გასულ ზაფხულს სოციალური სივრცე მოიცვა უკრაინელი ინფლუენსერის, ვიქტორია მელნიჩუკის ვიდეოებმა - გოგონა განსაკუთრებული გარეგნობითა და სახასიათო ქართული აქცენტით აუდიტორიას აჭარის ნაცნობ თუ უცნობ ღირსშესანიშნაობებს, საინტერესო ადგილებსა და ტურისტულ წერტილებს აცნობდა. ვიქტორია პროექტ „გამომყევი აჭარაში“ მონაწილე იყო და გამარჯვებულიც გახდა. ახლა მას 150 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ყოველდღიურ ვლოგებს, სასარგებლო რჩევებსა და გამოცდილებას კვლავ აქტიურად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ ვიქტორია მელნიჩუკი „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ სტუმრობდა, სადაც მაყურებელმა მისი უკეთ გაცნობა შეძლო. ახალგაზრდა ინფლუენსერმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, მეგობრებსა და ოჯახზე. ვიქტორიამ აღნიშნა, რომ, პროექტში მონაწილეობის პარალელურად, მისმა მეგობრებმა ძალიან გაუცრუეს იმედები, რადგან მაშინ, როდესაც გამოქვეყნებულ ვიდეოებზე მოწონებებს, კომენტარებსა და გაზიარებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მისი მეგობრები ამ კუთხით საერთოდ არ აქტიურობდნენ.

ვიქტორია მელნიჩუკი
„ჩემი ქმარი არის ჩემი მეგობარი. ჩემი ქმარი ჩემთვის ყველაფერია ცხოვრებაშიც და საქმიანობაშიც. გიორგი რომ არა, არაფერი ვიქნებოდი, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად ვნებდები ზოგ მომენტებში. რაღაც მიზანი კი მაქვს ხოლმე, მაგრამ თუ არაფერი გამომივიდა, რაღაცაზე ვერთვები. გიორგი რომ არა, მილიონი საქმე მექნებოდა დაწყებული, მაგრამ არცერთი - დამთავრებული.

გიორგისთან ერთად შემიძლია ყველგან წავიდე - გასართობად, დასასვენებლად... ამიტომ, არასდროს მიგრძნია დიდი მოთხოვნილება მეგობრებში და სამეგობროში.
ვხვდები, რომ რეალურად საჭიროა მეგობრები ადამიანისთვის, მაგრამ გიორგი ყველაფერს მივსებს. მეგობრებმა, ვისაც ვენდე, იმედები გამიცრუეს და აღარ მინდა იგივე განმეორდეს. მყავს და, ოჯახის წევრები და ეს საკმარისია.
