_ მე რა ვიცი, ვერაფერი გავიგე, _ გააგრძელა ქალმა, _ სიცილით მეუბნებოდა, შენ სანერვიულო არაფერი გაქვს, მაგ ვახოიას კუთხეში მივიმწყვდევო. ვთხოვე, ამიხსენი, რას გულისხმობ-მეთქი. ახლა მაგის დრო არ მაქვს, რომ ჩამოვალ, მერე მოგიყვებიო. მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ვიპოვე კაცი, რომელიც არასდროს არ არსებობდა და დავაკავშირე ქალთან, რომელიც ასევე არასდროს არსებობდა და ვერც იარსებებსო. ეს ისეთი კომბინაციაა, ასი წელი ვერავინ ვერ ამოხსნისო. აბა, რა უნდა გამეგო ამ აბდაუბდიდან?
_ კიდევ რა თქვა?
_ მეტი არაფერი.
_ იმ ღამეს რატომ არ მომიყევი ამის შესახებ?
_ რა ვიცი, არც მიფიქრია, თუ ამას რამე მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ რაღაც მოხდა. ამიტომაც ვერ ჩააღწია ქუთაისამდე.
_ ნიკო, ჩადი შენ, მანქანაში დამელოდე, _ ჩემს მეწყვილეს მივუბრუნდი.
_ კი ბატონო, წავალ, _ თავი დამიქნია ნიკომ და სწრაფად გავიდა.
_ ახლა კი მინდა აგიხსნა, იმ ღამეს ნიკომ რატომ დაგიპირა ტანსაცმლის გახდა. ის ჩემს დავალებას ასრულებდა. მას უნდა გაეგო, მართლა აველინა ნემსაძე იყავი თუ არა. ამისთვის მას ნაწილობრივ უნდა გაეშიშვლებინე და შენს თეძოზე ის ხალი ენახა, რომელიც იმ პორტრეტზე ჩანს.
_ აი, თურმე, რატომ დამიპირა შარვლის ჩახდა! _ მოულოდნელად აველინას ისტერიკული სიცილი აუვარდა.
დაველოდე, სანამ სიცილს შეწყვეტდა. მერე ისევ დასერიოზულდა და სევდიანი ხმით მკითხა:
_ ჰამლეტის ამბავი როგორ იქნება, ედი?
_ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვეძლება, _ შევეცადე, თავდაჯერებული ტონი მქონოდა, _ თუ მართლა რამე დაემართა, ამას გავარკვევთ.
_ ხო, აი, კიდევ რა, _ უცებ სახე მოექუფრა, _ წეღან მის კაბინეტს ვალაგებდი და აღმოვაჩინე, რომ მისი სანადირო თოფი სადღაც გაქრა!
***
ნიკო განყოფილებასთან ჩამოვსვი და სააგენტოსკენ ავიღე გეზი. შენობას უზარმაზარი მოციმციმე ფირნიში ამშვენებდა: “ლევანი, ლადო და დონ კიხოტი”.
მისაღებში შესულმა თავი უცნაურ ინტერიერში ამოვყავი. იქაურობა ავანგარდიტების სტუდიას ჰგავდა ფუტურისტული ნახატებით, რომლებსაც პოტენციური კლიენტები უნდა მიეზიდა. მდივანი გოგო ფეხზე წამოხტა და შემეგება. მე ელიზა ვიკითხე.
_ დერეფანს გაუყევით, მარცხენა მხარეს მეექვსე კარი მისი კაბინეტია, _ ამიხსნა გაწრიპულმა გოგომ.
მადლობა გადავუხადე და დერეფანს გავუყევი. როგორც იქნა, მეექვსე კაბინეტსაც მივადექი.
ოთახში შევედი თუ არა, ცოტათი გამიკვირდა, ზამბახიძე მკაცრ კოსტიუმში გამოწყობილი რომ დავინახე. იგი უზარმაზარ მაგიდას მისჯდომოდა. მისგან მარჯვნივ, სავარძელში ლადო იჯდა, ჯონი სივსივაძე კი ჩემგან ზურგშექცევით იდგა და ფანჯარაში იყურებოდა.
_ შემოდი, ედი, _ მოღუშული სახით მიმიპატიჟა ელიზამ, _ კეთილი იყოს შენი მობრძანება მორგში.
_ ვერ ვხვდები, რისთვის წამოიწყე ეს ყველაფერი, ელიზა, _ ლადომ გაბრაზებულმა გამომხედა, _ უკვე მეორედ ვხვდები ამ ტიპს და ახლა უფრო დიდი იდიოტი მგონია, ვიდრე პირველი შეხვედრისას.
_ კაცი შეიძლება გაგიჟდეს, _ თქვა ჯონიმ ისე, რომ არ შემოტრიალებულა, _ როცა გუშინ საღამოს ლიზისთან მოსული ვნახე, მისი იდუმალი თაყვანისმცემელი მეგონა, თურმე ძაღლი არ ყოფილა?!
_ ყურადღება არ მიაქციო, ედი, _ ელიზამ უნიათოდ გამიღიმა, _ საქმე ისაა, რომ ახლა ჭკუაზე არ არის, გაგიჟებულია.
_ მარტო ახლა? მან გუშინაც გიჟის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, _ სამაგიერო გადავუხადე სივსივაძეს.
ჯონი მკვეთრად შემობრუნდა, თვალები რისხვით ანთებოდა.
_ და ვინ არ გაგიჟდება ასეთ სიტუაციაში, იქნებ ამიხსნათ?! ეს რა მოვისმინე ამ დილით, თმა ყალყზე დამიდგა! ვიღაც შეშლილ მხატვარს კლავენ და მის სხეულზე ოთხ სურათს ტოვებენ! ოთხი შიშველი ქალი ახლო ხედით! ერთზე ლიზაა გამოსახული, მეორეზე _ ჰამლეტის ცოლი, მესამეზე _ ლადოს “ბარიშნა”! _ ერთი ამოსუნთქვით წამოიყვირა ჯონიმ, _ სულ რომ ყურმოკვრით მივიდეს ეს ამბავი ვახო ხინთიბიძემდე, იმწამსვე გაგვყრის ყველას აქედან და ცხოვრებაში ვერ ვიმუშავებთ სარეკლამო ბიზნესში! სამუდამოდ დაგვასამარებს ყველას!
_ მგონი, უკვე მეათედ იმეორებ ამას! _ შენიშნა ელიზამ.
_ შენ გათავისუფლებული ხარ, რომ იცოდე! _ მიახალა სივსივაძემ.
_ ეგეც მეათედ მესმის, _ ამოიკვნესა ქალმა, _ ჯონი, იქნებ უფრო კონსტრუქციულ წინადადებაზე გვეფიქრა?
_ ნუღარ ადანაშაულებ ამ ქალებს, ბიჭო, რა გემართება? საიდან უნდა სცოდნოდათ, ის ვიგინდარა გოთუა მათ დაშანტაჟებას თუ დააპირებდა? მითუმეტეს, ვინმე თუ მოკლავდა და სხეულზე ამათ პორტრეტებს დაალაგებდა!
_ მადლობელი ვარ, ლადო, ამ საქმეში შენი ნათელი პოზიციისთვის, _ დამცინავად წარმოთქვა ჯონიმ, _ შენ არ უბრაზდები საკუთარ ცოლს იმის გამო, რომ ის შიშველი პოზირებდა “ვიგინდარა გოთუასთან”, _ ბოლო სიტყვები მთელი სარკაზმით წარმოთქვა, _ ეგ კი არა, მაგ კაცის საყვარელი რომ იყო შენი მეორე ნახევარი, ის არ გადარდებს. მარტო ის გაღიზიანებს, რომ პოლიციელებმა დაათვალიერეს შენი ტიტლიკანა ნატას სურათი!
ლადო სიბრაზისგან წამოჭარხლდა.
_ ჯონი, ცოტა წესიერად ილაპარაკე! ამის მოსმენა არავისგან არ მინდა, არათუ შენგან!
_ კიდევ ბევრი რამის მოსმენა მოგიწევს ჩემგან, ლადო! ლევანის შემცვლელი ახლა მე ვარ, ამიტომ პასუხსაც მე ვაგებ, რამე ცუდად რომ წარიმართოს!
_ კარგი, გეყოფათ, _ მათი დაშოშმინება სცადა ელიზამ, _ სკანდალი ახლა არცერთ ჩვენგანს არ აწყობს. რემ უნდა მოვიფიქროთ, რომ ამ ჩახლართული საქმიდან მშვიდად გამოვძვრეთ.
_ იქნებ გვეშველოს, თუ ჩვენი სასიქადულო კაპიტანი მკვლელს დროზე დააკავებს? _ ჯონიმ თავისი რისხვა ჩემზე გადმოიტანა, _ რა ვქნათ, ფული ხომ არ გადავუხადოთ, ცოტა რომ გააქტიურდეს? ბოლოს და ბოლოს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია.
_ ნაცნობი სიმღერაა, _ ჩავიცინე, _ თუ ჭკვიანად არ იქნები, მოქალაქე სივსივაძე, ორგანოს მუშაკის შეურაცხყოფისთვის კამერაში ამოგაყოფინებ თავს!
_ კარგი, კარგი. ბოდიშს ვიხდი უხეშობისთვის, _ დანებების ნიშნად ჯონიმ ორივე ხელი ასწია, _ ვხედავ, რომ გადავამლაშე. მითხარით, როგორ მიდის თქვენი გამოძიება?
მის ტონზე გავამახვილე ყურადღება. ზუსტად ისეთი იყო ამწუთას, როგორიც გუშინ საღამოს იქ, ელიზას ბინაში, ცინიკოსი და ამპარტავანი. დანახვისთანავე რაღაც არ მომეწონა მასში, რაღაცამ შემაშფოთა. ახლა ეს შეშფოთება უფრო გამიძლიერდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რატომ.
_ რომელიმე მათგანს მყარი ალიბი რომ ჰქონოდა, კიდევ შეიძლებოდა დასკვნების გამოტანა, მაგრამ არცერთს არ გაქვთ. ნებისმიერი თქვენგანი, როგორც ამბობთ, მარტო იყავით.
_ მე მესმის თქვენი თვალსაზრისი, კაპიტანო, _ ირონიულად ჩაიღიმა ჯონიმ, _ მაგრამ გამოძიება მთლიანად ალიბის არ უნდა დაეყრდნოს, ხომ მართალი ვარ?
_ რა თქმა უნდა. ალიბის გარდა არსებობს მოტივიც, _ დავეთანხმე, _ მაგრამ უბედურება ისაა, რომ როცა შანტაჟისტს კლავენ, მოტივიც სახეზეა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავს მსხვერპლად მოიაზრებს.
_ ეგეც მართალია. თუმცა ჯერ ორი დღეც არ გასულა, რაც გოთუა მოკლეს. კაპიტანი ჯადოქარი ხომ არაა, მკვლელს ორ დღეში მიაგნოს? მასაც უნდა გავუგოთ, _ მლიქვნელობას მიმართა სივსივაძემ, რამაც უფრო გამიმძაფრა ეჭვი მის მიმართ. იქნებ ის მეოთხე იდუმალი ქალი, რომლის ვინაობაც ვერ გავარკვიე, მისი ახლობელია?
_ უფრო მცოდნე გამომძიებელია საჭირო ამ საქმეში! _ ჯიბრიანად წარმოთქვა ლადომ.
_ ფეხებზე მკიდია, შენ რას ფიქრობ, _ მხიარული სახით მივუბრუნდი მას, _ მაგრამ შენი ცოლი რომ მეპოვა, საკმარისად გავისარჯე. თუმცა შემეძლო უფრო ადვილი გზა გამომენახა, გაზეთში გამომექვეყნებინა შენი ცოლის დედიშობილა პორტრეტი, თანაც პირველ გვერდზე და სხვა მაქინაციები აღარ დამჭირდებოდა!
ლადო გადაფითრდა.
_ ოჰ, მაპატიეთ, კაპიტანო, თქვენი შეურაცხყოფა არც მიფიქრია.
_ ედი, არის შანსი, ეს ყველაფერი არ გახმაურდეს, თუკი მკვლელს იპოვით? _ გულხელდაკრეფილი ჯონი წინ დამიდგა.
_ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, აღიარებს თუ არა მკვლელი დანაშაულს, _ მივუგე, _ მაშინ ბევრად მეტი იქნება გაუხმაურებლობის შანსი.
_ ჩვენ შეგვიძლია რამით დაგეხმაროთ? ვფიქრობ, მარტო ერთ ადგილს ტკეპნით, იქნებ გარშემოც მიმოიხედოთ? იქნებ რომელიმე ჩვენგანმა უკეთესი იდეა ჩაგაწოდოთ?
_ შენ მაგარი ხარ! _ დასცინა ელიზამ.
_ შენ და შენნაირ სულელ ძროხებს საკუთარი ძუძუები და ტრაკები რომ არ გამოგეფინათ საჩვენებლად, ამ გამოუვალ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით, _ გესლიანად შენიშნა ჯონმა, _ ძალიან ჭკვიანი ნუ გგონია შენ თავი, ლიზა! ერთადერთი, რისი შემოთავაზებაც შენ შეგიძლია, საკუთარი სხეულია, მჭლე ხორცი!
_ სასიამოვნოა შენგან ამის მოსმენა, ჯონი! _ განაწყენებული ხმით ჩაილაპარაკა ელიზამ, _ ამწუთას საბოლოოდ დამარწმუნე, რომ ნამდვილად ცისფერი ხარ!
სივსივაძე ბოღმისგან ისე გაიბერა, ხელები მომუშტა და საკუთარ თეძოებს დაუშინა.
_ ერთი კითხვა მაქვს, _ მივმართე სამივეს, _ ვინმემ თუ იცით, რისთვის გაემგზავრა ჰამლეტ ნემსაძე ქუთაისში?
_ ისიც კი არ ვიცოდი, იქ თუ იყო წასული, _ თქვა ლადომ.
_ მე ვიცი, _ მიპასუხა ჯონიმ, _ ხინთიბიძემ მორიგი შემოწმების ჩასატარებლად გაუშვა. მასალების საწყობები უნდა დაევლო, როგორ მიდიოდა გაყიდვის საქმეები, ამის ინსპექცია უნდა ჩაეტარებინა.
_ უცნაური ისაა, რომ მაინცდამაინც იმ საღამოს მოუწია გაფრენამ, როცა გოთუა მოკლეს. საინტერესო დამთხვევაა, _ ვთქვი და ელიზას შევხედე, _ გინდა გავიდეთ სადმე, ერთად ვისადილოთ?
_ მადლობა, ედი. ნამდვილად არ გეტყოდი უარს, მაგრამ ახლა რომ აქაურობა მივტოვო, ღალატის ტოლფასი იქნება ჩემი მხრიდან.
_ როგორც გენებოს. კარგად ბრძანდებოდეთ. კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, გული მიგრძნობს.
_ იქონიებთ ჩვენთან კავშირს, კაპიტანო? _ შემეკითხა ჯონი, _ სანამ თქვენ შეგვეხმიანებით, ჩვენ აქ ვისხდებით და ნელ-ნელა დავჭამთ ერთმანეთს.
_ თუ რამე გაირკვევა, გაცნობებთ, _ დავპირდი.
_ მადლობა, მეგობარო! _ თითქმის გულწრფელად გამოუვიდა ნათქვამი.
თავი დავუქნიე სამივეს და საჩქაროდ დავტოვე კაბინეტი.
_ კმაყოფილი დარჩით შეხვედრით? _ მდივანი ჩემს დანახვაზე ისევ ფეხზე წამოიჭრა.
_ ოხ, ისეთი გრანდიოზული შეხვედრა იყო, ნუ იტყვით! _ მთელი გრძნობით წამოვიძახე, _ ვერასდროს დავიჯერებდი, ერთ ოთახში ამდენი შიშველი გოგოს თავმოყრა თუ იქნებოდა შესაძლებელი, საკუთარი თვალი რომ არ მენახა.
მდივანს წამით თვალები გაუფართოვდა, მერე კი ფართოდ გაიღიმა:
_ ძალიან სასაცილოა! იმედია, მალე დაგვიბრუნდებით!
_ ერთი სული მაქვს! _ მივუგე და კიბეზე დავეშვი.
ესეც ასე. ეს საქმეც მოვითავე. ახლა ისევ ლერი უნდა მენახა, გაბრო გოთუას აგენტი. ვგრძნობდი, რომ ის ბევრ რამეს მალავდა. როგორმე უნდა ამელაპარაკებინა. გარკვეული ეჭვები უკვე მქონდა, მაგრამ ხელჩასაჭიდი მაინცდამაინც არაფერი. თუ ლერის ცოტათი შევაფუცხუნებდი და გაბროს შანტაჟის თანამონაწილეობაში დავდებდი ბრალს, იქნებ რამე მნიშვნელოვანი დამეტყუებინა.
საათს დავხედე. თორმეტი ხდებოდა. სანამ გალერეაში შევივლიდი, რაღაც უნდა მეჭამა, თორემ მშიერი კუჭით იერიშზე ვერ გადავიდოდი. პირველსავე შემხვედრ კაფესთან გავაჩერე მანქანა და გადავედი.
***
ერთ საათში უკვე გალერეაში ვიყავი. ლერის მდივანი მაშინვე შემომეგება.
_ გამარჯობა, კაპიტანო!
_ დეას გაუმარჯოს! შენი უფროსი აქ არის?
_ ეს წუთია დაბრუნდა. მე ხომ არ გჭირდებით? შესვენებაზე გავდივარ.
_ არა, დეა, ჯერჯერობით არა. ისე, ინფორმაციისთვის დიდი მადლობა. მაშინ ძალიან დამეხმარე. მიდი, მიხედე შენს სადილს, ნოყიერად ჭამე, იცოდე!
_ თქვენც მაგრად დამეხმარეთ, კაპიტანო. რაც თქვენი ნაკარნახევი დიეტით დავიწყე კვება, ორი კილო უკვე მოვიმატე.
_ ერთ დღეში, კაცო?! _ თვალები შუბლზე ამიცვივდა.
_ ერთ დღეში. ისე მიხარია, ჭკუაზე არ ვარ. რაც მთავარია, ეს ადგილი საგრძნობლად შემევსო, _ თქვა მდივანმა და ხელისგულებით ძუძუები ჩაიხუტა, _ რახან მომატება დავიწყე, აწი რაღა გამაჩერებს. აქამდე ლიფი საერთოდ არ მჭირდებოდა, ახლა კი, ხედავთ? უკვე მაცვია! _ დეამ ცალ მხარზე ბლუზა გადაიწია და ბიუსტჰალტერის ზორტი დამანახვა, _ მაპატიეთ, უნდა გავიქცე, _ მომიბოდიშა და შენობიდან გავარდა.
ისეთი ბედნიერი მიკუნტრუშებდა, როგორც ცამეტი წლის მოზარდი და თვალი რომ გავაყოლე, მეც კი მომეჩვენა, თითქოს თეძოები ოდნავ შევსებოდა.
ლერი თავის კაბინეტში დამხვდა. ჩაფიქრებული სიგარეტს ეწეოდა, თან ფეხები მაგიდაზე შემოედო. ჩემს დანახვაზე სასწრაფოდ მიუჩინა თავის ფეხებს ადგილი იატაკზე და წამოხტა. პეწიანად ეცვა. ეტყობოდა, ჩაცმის მოყვარული ტიპი რომ იყო.
_ გამარჯობა, ბატონო კაპიტანო! _ ცოტა არ იყოს, შეშინებული მომესალმა.
_ იცი, რაზე ვფიქრობდი, როცა აქეთ მოვდიოდი? _ პირდაპირ დავიწყე, _ რამდენი პროცენტი შეიძლება გამოიმუშაოს აგენტმა, როცა თავისი კლიენტის ტილოს ყიდის.
_ როგორ გითხრათ, ერთი და იგივე არასდროს არ გამოდის. გააჩნია, რამდენი ძალა და ენერგია მეხარჯება სურათების გაყიდვისას. თუ ძალიან გაჭიანურდება კლიენტის მოძებნა, პროცენტიც მეტია, თუ ორ-სამ დღეში იყიდება, მაშინ ნაკლები.
_ კი მაგრამ, ასე ხომ შეიძლება ხელოვნურადაც გააჭიანურო მუშტრის პოვნის პროცესი?
_ ეგ არაფერში მჭირდება. მარტო გოთუას ნახატებს ხომ არ ვყიდი? მის გარდა უამრავ მხატვართან მაქვს კონტაქტი. მათი ტილოები ყველა აქ მაქვს გამოფენილი. ისინი ამაში მიხდიან ფულს.
_ მაინც მიახლოებით რამდენი პროცენტია? პლუს-მინუს.
_ საშუალოდ ოცდაათი.
_ ოჰოო! მშვენიერი შემოსავალი გქონია, ჩემო ლერი, მხოლოდ გოთუას ნახატებით რომ ვიმსჯელოთ. მოდი, გინდა დავიანგარიშოთ? _ ჩავიცინე.
ამის გაგონებაზე სახე წაეშალა.
_ 2700 დოლარი გამოდის, ხომ არ ვცდები?
_ არ ცდებით, კაპიტანო. ეგრეა.
ირონიული ღიმილით მივაჩერდი.
_ უკვე მომწონხარ, ლერი. ცხოვრება რთული რამეა. როცა სხვას ვეხმარებით, საკუთარ თავსაც ვეხმარებით. მართალი ვარ?
_ მაპატიეთ, ცოტა ვერ გავიგე, რისი თქმა გინდათ, _ ლოყები აუღაჟღაჟდა გალერეის დირექტორს.
_ კი ბატონო, მარტივად გეტყვი. გაბრო გოთუა, ფაქტობრივად, ერთობ სიმპათიური რეკეტით იყო დაკავებული, რასაც მისთვის მუდმივი შემოსავალი მოჰქონდა. ის ჯერ შეაბამდა ქალს, მერე შიშველს დახატავდა, მერე ემუქრებოდა, თუ ფულს არ გადაიხდი, ამ სურათს შენს ქმარს გავუგზავნიო. ქალიც იძულებული ხდებოდა, პორტრეტი ეყიდა. არ მეთანხმები, რომ ეს საქციელი შანტაჟის განსაკუთრებული ფორმაა? თუმცა აქ ერთი ნიუნსიც იკვეთება. ქალები გოთუას ნახატებში ფულს იხდიდნენ. სურათის შესაძენად კი მხოლოდ და მხოლოდ აქ, ამ შენობაში მოდიოდნენ, ანუ შენ გაძლევდნენ ტილოს ღირებულებას.
გაგრძელება იქნება