"ჩემზე ამბობენ, მძიმე ხასიათი აქვსო, რაც არ არის სიმართლე. ჩემი დილა იწყება წყლით, მერე მიასთან ურთიერთობით - მას ძალიან უყვარს გადაღებაზე მთავარ პერსონაჟად ყოფნა. ყავას ვსვამ ბევრს, ძალიან ბევრს. სამზარეულოში ფუსფუსი და კეთება არ მიყვარს, თუმცა გურმანი ვარ. უფრო ჯანსაღი საჭმელი მიყვარს: სტაფილო, არაჟანი, მაწონი, ბერძნული იოგურტი. სადილი არ მიყვარს, რადგან ადამიანს ამძიმებს და მერე ვეღარ მუშაობ. უფრო ღამის ადამიანი ვარ, თუმცა როდესაც ვმუშაობ, 6 საათზეც ვდგები, 500 კილომეტრსაც გავდივარ, რომ გადაღებაზე ან რეპეტიციაზე ჩავიდე და ძალიან ცოტა მძინავს. სახლში ჩემი კომფორტისთვის სილამაზე და სტუმრებია საჭირო. რეჟისორი რომ არ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი კარგი მოცეკვავე... დღემდე ასე მგონია.
გენიალური აზრები იმწამსვე მომდის, როდესაც მეტყვიან, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ. მამაჩემიც, მორისიც ასე იყო - მუშაობდა ხმაურში, სტუმრებში, ლაპარაკში, სამზარეულოში იჯდა და ისე წერდა გენიალურ ლექსებს.
ბავშვობიდან ყველაზე ხშირად სახლში გატარებული ღამეები მახსენდება: მე, დედა, მამა, თამრიკო, ჩვენი პეპი... ფილმების ყურება, ჩაის სმა და ახალი წელი, ის საჩუქრები, რომლებსაც მორისი გვჩუქნიდა. საჩუქრების კეთება თავადაც ძალიან მიყვარს, სხვისი ბედნიერება მაბედნიერებს. ერთადერთი თვისება, რაც საუკეთესოდ მახასიათებს, სიცოცხლით ტკბობაა.
მაბედნიერებს სილამაზე, მოგზაურობა, სიახლე და ადამიანები. არ მიყვარს, როცა მეჩქარება. ძალიან ვნანობ, რომ ბევრ ადამიანს ვერ მივაქციე ყურადღება და ბევრი დრო გავფლანგე. მეგობრები კი ჩემთვის ცხოვრების ყველაზე დიდი მონაპოვარია“, - ამბობს ბასა ფოცხიშვილი "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში.

ბასა ფოცხიშვილი
ბასა ფოცხიშვილი 1964 წლის 1 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1988 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო ისეთ პრესტიჟულ ფესტივალებზე, როგორიცაა ბერლინალე (Berlinale), ედინბურგისა და კოტბუსის კინოფესტივალები. მიღებული აქვს მრავალი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის, სოციალური რეკლამისა და მუსიკალური ვიდეოსთვის.
ბასას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ევროვიზიის პროექტს უკავია: „მოფიქრება წამში მოხდა – ვთქვი, რომ გავაკეთოთ ზღაპარი-თქო. მუშაობა ძალიან რთული იყო, რადგან როდესაც იცი, რომ 70 მილიონი ადამიანი გიყურებს, პასუხისმგებლობა უდიდესია. თუმცა საქართველო თავისი ნიჭით ყოველთვის მზად არის მსგავსი დიდი პროექტებისთვის“.
დღეს ბასა ფოცხიშვილი საკუთარ სტუდიას („სტუდია 123“) ხელმძღვანელობს და თეატრალურ უნივერსიტეტში მომავალ რეჟისორებს ასწავლის. მისი ცხოვრების მთავარ მონაპოვრად კი მეგობრები და სილამაზით ტკბობის უნარი რჩება.