ქართული ფოლკლორის გამორჩეული შემსრულებელი, გიორგი უშიკიშვილი და მსახიობი ნანუკა კუპატაძე ცოტა ხნის წინ მეორე შვილის მშობლები გახდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათე უკვე რამდენიმე თვისაა, მშობლები მის ფოტოებს ამ დრომდე არ აქვეყნებდნენ. მას შემდეგ რაც მათე მოინათლა გიორგიმ მისი ფოტოები სოციალურ ქსელში გააზიარა. ფოტოებმა უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურა.
"მოინათლა ბიჭი და უნდა გაგაცნოთ მათე" - წერს გიორგი უშიკიშვილი და პატარა მათეს ფოტოებს აქვეყნებს.


გიორგი უშიკიშვილის მეუღლე ნანუკა კუპატაძეა. გიორგისათვის ეს მეორე ქორწინებაა, ნანუკასათვის კი - პირველი. წყვილმა ერთმანეთი 2008 წელს გაიცნო, 2012 წელს კი იქორწინა. ნანუკას და გიორგის შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია. მათ ორი ვაჟი, საბა და მათე ჰყავთ.
ნანუკა მსახიობია, მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ცნობილ სერიალში, როგორიცაა "ჩემი ცოლის დაქალები".
ნანუკა გიორგისთან ქორწინებას "თბილისელებთან" ინტერვიუში იხსენებდა.
"ჩვენი ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. სანამ სტუდენტი გავხდებოდი. ჩემი მომავალი მეუღლე 2008 წელს გავიცანი საერთო მეგობრისგან და სამი წლის შემდეგ გვქონდა ქორწილი. მეუღლეზე ბევრი საუბარი საჯაროდ არ მიყვარს (იცინის). ის გახლავთ გიორგი უშიკიშვილი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, რომელიც საოცრად მიდგას გვერდით. დღეს თუ მე რამეს წარმოვადგენ, პროფესიულად თუ როგორც დედა ან მეუღლე, ამაში მისი დამსახურება ძალიან დიდია.
არ ვიღებ გადაწყვეტილებას ისე, თუ მას არ ვკითხე. ორივე ვგიჟდებით თავისუფლებაზე და ძალიან ვენდობით ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ნდობაა. ნდობა უდრის სიყვარულს და თუ ადამიანს არ ენდობი, მე ვფიქრობ, რომ ის არ გიყვარს. ყოფილა შემთხვევა, ორი თვე გაგრძელებულა სარეპეტიციო პროცესი და ამ დროის განმავლობაში, ქუთაისიდან თბილისში რომ მხოლოდ ორი დღით ახერხებ ჩამოსვლას, თუ ხელშეწყობა არ გექნება, ძალიან რთულია. ანალოგიურად თვითონ, გადაღებაზე წასულა ერთი ან ორი კვირით და თუ ამაში წყვილმა ხელი არ შეუწყო ერთმანეთს, ისე არაფერი გამოვა.

ერთხელ გიორგიმ მითხრა, მე ცოლი არ მომიყვანია იმისთვის, რომ სახლში დავსვა და სამზარეულოში დავაყენო. იმიტომ მოვიყვანე ცოლი, რომ მიყვარდა, მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო რეალიზებული თავის საქმეში და თავისუფალი ადამიანიო. ამიტომ ვამბობ, რომ ასი პროცენტით გიორგის დამსახურებაა, რომ მე ასე ლაღად ვაკეთებ ჩემს საქმეს. ეს დამოკიდებულება ორმხრივი უნდა იყოს, ის თუ ასე იქცევა, უფლებაც არ მაქვს მას სხვანაირად მოვექცე და ამის არც სურვილი მაქვს," - ამბობს ნანუკა.
"მიმაჩნია, რომ ნამდვილად ღირდა ამ სიყვარულისთვის ბრძოლა. რასაც ვაკეთებდი, გულით და სიყვარულით ვაკეთებდი და ეს თავადაც მსიამოვნებდა. ჩვენს შორის 11 წელია სხვაობა. ჩართული მყავდა ამ სასიყვარულო ბრძოლაში ჩემი და მისი მეგობრები. ხუმრობს ხოლმე, მოკლედ, ჩემს მოსაპოვებლად და „შესაბმელად” ყველა „მოისყიდეო” (იცინის). მართალია, მის „მოსასყიდად” ფული არ გადამიხდია სამეგობროსთვის, მაგრამ ნამდვილად მიღირდა, თუნდაც ასი მილიონის გადახდა. ყველა მეხმარებოდა და მგულშემატკივრობდა. ამიტომ ის სიურპრიზებიც და საჩუქრებიც, უფრო კარგად გამომდიოდა. ყოველთვის ვიცოდი, სად იყო და რას აკეთებდა. ამ ინფორმაციის მოპოვებაში ნანუკას დაც კი მეხმარებოდა." - იხსენებდა გიორგი.