სოფო ჭყონია, საქართველოში Mercedes-Benz Fashion Week-ის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა მოდის ინდუსტრიაში. სოფო წარმატებული ბიზნესმენის, თემურ ჭყონიას შვილია. გოგი გვახარიასთან ინტერვიუში მან გულწრფელად ისაუბრა მამასთან ურთიერთობაზე:
„ბევრჯერ მიფიქრია, რომ თემურ ჭყონიას შვილი რომ არ ვიყო, შეიძლება უფრო მეტისთვისაც მიმეღწია. მამის კომპლექსი არასდროს მქონია, თუმცა საქართველოში, რასაც უნდა ვაკეთებდე, ყველაფერს ყოველთვის მამას მიაწერენ. ადრე ეს მაწუხებდა, მაგრამ დღეს ასე აღარ არის. ზუსტად ვიცი, რომ დამოუკიდებელი ვარ და გადაწყვეტილებებსაც ყოველთვის თავად ვიღებ.
თემურ ჭყონია ჩემთვის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი თვითონ შექმნა. კარგად ვიცი მისი ბიოგრაფია - ის არასდროს არაფერს მალავს და მახსოვს, რამხელა ენერგიას დებდა წარმატების მისაღწევად. 90-იან წლებში მას არაფერი საბჭოთა არ მოსწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ნამყოფი არ იყო და ინგლისური დღემდე არ იცის, ამერიკული ცხოვრების სტილი იზიდავდა. იმ პერიოდში „კოკა-კოლას“ შემოყვანა ქვეყანაში მართლაც გასაოცარი ნაბიჯი იყო. თემური ამ საქმით ცხოვრობს, მთელ ენერგიასა და რესურსს მასში დებს.
მასთან ნებისმიერ თემაზე ღიად შემიძლია საუბარი. ვიცი, რომ მისგან არასდროს დამხვდება ბანალური, მკაცრი თუ დიდაქტიკური „ქართველი მამის“ ტექსტი. ამიტომ მეუცნაურება, როცა მეკითხებიან: „მამაშენმა რომ გაიგოს, რას იტყვის?“. ახლა, ამ ასაკში, რაღა უნდა მითხრას, მაგრამ ადრეც ასე იყო. ზოგჯერ ისეთ თემებზე ხუმრობს, რომ მე თავად ვუხერხულობ. აღსანიშნავია, რომ მამა ჩემს არცერთ ღონისძიებაზე არ არის ნამყოფი - მოდა არ აინტერესებდა და თან ჩვენებებზე დასწრებას ყოველთვის ერიდებოდა“, - ამბობს სოფო ჭყონია.
სოფო ჭყონია
ბიზნესი16 წლის იყო, როცა სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. სწორედ იქ ჩაუვარდა ხელში ჟურნალი „ვოგი”. სტატიებმა თუ ფოტოებმა ცნობილი დიზაინერებისა და მოდელების შესახებ მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სერიოზულად გადაწყვიტა სამოდელო ბიზნესით დაინტერესება:

„ვყიდულობდი კოლოსალური რაოდენობით „ვოგს” და ვაგროვებდი. საქართველოში რომ დავბრუნდი, 200-მდე ჟურნალი ჩამოვიტანე. სულ მაინტერესებდა, შესაძლებელი იყო თუ არა ჩვეულებრივი ადამიანისათვის იმ სამყაროში მოხვედრა. იქაურობა ისეთი სრულყოფილი იყო, დიზაინერების ინტერვიუებს რომ ვკითხულობდი, გაოცებული ვიყავი მათი მრავალფეროვანი და ლამაზი ცხოვრებით და ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რომ იქ მოვხვედრილიყავი”, – ამბობდა სოფო.