ქრისტინე იმედაძე შვილის, ტაისია ჯაკობიას შესრულებას სოციალურ ქსელში აზიარებს.
ტაისიას სიმღერამ უამრავი მოწონება დაიმსახურა:
"რა მაგარი გოგოა, ბრავო! ჭკვიანი, ლამაზი და ნიჭიერი", "რა სიამოვნებაა ამ გოგოს მოსმენა", "საყვარელი და ნიჭიერი გოგო" - წერდნენ კომენტარებში.
ტასიამ სკოლა გასულ წელს დაასრულა და ახლა სტუდენტია. მისი პროფესია მუსიკასთან დაკავშირებული არ არის, თუმცა უდავოა, რომ არაჩვეულებრივად მღერის და განსხვავებული ხმის ტემბრით უამრავი ადამიანიც მოხიბვლაც შეძლო.
ქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე 1984 წლის 26 მარტს, თბილისში დაიბადა. მუსიკალური კარიერა ბავშვობიდან დაიწყო სტუდია ბასტი-ბუბუში.
ქრისტინეს პოპულარობა 2000-იან წლებში გაზიარდა, როცა ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქეთა თოფურიასთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "ოთხი გოგო". მუსიკალური კარიერის პარალელურად ქრისტინემ მსახიობობაშიც სცადა ბედი, მისი პირველი ფილმი იყო ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“.
ქრისტინემ ოჯახი 24 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო, მათმა ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. ქრისტინეს ქორწინებიდან ერთი შვილი - ტაისია ჰყავს.

ქრისტინე იშვიათად საუბრობს პირველ სიყვარულზე, სერგუნა კოპალაძეზე, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
„სერგუნას ოჯახი და ჩემი ოჯახი მეგობრობდნენ. ეს იყო ბიჭი, რომელსაც მოვწონდი და მეც მომწონდა. ის საქართველოში არ ცხოვრობდა და არდადეგებზე ჩამოდიოდა. 2002 წელი იყო, კასტინგიდან გაციებული დავბრუნდი, გვიან ღამით დამირეკა, რადგან ავად ვიყავი, უნდოდა ყურადღება გამოეხატა და რაღაც მოეტანა. დამირეკა, წყნეთიდან მოვდივარ და რაღაცებს მოგაწვდიო, გვიანი იყო და უარი ვუთხარი.. ამ დროს ტელეფონი გაითიშა..
ტელეფონის გათიშვა და ხმა ფანჯრიდან ერთად გავიგე.. [ავარია] ზუსტად ჩემს სახლთან მოხდა, სულ მქონდა სინანული, იქნებ რომ წამოეღო, რაც უნდოდა, იქნებ სხვაგან აღარ გაევლო..
უკან არ გადამირეკავს, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ლოგინზე ვიჯექი და ველოდებოდი, როდის გათენდებოდა, დილას ერთხელ ავკრიფე მისი ნომერი, ავტომოპასუხემ მიპასუხა.. ამ სტრესის მართვა დიდხანს მომიწია.. ჩემს ადგილას ვიღაც შეიძლება ჩაწოლილიყო, სულ მოდიოდა ძალა, რომელიც მეხმარებოდა..“ - იხსენებდა ქრისტინე.