"იმავენაირად მეგლიჯება გული და ამას ვერანაირი წლები თუ გამოძიება ვერ გაანელებს!
იშვიათი ადამიანობის და გამძლეობის გოგო ხარ, იზა. მე კი ვიცი, როგორ გაზარდე შენი შვილები და რამხელა სიყვარული ჩაუნერგე ადამიანების მიმართ!
მიყვარს ყველაზე კეთილი ნიკო", - წერს ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში და მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს მიმართავს.

ნიკო კვარაცხელიას საქმე
2021 წლის 15 სექტემბერს ნიკო კვარაცხელია რამდენიმე გასროლით მოკლეს.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდების დადგენილება სამი პირის - გურამ კაკულიას, დავით კაკულიასა და ბესარიონ ჟვანიას მიმართ გამოიტანა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქ.მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
"მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!" - წერს ნიკოს ნიკოს დედა.

ვინ იყო ნიკო კვარაცხელია
ნიკო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა და დააარსა პლატფორმა "Feedc"-ი. პლატფორმა 2019 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა შექმნა. როგორც ის სხვადასხვა ინტერვიუში ჰყვება, პლატფორმის მიზანი სოციალური ქსელების „უსამართლო“ მიდგომის შეცვლა იყო. მისი მიზანი იყო ყველა ადამიანს მისცემოდა ინფორმაციის გავრცელების თანაბარი შესაძლებლობა - იქნებოდა ეს მომხმარებელი, რომელსაც ბევრი მეგობარი თუ გამომწერი ჰყავს თუ ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელებში ნაკლებად პოპულარულია.

აპლიკაცია, რომელიც საქართველოში შეიქმნა, მსოფლიო ბაზარზე 2019 წლის 30 მარტს გამოჩნდა. მის შექმნას ნიკოლოზ კვარაცხელიამ ორი წელი მოანდომა. პროდუქტის პირველი ვერსია საფრანგეთში, იმ ბიზნეს-სკოლაში შეიქმნა, სადაც თავად სწავლობდა. ამის შემდეგ კი დააფუძნა კომპანია და შექმნა გუნდი.
Feedc თანამშრომლობს ისეთ გიგანტ კომპანიებთან, როგორიცაა Amazon, Google. პლატფორმა აერთიანებს 250 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს მსოფლიოდან.
ნიკოლოზ კვარაცხელია Forbes-ის 30 Under 30-ის გამარჯვებულიც იყო.