ქართული მუსიკა, განსხვავებული აქცენტები და ქართული ბრენდი London Fashion Week-ზე: გიორგი ქებურიას განვლილი გზა - Marao

ქართული მუსიკა, განსხვავებული აქცენტები და ქართული ბრენდი London Fashion Week-ზე: გიორგი ქებურიას განვლილი გზა

2026-02-23 16:50:17+04:00

ქართველი დიზაინერის სახელი და გვარი ლონდონის მოდის კვირეულზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა - გიორგი ქებურიამ London Fashion Week-ზე მესამედ მიიღო მონაწილეობა. მისი ნამუშევრები წელს განსხვავებულ ელფერს ატარებდა - მსუბუქი, ნაკლებად დეტალიზებული სტილიდან მან აქცენტი უფრო მძაფრ დიზაინზე გადაიტანა. 

  

კოლექციის მთავარი ნიშა ობობა იყო - დიზაინერის თქმით, ბავშვობის შიში ობობებისადმი ამ ფორმით დაძლია და ის საკუთარი კოლექციის იდენტობად აქცია. გარდა ამ დეტალისა, ქებურიას ჩვენებაში ხშირად ჩანდა 2026 წლის მთავარი ტრენდი - ე.წ. ნაპოლეონის სილუეტი. 

giorgi-keburia

giorgi-keburia

გიორგი ქებურიამ ტრადიციას არც ამ შემთხვევაში უღალატა და ჩვენებაში ქართული როკ-ჯგუფის მუსიკა გამოიყენა - Quemmekh-მა კომპოზიცია სპეციალურად ამ ჩვენებისთვის შექმნა. გასულ წელს გიორგი ქებურიამ Mamaflex-თან ითანამშრომლა. 

giorgi-keburia

ვინ არის გიორგი ქებურია

ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას შექმნილი სამოსი და აქსესუარები დიდი პოპულარობით სარგებლობს არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ქებურიას დიზაინით შექმნილი სამოსი თუ აქსესუარი არაერთხელ მოირგეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან, რიანა, ჯიჯი ჰადიდი, კაია გერბერი, კენდალ ჯენერი და სხვ.

გიორგი ქებურიას დებიუტი 2010 წელს თბილისი მოდის კვირეულზე შედგა. მისი კოლექციის მთავარი ხაზი სიურეალიზმი იყო. მისი პირველი ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდა - ამ კოლექციამ გიორგი ქებურიას “საუკეთესო დამწყები დიზაინერის” ჯილდო და, ამასთან, პოპულარობა მოუტანა.

giorgi-keburia

გიორგი ქებურიამ კარიერის დასაწყისსა და განვლილ გზაზე 2019 წელს Hammock Magazine-თან ისაუბრა. დიზაინერმა გაიხსენა, რომ ბავშვობაში სახლში მოდის არაერთი ჟურნალი ჰქონდა, ხშირად ათვალიერებდა Otto-ს კატალოგებს, ხელი მიუწვდებოდა Vogue-ის  რამდენიმე ძველ გამოცემაზეც. ამბობს, რომ ხშირად ხატავდა, უმეტესად კი ფეხსაცმელსა და სამოსს. 

"თუ იდეა მაქვს, ვიწყებ ამ იდეის ირგვლივ მუშაობას, თუმცა, თუ არ მაქვს კონკრეტული წარმოდგენა კოლექციის შესახებ, ვათვალიერებ ქსოვილებს და ვცდილობ მაქსიმალურად ვიპოვო შთაგონება, რომელსაც შემდგომ საინტერესო ხაზით ვავითარებ", - ამბობდა დიზაინერი გიორგი ქებურია ინტერვიუში.

giorgi-keburia