დათო ევგენიძეს, მის შემოქმედებასა და ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, თვალს ადევნებს, თუმცა ცოტამ თუ იცის მის ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ - დათო ევგენიძის და, მისი თქმით, უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, ის ზღვაში დაიხრჩო. ამ თემაზე მას ადრეც უსაუბრია, თუმცა ახლა უფრო ვრცლად გადაცემაში "პრაიმ შოუ" გაიხსენა:

დათო ევგენიძის მოგონება დაზე
„მაშინ მე 18 წლის ვიყავი. მოსკოვის კონსერვატორიაში ჩავაბარე და რამდენიმე დღით ჩამოვედი საქართველოში. წარმოუდგენელი შემთხვევა იყო, ჩემს თავს ვაბრალებდი, იმ მომენტში იქ რომ არ ვიყავი.
ბათუმში ვიყავით მე, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე, ჩემი ბავშვობის მეგობრებიც იქ იყვნენ. ერთი დღით დავრჩით და დილით წამოვედით. ჩემი და ქობულეთში დავტოვე დედასთან ერთად. ისინი გრიგოლეთში უნდა წასულიყვნენ, მეც იქ უნდა გამევლო მათთვის. რომ ჩავედი, მითხრეს, რომ ჩემს დას მზემ დაარტყა და ქობულეთში იყვნენ.
ძალიან უცნაურად მოხდა ეს შემთხვევა. ბავშვები თამაშობდნენ, ერთმანეთს ზღვაში აყვინთებდნენ. მეგობრები იყვნენ, ალბათ, ცოტა მეტი დროით დაიჭირეს და გული გაუსკდა. სისხლი რომ წამოუვიდა, ბავშვებს შეეშინდათ და გამოიქცნენ, პატარები იყვნენ, 14-15-16 წლის ბიჭები. ჩემი დის სხეული ზღვამ წაიღო, ვერტმფრენით ეძებდნენ და მაშინ დაინახეს. დედაჩემს დაურეკეს, ვიპოვეთო. დედას ცოცხალი ეგონა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო.
გზაში მძღოლმა მკითხა, რამდენი წლის იყოო, იქ მივხვდი, რომ და აღარ მყავდა. ჩემს თავს ვაჯერებდი, რომ მზემ დაარტყა და ცოცხალი იყო.
ბევრი წელი იყო გასული, როცა ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან და მითხრა, მე ის ვარ, ვინც შენს დას ჩააყვინთა, მე ვარ დამნაშავეო. ავდექი და ჩავიხუტე გულში, მოვეფერე, ვუთხარი, შენი ბრალი არ არის, ასე მოხდა, ეს ბედისწერა იყო-მეთქი. იმ ბიჭმა როგორ გადმოდგა ეს ნაბიჯი, როგორ გაბედა, მოსულიყო ჩემთან და ჩემთვის ეთქვა ეს ამდენი წლის შემდეგ?! დღეს თუ მისმენ, ნაპატიები გაქვს ჩემგანაც და უფლისგანაც.
ლიამ მე მაჩუქა ის, რაც დღეს ვარ. თუკი ჩემში რაიმე ფასეულია, ყველაფერი ჩემი დის ნაჩუქარია. ჩემი შემოქმედებაც შეიცვალა - რასაც მანამდე ვწერდი და რასაც მერე ვწერდი. პირველივე ნაწარმოები, რაც დავწერე, იყო რეკვიემი მიძღვნილი ჩემი დისთვის".