"მე მაინც მამის მხარეს ვიყავი, რადგან დაშორებას ნიკო ძალიან განიცდიდა" - მოგონებები მამაზე - რას ჰყვება ტასო გომელაური - Marao

"მე მაინც მამის მხარეს ვიყავი, რადგან დაშორებას ნიკო ძალიან განიცდიდა" - მოგონებები მამაზე - რას ჰყვება ტასო გომელაური

2026-02-16 15:25:06+04:00

ტასო გომელაური ნიკო გომელაურის შვილია, ის იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე და მამაზეც იშვიათად საუბრობს. ტასო გოგი გვახარიას რუბრიკის "შვილის" სტუმარი იყო, სადაც მის დამოკიდებულებაზე ნიკოს მიმართ ისაუბრა.

„ნიკო გრძნობდა, რომ დაშორება ძალიან განვიცადე, რადგან მის მხარეს უფრო მეტად ვიყავი. თუმცა ამაზე არასდროს ულაპარაკია, მეც არ მიკითხავს, მაგრამ ეკასთან უფრო მილაპარაკია ამ თემაზე. რიდის მომენტი მაინც მქონდა.

ჩვენ ვაკის სახლში ვცხოვრობდით, ნიკოს დედასთან ერთად. შემდეგ, როცა ეკა და ნიკო დაშორდნენ, მე ვიყავი ექვსი წლის და გადავედით ეკას დედასთან საცხოვრებლად. ნიკომ ნინა რომ შეირთო, მაშინ თეატრის საგრიმიოროში ცხოვრობდნენ, დაახლოებით 3-4 თვეს, ეს პერიოდი კარგად მახსოვს. ნინა რომ გამაცნო, ძალიან მომწონდა. სავარჯიშოდ ვიყავი და იქ მომაკითხეს. ნინას ჰყავს ჩემი ასაკის შვილი, ელენე და ჩემი ტოლი ბავშვი რომ დავინახე, მოვიხიბლე.

მამაჩემი რაღაცნაირად მეცოდებოდა და რომ მივხვდი, ბედნიერი იყო, მსიამოვნებდა. მე მაინც მამის მხარეს ვიყავი, რადგან დაშორებას ნიკო ძალიან განიცდიდა. როცა სვამდა, კიდევ უფრო ვერ მალავდა ამ ემოციას. შემდეგ ნინა რომ გაიცნო და მართლა კარგად იყო, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

ნიკო რომ გარდაიცვალა, 18 წლის ვიყავი, ამ წელს ვაბარებდი უნივერსიტეტში. ექიმებმა ნიკოს დიაგნოზი პირდაპირ უთხრეს, მაგრამ მე არ მითხრეს, ეს სრულიად შემთხვევით გავიგე. დედაჩემს გავუბრაზდი ეს რომ არ მითხრეს, ვთვლი, რომ საერთოდ არ იყო დასამალი, პირიქით, ბევრად ცუდია სხვისგან, ქუჩაში რომ იგებ" - ამბობს ტასო გომელაური.

  • ბედნიერი ოჯახი, საკუთარი ბიზნესი და მოგონებები მამაზე: გაიცანით უფრო ახლოს ტასო გომელაური 

ნიკო გომელაური

ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (2003). 2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო და ერთი წელი ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში გაატარა. იგი 2010 წელს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობობაზე ყოველთვის ოცნებობდა: „ბოლო ზარზე დამრიგებელმა პირველ კლასში დაწერილი თემა „ვინ მინდა გამოვიდე“ დაგვირიგა, სადაც, ჩემდა გასაოცრად, მეწერა, მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი. უფრო სწორად, უბრალოდ მსახიობი კი არა, კინომსახიობი. ვერ გეტყვით, ეს სურვილი რით იყო განპირობებული. შეიძლება იმით, რომ ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად ჩემმა დეიდაშვილმა ტატო კოტეტიშვილმა გადამიღო თავის საკურსო ფილმში „გმირი“. როგორც ჩანს, ჩემი მსახიობობისკენ სწრაფვა შეამჩნია და ფილმშიც ამიტომ მათამაშა. სხვათა შორის, ორ როლს ვთამაშობდი – მოსწავლეს და ჯუჯა სპარსელს დიდი ჩალმით, რომელსაც ჩემზე გრძელი ხმალი ჰქონდა. მახსოვს, წვერი მიმაწებეს, სახე საერთოდ არ მიჩანდა…" - ნიკო წლების განმავლობაში იყო თავისუფალი თეატრის მსახიობი.

მისი პირველი მეუღლე ასევე მსახიობი ეკა ნიჟარაძე იყო, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. 

gomelauri

ეკა ნიჟარაძე - „ცხრამეტი წლის გავთხოვდი და ოცი წლის დედა გავხდი. ასე რომ, არც ისე პატარა ვიყავი – დედობრივი პასუხისმგებლობა არ მეგრძნო. მაშინ ისეთი დრო იყო, როცა ყველაზე მეტად მინდოდა, შუქი და გაზი ყოფილიყო და ელემენტარული მაინც გამეკეთებინა ჩემი შვილისთვის. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი, ჩვენს სახლში კი სულ სტუმრიანობა იყო. მე და ნიკო რომ სტუმრად დავდიოდით, ბავშვებიც სულ თან დაგვყავდა.“

მსახიობის მეორე მეუღლე ნინა ჩოდრიშვილი იყო. ნიკოსთან პირველი შეხვედრის დროს, ნინა ქმარს ათი თვის გაცილებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. ნიკოს გაცნობის ისტორიას შემდგომში ინტერვიუში იხსენებდა: 

„ჩვენი გაცნობის ისტორია, რომელიც ძალიან სასაცილო და საინტერესოა, ჩემდაუნებურად შევიდა ფილმში. სცენარისტს, რომელიც რუსია, ნიკო რომ გამეცნო მისთვის, რასაც მეკითხებოდა, ცხადია, პასუხს ვცემდი. ერთ-ერთი კითხვა ისიც იყო, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი და მოვუყევი, როგორ ძალიან არ მინდოდა კაფეში წასვლა, სადაც ჩემი მეგობარი მეპატიჟებოდა. უარი რომ ვუთხარი, სერიოზულად გამიბრაზდა, მე მჭირდება და რომ წამომყვე, ვითომ რა მოხდებაო?! ფეხები ძლივს მიმქონდა, იქ რომ მივედი. „გირჩა“ იყო ეს კაფე. მერე დაწერა კიდეც ნიკომ: „იქ დავუგე ლექსის მახე, ის კი ვეღარ გადამირჩა“… მართლაც მახე დამიგო… ასე მგონია, უფალმა იმ დღეს სარკმელი გამოაღო და ნიკოს შემახვედრა“.