სანამ გავიაზრებდი, ასე რატომ მოიქცა, ოდნავ უკან გადაიხარა, ხელი კომბინეზონის ელვას შეახო და გამიხსენიო მანიშნა. ისეთი სისწრაფით წამოვხტი, თითქოს დივანი ტრამპლინი ყოფილიყო, მივვარდი ქალს და ელვის უსწრაფესად ჩავუხსენი ლამის დუნდულებამდე სიგრძის ელვა-შესაკრავი. მერე კი კომბინეზონი მთლიანად მოვაცილე მის მხრებს და ხელებიც გავუთავისუფლე. დანარჩენზე თვითონ იზრუნა.
დაველოდე, სანამ ელიზა ტანსაცმლისგან საბოლოოდ გაითავისუფლებდა თავს, მერე კი მაჯაზე წავავლე ხელი და ჩემკენ შემოვაბრუნე. უკვე აღარაფრის თქმა არ იყო საჭირო. სრულიად შიშველი ქორფა ქალი ჩემს მკლავებში ასხმარტალდა…
_ სამწუხაროდ, კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, ლიზიკო, _ ტუჩები მის ყურს მივაწებე და ვუჩურჩულე, _ უკანასკნელი შეკითხვა.
_ ოხხ… _ უკმაყოფილო ბგერები ამოუშვა, _ ასეთ დროსაც კი აგრძელებ ხოლმე დაკითხვას? კარგი, ჰა, მკითხე.
_ საძინებელი საითააა?..
***
როგორც კი განყოფილებაში შევედი, ნიკო ცხვირწინ ამესვეტა, თითქოს ჩასაფრებული მელოდა.
_ ედი!
_ რა იყო, ნიკა, ახალია რამე?
_ ეს აველინაა თუ ვიღაცა, შენ რომ სახლში გამაცილებინე, ცოტას უბერავს.
_ რატომ? _ გაოცება ვერ დავმალე.
_ შენ ხომ მთხოვე, გაარკვიე, მართლა აველინა ნემსაძეა თუ იგონებსო.
_ კი, მახსოვს.
_ მართლა ის არის, არ მოუგონია. და მართლა იქ ცხოვრობს, სადაც თავი მიმაყვანინა. მაგრამ მაინც შეცდი, უნდილაძე!
_ შევცდი? რაში? _ კიდევ უფრო გავიოცე.
_ ხომ მითხარი, მორიგე მანქანა გამოიძახე, იქიდან სახლში რომ წაგიყვანოსო, _ უცებ აგრესიული გაუხდა სახე ნიკოს, _ ორი წუთის მიყვანილი არ მყავდა თავის ბინაში, რომ კივილი ატეხა. მორიგე მანქანა არა, მაგრამ სასწრაფო კი გამოვიძახე.
_ რატომ, მომხდარმა გაანერვიულა თუ სხვა რამემ? რატომ აკივლდა?
_ იმიტომ, რომ მისი შემოწმება ვცადე, მართლა აველინა იყო თუ სხვა ვინმე. რა ვქნა, ედი, რაც შენთან ვმუშაობ, რაღაცებს ვსწავლობ შენგან, რომ მეც კარგი გამომძიებელი გავხდე. ამიტომ გამორიცხვის მეთოდი გამოვიყენე.
_ და დედუქციისაც, უეჭველი! _ სიცილი ვერ შევიკავე.
_ რა თქმა უნდა. შენ ქალებთან ყოველთვის იყენებ ამ მეთოდს და მე რატომ არ გამომივიდა?
_ ალბათ ცუდად სცადე?
_ მაშინ მოიშველიე ახლა შენი დედუქციური მეთოდი და მითხარი, რა გავაკეთე და რატომ მორთო იმ ქალმა კივილი.
შუბლი შევიჭმუხნე. განა ისეთი რა უნდა გაეკეთებინა უწყინარ ნიკოს, ქალი კივილამდე მიეყვანა? გაუპატიურებას არ შეეცდებოდა, ეს გამორიცხულია. აბა, რა? აჰა, მივხვდი. მაშინვე თვალწინ დამიდგა ტილოზე გამოსახული აველინა.
_ პორტრეტი, ხომ?
_ რა პორტრეტი? _ თვალები გაუფართოვდა ნიკოს.
_ შენ ხომ თქვი, შემოწმება ვცადეო. ჰოდა, შემოწმება მისი ქვედაბოლოს ჩახდით დაიწყე ალბათ, ხომ? ხალს ეძებდი მის მარცხენა თეძოზე.
_ ვახ! რა მაგარი ხარ, ბიჭოოო! ზუსტად მოარტყი! _ შუბლზე ხელი შემოირტყა ნიკომ.
_ და როგორც კი ქვედაბოლო ჩაუწიე, კივილი მორთო.
_ ქვედაბოლო კი არა, შარვალი ეცვა, თან თეთრი, დაგავიწყდა?
_ შარვალი ეცვა? არც კი მახსოვს, _ შუბლი მოვისრისე.
_ ხო, შარვალი ეცვა და როგორც კი მისი შეხსნა დავუპირე, გიჟივით მეცა, დამპორჭყნა და შიზოფრენიკივით აყვირდა. მე კიდევ არ დავიბენი, შარვალი ჩავხადე თუ არა, ტრუსსაც წავატანე ხელი, _ ნიკო ისე ანერვიულდა, ჟესტებით გააგრძელა ამბის მოყოლა.
_ ნუ ნერვიულობ, ნიკუშ, ხდება ხოლმე. არ მიკვირს, ის ქალი რომ აკივლდა. აბა, რა მოუვიდოდა, ეგრევე, გაუფრთხილებლად რომ ებდღვენი? უნდა გეთქვა, რასაც აპირებდი.
_ კი, როგორ არა! მაშინვე გაიხდიდა! ეგ რომ მეთქვა, ახლოსაც არ მიმიშვებდა. მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, მან კი პირდაპირ ფეხებშუა ამომკრა მუხლი.
_ ააა, ახლა მივხვდი… _ სიცილისგან უკვ ვიჭაჭებოდი, _ და სასწრაფოც ამიტომ გამოიძახე, ხომ? ლამის კაცობა დაგაკარგვინა ქალმა.
_ აბა, რა მექნა, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, იმისთანა ჩამათხლიშა. ახლაც ძლივძლივობით დავდივარ, _ საწყალობელი ღიმილით მიპასუხა ნიკომ და ერთმანეთზე დაწყობილი ხელისგულები სასირცხვო ადგილზე მიიდო.
_ შე საწყალო, რა დღეში ჩავარდნილხარ, _ მართლა შემეცოდა, მაგრამ სიცილს ვერ ვწყვეტდი.
_ ვერაფრით ვერ შევაგნებინე, რომ ცუდი განზრახვა არ მქონდა, მე ხომ პოლიციელი ვარ, ძალადობას როგორ ვიკადრებდი. ასე არასდროს არავის დავუმცირებივარ.
_ არა უშავს, ნიკუშ, ქორწილამდე მოგირჩება. კაცი ხარ, ხანდახან დამცირებაც უნდა აიტანო. შენ ის მითხარი, გოთუას სახლის ხელახლა დათვალიერებისას რამე ახალი ხომ არ აღმოგიჩენია? ვიცი, რომ ხუტამ იქ გაგგზავნა.
_ საერთოდ ვერაფერი. მთელი დღე იქ დავაღამე, თან სულ ტყუილად. ერთადერთი ის იყო, რომ ვიღაცამ ქალაქის ტელეფონზე დარეკა და ისიც შეცდომით, სხვაგან მოხვდა.
ამის გაგონებაზე სუნთქვა შემიგუბდა.
_ სხვაგან მოხვდნენ? _ რაც შეიძლებოდა მშვიდად ვიკითხე.
_ ჰო, სადღაც დღის სამი საათი იქნებოდა, ვიღაცამ რომ დარეკა. ვიფიქრე, ვიეშმაკებ-მეთქი და ყურმილი რომ ავიღე, გისმენთ-მეთქი, ვთქვი, ძაან შინაურულად. არ გავამჟღავნე, პოლიციელი რომ ვიყავი.
_ ო, კარგად მოგიფიქრებია, _ ირონიულად შევაქე.
_ სულ ტყუილად, _ მძიმედ ამოიოხრა ნიკომ, _ ვიღაც ქალი იყო, დონ კიხოტა მინდოდაო, მითხრა.
_ ვინ მინდოდაო? კარგად გაიხსენე! _ მოუთმენლობა ხმაშიც კი შემეტყო.
_ მოიცა! _ თვალები აატრიალა და წამით დაფიქრდა, _ ჰო, ასე მკითხა: “დონ კიხოტ, შენ ხარ?” მერე კი სიცილი დაიწყო, ვითომ რაღაც ძალიან სასაცილო ეთქვას.
_ მე ვუთხარი, ნომერი შეგეშალათ-მეთქი და იმანაც ეგრევე გამითიშა.
ოხ, რა სიამოვნებით ვთხლეშდი ამწუთას მუშტს ამ ცხვირმოუხოცავ ბიჭს სახეში!
_ როგორი ხმა ჰქონდა იმ ქალს?
სულელური გამომეტყველით შემომხედა.
_ ქალი იყო, ედი, რა ხმა უნდა ჰქონოდა? ყველა ქალს ერთნაირი ხმა აქვს. უფრო წვრილი, ვიდრე მამაკაცს.
_ ეს როგორ გამომრჩა? რამ დამავიწყა, ამის დედაც! _ ჩემთვის ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა.
_ რა გამოგრჩა, ედი, რა გჭირს? ბოლო ხუთ წუთში უკვე მეორედ გავიწყდება რაღაც. ისიც კი არ გახსოვდა, აველინას შარვალი რომ ეცვა.
_ ისეთი არაფერი, მადლობა ყველაფრისთვის.
შესაძლოა ჩემი სახის გამომეტყველებამ აიძულა ნიკო, განზე გამდგარიყო და ჩემთვის გზა დაეთმო. სანამ ჩემს კაბინეტში შევიდოდი, ანას გავხედე, ხუტას მდივანს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს დიალოგს უსმენდა.
_ რას ერჩი, ედი? როგორც შეუძლია, ცდილობს. მეტის გაქანება მაგას არა აქვს და რას ითხოვ მისგან? თავისი გაჭირვება ეყოფა, _ დაიცვა ნიკო, თუმცა აზრზე არ იყო, მე რამ გამაღიზიანა.
_ არაფერს არ ვერჩი, ანუშკი, სრულიად არაფერს, _ ამოხვნეშით წარმოვთქვი და კაბინეტის კარის სახელურს წავეტანე.
_ ჰო, მართლა, გუშინ საღამოს, ხუტა რომ დაბრუნდა და არ დახვდი, გაცოფდა, სად დადის მთელი დღე, სამსახურში რომ არ ცხადდებაო.
_ ახლა სადაა? _ დავინტერესდი.
_ ამ დილითაც გიკითხა და კიდევ ერთხელ გაბრაზდა, _ ხელი აიქნია მდივანმა.
_ ამ დილით რაღა აბრაზებდა, ხომ არ დამიგვიანია? მგონი, დროზე მოვედი.
_ არა, მაგიტომ არა. ვიღაცას უთქვამს, ედიშერ უნდილაძეს მანქანის ფარები რომ ჩაუმსხვრიეს, სამსახური ვალდებულია, აუნაზღაუროს ახალი ფარების ფულიო. არ ვიცი, ვინ უთხრა, მაგრამ ამის გამო ლამის კედლებზე გავიდა. მე ხომ არ გამიშვია დავალებაზე, შემთხვევით მოხვდა დანაშაულის ადგილას, რა ჩემი ბრალია, თუ მანქანა დაუზიანესო.
ამ დროს ხუტა გამოჩნდა დერეფანში და ჩემს დანახვაზე ისეთი იყვირა, მეგონა, კედლები შეზანზარდა.
_ უნდილაძე, შემოდი ჩემთან!
როცა მის კაბინეტში შევედი, ჩემს უფროსს თავისი ექვსნაკეციანი ღაბაბი უკვე უცახცახებდა სიბრაზისგან. პირველივე სკამი გამოვწიე და გვერდულად ჩამოვჯექი.
_ შემდეგ ჯერზე, როცა მორიგ იაპონურ მანქანას იყიდი, წინასწარ გამაფრთხილე, ავარიის შემთხვევაში სამსახურს რა დაუჯდება მისი შეკეთება, კარგი? _ ხუტა ცოფებს ყრიდა.
_ სხვ დროს თუ მოვიხელთე დანაშაულის ჩამდენი, მე თვითონ ამოვხდი სულს შიშველი ხელებით, უფროსო. მაპატიეთ, მაგრამ მე თქვენთვის შეკეთების თანხის ანაზღაურება არ მითხოვია.
_ სამაგიეროდ სხვას ხომ სთხოვე, ჩემთან ეშუამდგომლა? იცოდი, რასაც გეტყოდი და იმიტომ.
_ არავისთვის არაფერი არ მითხოვია! _ ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, _ თავისი ინიციატივით ვინმემ რამე თუ გითხრათ, მე ნუ დამაბრალებთ, პოლკოვნიკო! _ ოფიციალური მიმართვა მოვიშველიე ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად.
_ ნუ წაიგრძელე ენა! _ მაგიდას გაშლილი ხელისგული დაჰკრა, _ მომახსენე ახლა, რა გააკეთე გუშინ, სად დადიოდი მთელი დღე. ფარები რომ გამოცვალე, ეს უკვე ვიცი.
აღარ ავყევი. ეს კარგს არაფერს მომიტანდა, ამიტომ მთელი ფაქტები გადმოვულაგე. არ გავამჟღავნე მხოლოდ რამდენიმე “წვრილმანი”, ანუ ის, რაც ელიზას ბინაში მოხდა, სხვა არაფერი დამიმალავს.
_ ედიშერ, შენი მონაყოლიდან ერთი სიტყვაც ვერ გავიგე, _ ისევ დაიქუხა, _ ამიტომ მოდი, საქმეს გაგიიოლებ. რა პროგრესი გაქვს ბოლო ოცდათექვსმეტი საათის განმავლობაში, მომხდარი მკვლელობის შემდეგ?
_ დავადგინე, რომ გაბრიელ გოთუა შანტაჟს ეწეოდა, უფროსო, _ თავიდან დავიწყე, _ ჩემი ვარაუდით, სწორედ ესაა მკვლელობის მოტივი. მხატვარი შეეძლო მისი შანტაჟის რომელიმე მსხვერპლს მოეკლა, მისივე საახლობლო წრიდან.
_ მაგალითად?
_ ნებისმიერს, იმიტომ, რომ ნორმალური ალიბი არცერთს არა აქვს. რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო? წეღან ვინც ვახსენე, ყველა შეიძლება ეჭვმიტანილად მივიჩნიოთ.
_ აბსოლუტურად ყველა დაკითხე?
_ ერთის გარდა. ქერათმიანი არავინ არ იცის, ვინაა. პორტრეტზე სახე არ უჩანს. წარმოდგენა არა აქვთ, ეს ქალბატონი საიდან გაჩნდა.
_ ნემსაძის ცოლზე რას იტყვი?
_ როცა ჩემს მანქანას ესროლეს, ის ჩემ გვერდით იდგა, _ ვთქვი, _ შეიძლება თვითონ არაა მკვლელი, მაგრამ თანამზრახველი ჰყოლოდა.
_ და ქმარი?
_ ის არაა საქმეში გარეული. დავრეკეთ სასტუმროში და დაგვიდასტურეს, რომ იმ ღამესვე გაიარა რეგისტრაცია სასტუმროში. გოთუას მოკვლას და მერე გამგზავრებას ვერ მოასწრებდა.
_ გუშინ დილით კი სრულიად საპირისპირო ინფორმაცია მოგვაწოდეს! _ ისევ აყვირდა ხუტა, _ სამსახურში რომ დადიოდე, ინფორმირებული იქნებოდი!
გაოცებულმა თავი შევაბრუნე და მთელი საუბრის განმავლობაში პირველად შევხედე თვალებში უფროსს.
ხუტა ნიშნის მოგებით მომჩერებოდა, აქაოდა, მე უფრო მეტი ვიცი მაგ მკვლელობაზე, ვიდრე შენ, ვისაც მისი გამოძიება გევალებაო.
_ სამსახურში რომ მოვედი, დაახლოებით სამი საათი იქნებოდა, მობოდიშების ტონით გავაგრძელე, _ მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, რომ ვერ გნახეთ. იმ დროს ადგილზე არ იყავით, მე კი დაცდა არ შემეძლო, სხვა ეჭვმიტანილები უნდა მენახა და დამეკითხა.
სახე ელვის უსწრაფესად შეეცვალა, თითქოს დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიფიქრე, ისევ იფეთქებს-მეთქი, მაგრამ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა, სრულიად მშვიდი ხმით გამაკრიტიკა:
_ შენი დაკითხვებით რა შედეგიც გაქვს, კი ვხედავ.
_ რაც შევძელი, ეგ იყო, უფროსო. მითხარით, თქვენ რა გაიგეთ?
_ ქუთაისის პოლიციიდან დარეკეს. სასტუმროში ყოფილან შესამოწმებლად. პირველად რომ მივიდნენ, მორიგეს უთქვამს, კი, ასეთი პიროვნება ჩვენთან დარეგისტრირდაო. რადგან გვიანი ღამე იყო, ნომერში აღარ ავიდნენ, მაგრამ მეორე დილით გადამოწმება გადაწყვიტეს. აღმოჩნდა, რომ წინა ღამის მორიგეს სახელი შეშლია. იმ ღამეს სასტუმროში ნემსაძე კი შესახლდა, მაგრამ სახელი მურმანი ჰქვია და არა ჰამლეტი.
_ აბა, ჰამლეტ ნემსაძე სად გაქრა?
_ აი, ეგ არის საკითხავი! ქუთაისში დღემდე არ გამოჩენილა, არცერთ სასტუმროში არ დაფიქსირებულა, თორემ მაშინვე შეგვატყობინებდნენ. საავადმყოფოებიც არ დაუტოვებიათ, იქნებ უბედური შემთხვევა მოხდაო, მაგრამ უშედეგოდ. გუშინ მის სახლზე თვალთვალიც დავაწესე, თუმცა არც სახლში დაბრუნებულა.
_ იქნებ ცოლმა იცის რამე?
_ ამის გასაგებად ერთი საშუალება არსებობს მხოლოდ. წადი და ჰკითხე! _ ხმას აუწია ხუტამ.
_ გმადლობთ, რომ დამაკვალიანეთ, უფროსო, _ ჩავიბურტყუნე, _ ახლავე წავალ.
კაბინეტიდან გამოვედი თუ არა, ანამ ცივად გამომხედა:
_ რამდენიმე წუთის წინ დაგირეკეს.
_ ვინ ვარო, რა თქვა?
_ ვინმე ელიზა. მობილურზე ვურეკავ და არ მპასუხობს, სასწრაფოდ დამიკავშირდესო. აშკარად რაღაც აწუხებდა, _ ანამ იქედნურად ჩაიღიმა, _ შემთხვევით, რამე ხომ არ დარჩა წუხელ შენს ბინაში?
_ საიდან მოიტანე, რომ ჩემთან უნდა ყოფილიყო? _ შორს დავიჭირე.
_ უნდა მოგესმინა, როგორი ტონით მელაპარაკებოდა, _ ანამ ისეთი მჭახე ხმით ჩაიცინა, თითქოს ლითონი გადაჭრესო, _ ჰოდა, ასე. მან დარეკა. მე ვუპასუხე. როგორც ქალს, ეგრევე ეჭვით გაევსო ხმა, რახან ყურმილი ქალმა აიღო, რომელიც შენ გვერდით მუშაობს. ამიტომ შენი სახელი ისე შინაურულად წარმოთქვა, ეგრევე მაგრძნობინა, ეგ კაცი უკვე ჩემია და შენ შანსი არ გაქვსო.
_ და ეს ყველაფერი ერთი სატელეფონო საუბრით დაასკვენი? შერლოკ ჰოლმსის ცოლი ხარ, მოკლედ, რა, თუმცა შერლოკას ცოლი არასდროს ჰყოლია, _ ბოროტად დავცინე, რადგან მისმა გონებამახვილობამ გამაოცა.
_ შენ მხოლოდ მამაკაცი ხარ, ედი, თანაც, უნდა ითქვას, რომ შენი სქესის ერთ-ერთი კაშკაშა წარმომადგენელი, _ ჩაიცინა, _ თუმცა ვერ მიხვდები იმას, რასაც ქალები ვხვდებით, _ ხელი ჩაიქნია, _ აგერ მივაწერე ნომერი და დაურეკე, დანარჩენს თვითონ გეტყვის. ისე, ხუტამ არ გაგიგოს, წუხელ მოწმესთან რომ იწექი, თორემ დარხეული გაქვს. მე სამარე ვარ, იცოდე, ჩემგან არაფერი გემუქრება, _ კეკლუცად გამიღიმა ანამ და თვალი ჩამიკრა.
აღარ შევყევი. ახლა რომ თავის მართლებას მოვყოლოდი, უარესად გამომივიდოდა, ამიტომ პასუხი არ გავეცი, ისე გავეცალე.
შევედი თუ არა კაბინეტში, ბლოკნოტის ფურცელზე წაწერილი ნომერი ქალაქის ტელეფონზე ავკრიფე და დაველოდე.
_ ალოოო! _ გაწელილად მიპასუხა ელიზამ.
_ ედი ვარ.
_ ედი? რომელი ედი? შემთხვევით ის ხომ არა, ამ დილით ჩემთან ერთად რომ ისაუზმა? _ გამეხუმრა.
_ ჭეშმარიტად, _ უხალისოდ მივუგე, _ რატომ დამირეკე, რამე გინდოდა? _ ხუტასთან საუბრის მერე სულაც არ ვიყავი ხუმრობის ხასიათზე.
_ კი, მინდოდა, _ ამოოხვრით წარმოთქვა ზამბახიძემ, _ ჩვენს სააგენტოში უკვე ქვეყანა იქცევა, ისეთი ამბავია. იმ ვაჟბატონმა ლადომ ყველაფერი უთხრა ჯონის, ის კი კანში არ ეტევა, ჯერ ლევანთან ჩაგიშვებთ სუყველას, მერე კი ხინთიბიძეს მოვუყვებიო. კიდევ კარგი, ლევანი საზღვარგარეთაა და ორი კვირა არ ჩამოვა, მაგრამ სივსივაძე ისეთი საზიზღარი ტიპია, არაა გამორიცხული, ეგრევე შეაჭრას ვახოსთან. მემუქრება, სამსახურს დაგატოვებინებ, თან ისე, რომ სხვაგან არსად მიგიღონო. რა ვქნა?
_ კი მაგრამ, ამდენის უფლება რატომ აქვს მაგ ჯონის?
_ იმიტომ, რომ ლევანის დეიდაშვილია, გესმის? როცა ლევანი სადმე მიდის, თავის შემცვლელად ჯონის ტოვებს და ისიც იფერებს უფროსობას. ამის გამო ყველა ერიდება მასთან კონფლიქტს.
_ აჰააა, უკვე გასაგებია. როგორც ჩანს, მომიწევს შენი სააგენტოს დალაშქვრა. რას იტყვი?
_ ძალიან გამიხარდება, ედი. ამაზე უკეთესს ამწუთას ვერაფერს გააკეთებ.
_ ამწუთას ვერა, ერთ ადგილას ვარ მისასვლელი, მაგრამ იქიდან პირდაპირ თქვენთან წამოვალ.
_ კარგი, ედი, დაგელოდები, _ იმედიანად დამემშვიდობა ელიზა.
***
სანამ შენობიდან გამოვიდოდი, ნიკოს შევძახე, გამომყევი-მეთქი. არც უკითხავს, სად მივდივართო, ისე გამომყვა. მთელი გზა მშვიდად იჯდა მანქანაში და ხმას არ იღებდა, მაგრამ როგორც კი აველინა ნემსაძის კორპუსს მივადექით, აწრიალდა.
_ ედი, ეს სად მომიყვანე? იმ არანორმალურთან? ეგ ნემსაძე ხომ აქ ცხოვრობს.
_ ვიცი. მე და შენ რამდენიმე კითხვა უნდა დავუსვათ მას.
_ მაგრამ რომ დამინახავს, უეჭველი ისევ წივილ-კივილს ატეხს.
_ ამიტომაც წამოგიყვანე, _ ღიმილით ავუხსენი, _ შენს დანახვაზე დაფიქრებისთვის დრო აღარ დარჩება.
როგორც კი ზარი დავრეკე, აველინამ მაშინვე გააღო. ნიკო შეეცადა ჩემს ზურგს უკან დამალულიყო. ქალმა ცივი მზერა შემავლო. მუქლურჯი კაბა ეცვა, მოკლე. უხდებოდა.
_ რა გნებავთ, კაპიტანო? _ თავხედურად ამხედ-დამხედა.
_ რამდენიმე კითხვა გვაქვს შენთან, აველინა.
_ გააქვთ? _ მან მზერა ჩემს მხრებს გადაატარა და უეცრად თვალები გადმოეკარკლა, _ ამან როგორ გაბედა აქ მოსვლა? მოაშორეთ ეს მოძალადე აქედან! _ ქალი ლამის დაიხრჩო აღშფოთებისგან, _ იცი იმ ღამეს როგორ მეცა? კინაღამ ტანსაცმელი შემომახია ამ დეგენერატმა!
_ შენ, უბრალოდ, მოგეჩვენა, _ ტონი უფრო შევარბილე, _ რაც არ მიკვირს, იმ ღამეს ისეთ დღეში იყავი. ვიცი, რამდენად ძნელია საყვარელი ადამიანი მოკლული ნახო. შოკი გქონდა. ნიკო პოლიციელია, ის თავის მოვალეობას ასრულებდა, ცუდი განზრახვა ნამდვილად არ ჰქონია, _ ავუხსენი ქალს და დაუკითხავად შევაბიჯე მის ბინაში.
ნიკო ფეხდაფეხ შემომყვა და კარი დაკეტა. აველინას თვალებში შიში გაკრთა.
_ სად არის ჰამლეტი? _ მივუტრიალდი და თვალი თვალში გავუყარე.
_ ჰამლეტი? _ გაუგებრობა აღებეჭდა სახეზე, _ სად უნდა იყოს, ქუთაისშია. ხომ შეამოწმა უკვე პოლიციამ, რაღას მეკითხები?
_ პოლიციას მორიგე პორტიემ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა, _ ოფიციალური ხმით ვაუწყე, _ შენი ქმარი სასტუმროში არ მისულა.
_ აბა, სადაა? _ დაბნეულმა მხრები აიწურა.
_ მეგონა, შენ გეცოდინებოდა და გვეტყოდი, _ ტონი გავიმკაცრე.
_ მართლა არ ვიცი, _ ქერათმიანი კანკალმა აიტანა, _ ვაიმე, ნუთუ მართლა არ გაფრენილა იმ ღამით?
_ იქნებ იცოდი კიდევაც, რომ გაფრენას არ აპირებდა? _ შევუტიე, _ თქვენ შეგეძლოთ ერთად დაგეგეგმათ მკვლელობა. აეროპორტში მიხვედით, იქ დაფიქსირდით, მერე ჩასხედით მანქანაში და გოთუას მიადექით. შენმა ქმარმა ის მოკლა, მერე პოლიციაში დარეკეთ და ანონიმურად შეატყობინეთ მკვლელობის შესახებ, მაგრამ უცებ ჩემი მანქანა შეამჩნიეთ. ჰამლეტმა მთელ სახლში შუქი გამორთო, შენ ჩემკენ გამოქანდი ალიბის შესაქმნელად, მან კი ჩემი მანქანის ფარებს ესროლა.
_ არა! _ იყვირა აველინამ და სახე ხელებით დაიფარა, _ ეს ტყუილია! პირველიდან ბოლო სიტყვამდე ტყუილი! თუ ჰამლეტი ქუთაისში არ ჩასულა, ესე იგი, რაღაც შეემთხვა, _ წარმოთქვა და თვალები ცრემლით გაევსო, _ რა საშინელებაა!
_ ჩემთვის რაღაცები ცნობილია, რომ იცოდე! _ გამოვუცხადე, _ ვიცი, რომ შენი ქმარი ხინთიბიძის ნდობით აღჭურვილი პირია, ის კი საშინლად ძველმოდური კაცია თავისი მორალური პრინციპებით. მისთვის რომ ვინმეს შენი პორტრეტი ეჩვენებინა, ჰამლეტს მაშინვე დაითხოვდა სამსახურიდან. ხომ ასეა?
_ ჩემმა მეუღლემ არაფერი იცოდა მაგ სურათის შესახებ. ვერც ვერასდროს გაიგებდა. მე…
_ კარგი, დავუშვათ, დაგიჯერე და თქვენ ორი არ ხართ გარეული მკვლელობაში. მაგრამ შენი ჰამლეტი რომ სასტუმროში არ დარეგისტრირდა, ამას როგორ ახსნი? ორი დღეა ვერსად პოულობენ. გგონია, მართლა რამე შეემთხვა?
_ რა ვიცი, იქნებ ავარიაში მოყვა ან რამე ასეთი. ეგ ვიგულისხმე, სხვა არაფერი.
_ როგორ თვალის დაუხამხამებლად მატყუებ, აველინა! ავარია რომ ყოფილიყო, პოლიციას ეცოდინებოდა. იქნებ შენი ქმარი საფრთხეშია? იქნებ ისიც გოთუასავით სიცოცხლეს გამოასალმეს? მცირეოდენ შანსსაც არ მაძლევ, რომ მისი გადარჩენა შევძლოთ. რას გვიმალავ?
ქალი ისე შეშინდა, კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ერთიანად ცახცახებდა.
_ იმ ღამეს ბევრი დალია, _ ჩურჩულით ამოთქვა, _ როცა სადმე მიფრინავს, სულ სვამს ხოლმე, რადგან ფრენის ეშინია, მაგრამ ამას არავისთან ამხელს. მთვრალმა კი ისეთი სისულელეები ილაპარაკა, იმდენი იტრაბახა, მართლა გამიკვირდა.
_ რაო, რა იტრაბახა? _ მოუთმენლად ვკითხე.
_ იმაზე მიყვებოდა, მთელი ამ წლების განმავლობაში როგორ ვერ იტანდა ხინთიბიძეს. მერე მითხრა, სამაგიეროდ, აწი ყველაფერი სხვანაირად იქნებაო.
_ რატომო?
გაგრძელება იქნება