„თავიდანვე მოუსვენარი ვიყავი ბუნებით და ჩემ გარშემოც მხოლოდ ასეთი მწამდა კაცი! ეს დაუდეგრობა შემდეგ ცეკვაში თუ გადადუღდებოდა, იქნებ, სხვებს კი არა, მეც არ მეფიქრა, მაგრამ, ცეკვაში არის რაღაც ძლიერიც, ლამაზიც, მეტყველიც და მცინარიც. ყოველივე, რაც მიყვარდა ბავშვობაში, იგივე მიყვარს ახლა და, ვისურვებდი, ჩვენს ახალგაზრდებს, ყოველდღე რომ ვხვდები თბილისის ქუჩებში, ჩვენს თეატრსა და სტუდიაში თუ მაყურებელთა დარბაზში – არ ეღალატოთ იმ რწმენისთვის, რაც თავიდანვე ასულდგმულებდათ. იყვნენ ისეთივე მოძრავები, როგორც ბავშვობაში, რადგან, სწორედ ეს მოძრაობაა სიცოცხლის ხალისისა და რიტმის შემოქმედი“...

ჭაბუკიანის უნაკლო, დახვეწილ აღნაგობას ადარებდნენ ანტიკური ხანის ჩამოსხმულ ქანდაკებას, ტემპერამენტს – ვულკანის ამოფრქვევას, ხოლო პლასტიკას – მღელვარე ოკეანის ტალღებს, გოლიათის ძალას, გრიგალისებურ ცეკვაში დაღლა რომ არ ეტყობოდა.
ჭაბუკიანი სვანური გვარია. საქართველოს ულამაზესი მთიანი მხარე – სვანეთი – ვახტანგ ჭაბუკიანის წინაპარმა დატოვა, ქართლში გადმოვიდა და დიღომში დასახლდა. ვახტანგ ჭაბუკიანის მამა, მიხეილი, სადურგლო ხელოსნობის ოსტატი ყოფილა. დიდი მთავრის, მიხეილ რომანოვისთვის ლიკანის საზაფხულო სახლის მშენებლობაზე მიუწვევიათ სადურგლო სამუშაოების შესასრულებლად. ამ პერიოდში მიხეილმა გაიცნო ბორჯომში სამკურნალოდ ჩასული მშვენიერი ახალგაზრდა პოლონელი ქალი ელენე კრისტიანის ასული ვაიცეროვსკაია-პლიახი და მასზე დაქორწინდა. ქართული გიმნაზიის მშენებლობისას სადურგლო სამუშაოებს ატარებდა უკვე სახელგანთქმული ხურო – მიხეილი. გიმნაზიის მშენებლობისას იქვე, ფიქრის გორაზე (ფასანაურის ქუჩაზე) მიხეილ ჭაბუკიანმა ბანკიდან გამოტანილი თანხით სახლი აიშენა.

მიხეილსა და ელენეს შეეძინათ შვილები: ეკატერინე, კონსტანტინე, მარიამი, ელენე, თამარი და ნაბოლარა – ვახტანგი. ვახტანგ ჭაბუკიანის ნათლიები იყვნენ მეზღვაურ-ოფიცერი იოსებ ნადირაძე და ტატიანა შაპტოვსკაია. ოჯახი შრომისმოყვარე, გამრჯე, სტუმართმოყვარე, ხელგაშლილი იყო. მიხეილს ძალიან უყვარდა ძმაკაცები და მათთან პურობა. პატარა ვახტანგი საოცრად ცელქი ყოფილა. მან ბავშვობა ფიქრის გორაზე გაატარა, დარბოდა ვარაზის ხევში, ჭყუმპალაობდა მდინარე ვერეში, უბნის ბიჭებთან ერთად თამაშობდა ლახტს, სალაობას, ომობანას ხის თოფებითა და ხმლებით. როდესაც ამ პატარა ტანის გამხდარ ბიჭს რაზმის უფროსობა დაავალეს, მან ისეთი გამჭრიახობა გამოიჩინა, რომ მისმა გუნდმა გაიმარჯვა. დამსახურებისამებრ, გულზე ჯილდო – თუნუქის ჯვარი დაჰკიდეს. ამ ამბავს თვითონ ჭაბუკიანი სიცილით იხსენებდა – ერთი კვირა ყოჩივით დავდიოდი ბიჭებშიო.
წაიკითხეთ სრულად