"მადლობა ღმერთს და თქვენ, ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!" - დაწერა სოციალურ ქსელში იზა ომაძემ, მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
IPN-ის ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს - ვრცლად

რა რის ცნობილი ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას შესახებ
ზურაბ ჟვანიასა და მის მეუღლეს, ფსიქოლოგ ნინო ჟვანიას, სამი შვილი: ლიზა, ბუსა და ანჩო შეეძინათ. როგორც ცნობილია, ლიზა და ანჩო სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და განათლების მიღება იქ გააგრძელეს.
როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის 3-წლიანი მსჯავრი 2021 წლის 5 თებერვალს შეეფარდა. ჟვანიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, მისჯილი 3 წლიდან ის საპატიმროში 1,5 წელს გაატარებდა, დარჩენილ 1,5 წელს კი პირობითი მსჯავრით. შემთხვევა 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე მოხდა. ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს დანის რამდენჯერმე დარტყმით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა.
"ალბათ, ზურაც იმავე პოზიციას დაიჭერდა, როგორიც მე. აუცილებლად დაინტერესდებოდა, გამოიკითხავდა. მე ყველაფერი ვიცი და ამაზე ნასაუბრები გვაქვს მე და ბუსას. მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა. ციხეში ყოფნა მოუწია, მაგრამ ძალიან პროდუქტიულად გამოიყენა განვითარებისთვის. კვირაში ერთხელ მიმქონდა ერთი 10 წიგნი - დაწყებული დოსტოევსკით და უელბეკით დამთავრებული - ყველაფერი წაიკითხა. ამას გარდა, ემზადებოდა მათემატიკის გამოცდისთვის. საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ-2%-ში შევიდა და ძალიან კარგ უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია. ახლა სწავლობს, თან მუშაობს "ამაზონში". რაც შეემთხვა, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში" - ამბობდა ნინო ჟვანია "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში 2023 წელს.
