105 წლის წინ, 1921 წელს საქართველოს ეროვნული გმირი, მარო მაყაშვილი საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა. ის საკუთარი გადაწყვეტილებით ჩაეწერა „წითელ ჯვარში“ მოწყალების დად, 19 წლის ასაკში მოხალისედ წავიდა ფრონტზე და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით მარო სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.
დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე).
მაროს ბრძოლის ველზე სიკვდილის წინაც არ ემჩნეოდა შიში. მიხეილ დადიანის მონათხრობით, მარო შტაბის აივანზე სრულიად მშვიდად იდგა და უსმენდა ყუმბარების აფეთქებას. ის არ ტოვებდა თანაგუნდელებს, ვიდრე წასვლა არ დაავალეს. მარო მშვიდად და ღირსეულად წავიდა უკანასკნელ გზაზე.
თითქმის მთელი თებერვლის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა ქართულ ჯარსა და რუსეთის წითელ არმიას შორის, საბოლოოდ კი დასამარდა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე. ოკუპაციას შეწირული 19 წლის მარო მაყაშვილი და მისი დღიური კი დარჩა თავისუფლებისა და სამშობლოს მიმართ თავდადების სიმბოლოდ, რომელიც თაობებს შთააგონებს.
„გავიმარჯვებთ სახელოვნად“ - ეს სიტყვები, რომელიც მარომ თავის დღიურში ჩაწერა, დღესაც აქტუალურია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
„1919 წ... მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა… გუშინ, არ ვიცი, რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის ერთი საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის? მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი...
საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო“, - ეს ამონარიდია მაყაშვილის დღიურიდან...
მარო მაყაშვილი თავად-აზნაურთა ოჯახიდან იყო, მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პროექტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. დედა, თამარ გაბაშვილი კი - ეკატერინე გაბაშვილის ქალიშვილი.
მარომ დაამთავრა ქალთა ქართული თბილისის გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. ის ქართულ პრესაში მალევე იქცა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველ მსხვერპლად. მაროს დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართულმა საზოგადოებამ - მას პრესაში ქართველი ჟანა დარკი უწოდეს.
საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო. ამის მიუხედავად, მარო მაყაშვილის გმირობით შთაგონებულია ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის „დაისის“ მთავარ გმირს მისი სახელი - მარო დაარქვა და სიმბოლურად ასე უკვდავყო ის ხელოვნებაში.
მარო მაყაშვილი იყო პირველი ქალი, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვეს 2015 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა ეროვნული გმირის წოდება, რაც მას პირველი ქალად აქცევს, რომელმაც ეს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიიღო.
ეროვნული გმირის პატივსაცემად გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა მისი დღიურის ლიმიტირებული გამოშვება. ამასთან, დღიური გამომცემლობის მუდმივ ტირაჟშიცაა. ორივე ტირაჟი „ბიბლუსის“ მაღაზიებშია ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღიური გაგაცნობთ 19 წლის მაროს, როგორც ეროვნულ გმირსა და პირველი კურსის სტუდენტს ოცნებებით, რომელიც პატრიოტიზმით, სიმართლისა და ღირსების დაცვის სურვილით იყო აღსავსე.
R