ვისაც პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე სცენაზე უნახავს, ალბათ ერთხელ მაინც გაუვლია გულში, რომ გედის სიმღერას ასრულებს. თავადაც გამოგვიტყდა ამაში, ისე ვცეკვავ, თითქოს უკანასკნელი იყოსო. ამიტომაც არის, რომ მისი ყოველი მოძრაობა უზარმაზარი ემოციით არის სავსე და მთელ სპექტაკლს მოჯადოებული, სუნთქვაშეკრული უყურებ.

მისი 30 წლიანი საბალეტო კარიერა დიდ შრომასა და ნებისყოფაზე დგას – რეპერტუარში 50 სპექტაკლია. მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი გოგონა ნაბიჯ-ნაბიჯ, დამოუკიდებლად იკვალავდა გზას დიდი სცენებისკენ. დღეს ის მსოფლიოში აღიარებული ბალერინაა, ცხოვრობს საფრანგეთში, ცეკვავს და სტუდენტებს თავის გამოცდილებას უზიარებს.
ირმა ნიორაძის მეუღლე ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე გახლავთ. ჰყავთ ერთი შვილი, ილია.

– ქალბატონო ირმა, რა ხდება მსოფლიოში აღიარებულ პრიმა ბალერინას პროფესიულ ცხოვრებაში დღეს?
– ჩემთვის ძალიან საინტერესო ეტაპი დადგა. მინდა, ჩემი 30 წლიანი გამოცდილება მომავალ თაობას გადავცე. მე-7 წელია საფრანგეთში ვარ, მონაკოსა და კანში ვმოღვაწეობ, ასევე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და, რა თქმა უნდა, ვცეკვავ.
– გადავავლოთ თვალი თქვენს ცხოვრებას. დღეს როგორ გახსენდებათ 30 წლის წინანდელი პერიოდი?
– უპირველეს ყოვლისა, მე არავინ დამხმარებია. მე მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე – ჩემი უფროსი დების გარემოცვაში, მუსიკალურ ოჯახში, სადაც სწავლა ყოველთვის პრიორიტეტი იყო, ხელოვნებას და მუსიკას დიდი ადგილი ეკავა.
უფროსი და ბალერინა იყო და მეც მის კვალზე წავედი. კონკურსისთვის რომ ვემზადებოდი, კომუნისტური სისტემა იყო და იმისათვის, რომ ამერიკაში წასვლის უფლება მოგეპოვებინა, აუცილებლად უნდა ჩასულიყავი მოსკოვში. ეს იყო რთული პროცესი. წავედი უიმედოდ. პოსტსაბჭოთა სივრციდან 18 წყვილი იყო ჩამოსული, მაგრამ მე ამირჩიეს. ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, ასევე სტაჟირება გავიარე პეტერბურგის ვაგანოვას აკადემიაში.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს პედაგოგებს: ნატალია ზოლოტოვას, ნინა დიდებულიძეს, სერაფიმე ვეკუას, გოგი ალექსიძეს, ვერა წიგნაძეს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ვახტანგ ჭაბუკიანს, რადგან ისეთი სასკოლო ბაზა მომცა, კონკურსზე მომენიჭა ლაურეატის წოდება და შემდეგ უკვე ამერიკიდან მივიღე შემოთავაზება.
– თქვენი პირველი წარმატება და კარიერული აღმავლობა სწორედ ამ დროს დაიწყო?
– დიახ, როდესაც მარინის თეატრის რეპერტუარი მთლიანად ავითვისე. იმ სცენაზე ფეხის შედგმაც კი ძალიან რთული იყო, სადაც ცეკვავდნენ მატილდა ქსიშინსკაია, ანა პავლოვა და ბევრი გამოჩენილი მოცეკვავე, იმიტომ, რომ სხვა სკოლის წარმომადგენლებს არ იღებდნენ, თუმცა ვახტანგ ჭაბუკიანის სპექტაკლები დღემდე ამშვენებს მსოფლიო თეატრებს და მე ძალიან ბევრჯერ შემისრულებია მისი სპექტაკლები მარინის თეატრის სცენაზე. მსოფლიო აღიარება მოვიდა ძალიან დიდი შრომით – 50 სპექტაკლი მაქვს რეპერტუარში.