა მას, გამძლეობას გისურვებ" - მოცეკვავე ანი ჯავახის მიმართვა მოკლული გიგა ავალიანის დედას - Marao

"როცა მკვლელებს ხელს აფარებთ, თქვენც მკვლელები ხართ... ეკა მას, გამძლეობას გისურვებ" - მოცეკვავე ანი ჯავახის მიმართვა მოკლული გიგა ავალიანის დედას

2026-02-12 14:16:47+04:00

"ჩემთვის ყველაზე ძლიერი და საამაყო ეკა მასწავლებელი! კიდევ ვერ ვიჯერებ, შენ როგორ გაგიმეტა ღმერთმა ამხელა სასჯელისთვის", - წერდა მოცეკვავე და ინფლუენსერი ანი ჯავახი მოკლული გიგა ავალიანის დედის,ეკა კუპატაძის შესახებ. მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ ბრალდებულების სხვა დანაშაულების შესახებ გააკეთა განცხადება და ძალადობის ამსახველი კადრები გაასაჯაროვა, ანი ჯავახმა ვრცელი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა: 

„ვიდეო აუცილებლად უნდა ჩამეწერა. ყველა თქვენგანმა ნახა პროკურატურის მიერ დადებული ვიდეო, რომელიც გიგა ავალიანის საქმეს ეხებოდა. ეკა კუპატაძე იყო ჩემი ყველაზე საყვარელი და ძვირფასი მასწავლებელი, რომელმაც მარტო მათემატიკა კი არა, ზოგადად სწავლა შემაყვარა. გაზარდა უმაგრესი შვილები, დაიმკვიდრა თავი, ურთულესი ცხოვრება გამოიარა და შექმნა ზღაპრული ცხოვრება, რომლითაც ტკბებოდა.

ვიღაც ვიგინდარებმა ეს ცხოვრება წაართვეს მას და გამოგლიჯეს ხელიდან. ეს არის მკვლელების ხროვა, „პატიოსანი დედიკოების შვილები“… როცა მკვლელებს ხელს აფარებთ, თქვენც მკვლელები ხართ. ყველა, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს, უნდა დაისაჯოს. რა 14 წელი? უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ გაიგოს, რომ დანაშაული არის დანაშაული და ქუჩაში არ უნდა ხდებოდეს, ვისაც რა მოუნდება, ის… ეკა მას, მიყვარხარ ძალიან და გამძლეობას გისურვებ, შენთან ვართ…“ - ამბობს ანი ჯავახი. 

გიგა ავალიანის მკვლელობა

28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.