"უცნობი ფოტო, უცნობი გოგონა" - მსახიობ ლეილა ყიფიანის აქამდე უცნობი ფოტოები - Marao

"უცნობი ფოტო, უცნობი გოგონა" - მსახიობ ლეილა ყიფიანის აქამდე უცნობი ფოტოები

2026-02-19 10:41:50+04:00

სოციალურ ქსელში გვერდმა  "fragmentebi.archive" გამოაქვეყნა უცნობი გოგონას ფოტოები. შავ-თეთრ ფოტოებს  სათაურით: „უცნობი ფოტო, უცნობი ავტორი და უცნობი გოგონა“ - საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გოგონას გარეგნობამ მალევე მიიპყრო ათასობით ადამიანის ყურადღება. გამომწერები აქტიურად მსჯელობდნენ, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გოგონა. 

leila-kipiani

leila-kipiani

leila-kipiani

როგორც მოგვიანებით გვერდის ადმინისტრაციას გოგონას ახლობელმა აცნობა, ფოტოებზე აღბეჭდილი „უცნობი“, სინამდვილეში, ქართული კინოს ლეგენდა, უმშვენიერესი ლეილა ყიფიანია.

ვინ იყო ლეილა ყიფიანი

ლეილა ყიფიანი 1947 წლის 16 ივლისს ლანჩხუთში დაიბადა. მამა, გიორგი ყიფიანი, ცნობილი ქირურგი გახლდათ, დედა, ნინო ჯავახიშვილი - დიასახლისი. 9 წლის ასაკში მშობლებმა ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, სადაც 5 წელი სწავლობდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ნელ-ნელა მიხვდა, რომ მისგან დიდი ბალერინა არ გამოვიდოდა. ცეკვასთან განშორება მტკივნეულად რომ არ გადაეტანა, მშობლებმა ფიგურულ სრიალზე მიიყვანეს.

ერთ დღეს ქუჩაში მეზობელი შეხვდა, რომელიც კინოსტუდიაში ხმის ოპერატორად მუშაობდა და უთხრა: „კინოსტუდიაში ხატიას როლზე გოგონებს არჩევენ, შენც მოდი სინჯებზე, მგონი ამ როლს ნამდვილად შენ მოუხდებიო“. მეორე დღეს მართლაც მივიდა. კინოსტუდიაში თითქმის ნახევარი თბილისის გოგონები დახვდნენ. გრიმის კეთების დროს მას კიკინები და სპეციალური გრიმი გაუკეთეს, ფოტოები გადაუღეს და პასუხისთვის ორი კვირის შემდეგ დაიბარეს. სინჯებზე სოსოიას როლის შემსრულებელ გელა ჭიჭინაძესთან ერთად მოხვდა. 

ფილმის გადაღებები 1963 წელს დაიწყო. მანამდე კი ლანა ღოღობერიძემ ლეილა უსინათლოთა სკოლაში გააგზავნა, რომ მათი ქცევები შეესწავლა. ფილმმა „მე ვხედავ მზეს“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი ნახვის შემდეგ ნოდარ დუმბაძემ ხატიას ხელი მოჰკიდა, მეუღლესთან მიიყვანა და უთხრა: „აი ეს არის ჩემი ხატიაო“.

leila-kipiani

ცნობილი რეჟისორები ურჩევდნენ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაებარებინა. მსახიობობაზე თავადაც ოცნებობდა, მაგრამ  სურდა ექიმი გამხდარიყო. პროფესიის არჩევაში მშობლებიც ჩაერივნენ და უთხრეს: „თუ ფილმებში მიგიწვევენ, შეგიძლია იქაც იმუშაო, მაგრამ მეორე პროფესია აუცილებლად უნდა გქონდესო“. მშობლების რჩევა გაითვალისწინა და უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ფილმებში სტუდენტობის დროსაც იღებდნენ. თაყვანისმცემლები ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანატში აგზავნიდნენ წერილებს. ხატიას როლს მოკლემეტრაჟიან სატელევიზიო ფილმ „ფანჯარაში“ მოწვევა მოჰყვა, შემდეგ „ლონდრეში“ გადაიღეს. 

„ლონდრეს“ გადაღებები უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს დაემთხვა. შემდეგ იყო „ღიმილის ბიჭები“, რომლის გადაღებაზეც ერთ-ერთი ღიმილის ბიჭი, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი გაიცნო. ნუგზარ ბაგრატიონს გადასაღებ მოედანზე დაუმეგობრდა და მათი რომანი გადაღებების დასასრულს დაიწყო. სამი წლის შემდეგ იქორწინეს კიდეც. ნუგზარ ბაგრატიონი ყველასათვის საყვარელი ქართველი პოეტის, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟი იყო.

leila-kipiani

ლეილა ყიფიანი და ნუგზარ ბაგრატიონი

“მე და ნუგზარს საერთო მეგობრები გვყავდა. ერთმანეთის ოჯახებში დავდიოდით. პეტრე გრუზინსკის ოჯახი საოცრად სტუმართმოყვარე იყო. ბატონი პეტრე არაჩვეულებრივი, თბილი ადამიანი იყო, ძალიან ვუყვარდი. ახალ ოჯახთან შეგუება არ გამჭირვებია. თავი უცხოდ არასოდეს მიგრძვნია, არც შეჩვევის მომენტი მქონია. ნუგზართან ერთადერთხელ ვიმუშავე და ეს იყო სპექტაკლი “იკაროსის ფრთები”. მუშაობის პროცესში ის რთულია, მსახიობების მიმართ მომთხოვნია, ჩემგან კი ყველაზე მეტს ითხოვდა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ტანდემი შედგა, რადგან როლი გამოვიდა და ნუგზარი კმაყოფილი დარჩა" - იხსენებდა ლეილა ყიფიანი. 

leila-kipiani

დღეს წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანა და მაია ბაგრატიონები. ცოტა ხნის წინ ნუგზარ ბაგრატიონი გარდაიცვალა.

"ნუგზარი არ აღუზრდიათ ჩაგონებით, შენ ტახტის მემკვიდრე ხარო. არც ჩვენ აღვზარდეთ ასე ჩვენი შვილები. მაშინ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ. დარწმუნებული ვარ, შინაგანად არც ჩემი შვილები შეიცვლებიან და მით უფრო - არ შევიცვლებით მე და ნუგზარი. ნუგზარს არ უყვარს ზედმეტად ყურადღების მიპყრობა, თავის გამოჩენა, ბატონი პეტრეც ასეთი იყო - ეგეთები ვართ და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ", - ამბობდა ლეილა ყიფიანი. 

როგორც ლეილა ყიფიანი ინტერვიუში ამბობს, შვილების დაბადების შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. იგი პროფესიით ბიოლოგია, აქტიურად ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას.

"ყველა ჩემი როლი მიყვარს, გული არაფერზე მწყდება. ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის გმირები არ მითამაშია. კინოსაც ისე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს. ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა. თუმცა ხანდახან, როცა დავფიქრდები ხოლმე, გული მწყდება. მგონია, რომ კინოს არ უნდა ჩამოვშორებოდი, თუმცა ახლა ამაზე საუბარი უკვე გვიანია. მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან ბედმა ბევრი საინტერესო გმირის თამაში მარგუნა," - ამბობდა ლეილა ყიფიანი

kipiani-leila