„ჩემი ქმარი ღირსეული პიროვნება იყო, მეც და ისიც მთელი ცხოვრება ვნანობდით გაშორებას“ - ლეილა აბაშიძის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები - Marao

„ჩემი ქმარი ღირსეული პიროვნება იყო, მეც და ისიც მთელი ცხოვრება ვნანობდით გაშორებას“ - ლეილა აბაშიძის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები

2026-02-24 12:51:27+04:00

"ქაჯანა", "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "ჭრიჭინა", "აბეზარა", "მაია წყნეთელი", "შეხვედრა მთაში", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"... - სია გრძელია - ფილმები, რომლებშიც გენიალურმა ქართველმა მსახიობმა, ლეილა აბაშიძემ დაუვიწყარი პერსონაჟები შექმნა, ქართული კინემატოგრაფიის ისტორია ოქროს ფურცლებზე ინახავს. 

მიუხედავად დატვირთული, ვარსკვლავური ცხოვრებისა, ცოტამ თუ იცის, რომ ლეილა აბაშიძე არაჩვეულებრივი დედა და მეუღლე იყო. უყვარდა ძალიან, მაგრამ სიყვარულში ნაკლებად გაუმართლა - მეუღლეს, ბიჭიკო დანელიას გაშორდა, ცხოვრება კი ერთადერთ შვილს, რამაზ დანელიას მიუძღვნა. 

leila-abashidze

ლეილა აბაშიძე ოჯახზე, მეუღლეზე, დედობაზე 

- ჩემი მეუღლე ღირსეული პიროვნება იყო, უდიდესი მეცნიერი გახლდათ. დასავლეთიდან მან შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში ჯაზი. როცა ვიქორწინეთ, მე 20 წლის ვიყავი, ბიჭიკო - 29 წლის. სამწუხაროდ, მთელი ცხოვრება ვერ გავატარეთ ერთად. რამაზის უმაღლესში მოხვედრის წინ ერთმანეთს გავშორდით. მას უნდოდა, ჩვენი შვილი ექიმი გამოსულიყო. რამაზი კი ფიზიკაში და ქიმიაში ჩაიჭრა და საბუთები უცხო ენების ინსტიტუტში შევიტანეთ. ამ ნიადაგზე მოგვივიდა უსიამოვნება და ერთმანეთს გავშორდით. ამას მთელი ცხოვრება ისიც ნანობდა და - მეც...

ყველა ქალის ვალია, იყოს დედა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში პრიორიტეტად დედობა მქონდა. რამაზის გარეშე ერთი ფილმის გადაღებაზეც კი არ წავსულვარ, სულ ჩემ გვერდით იყო. ყველა მსახიობს იცნობდა. უცნაური დედაშვილობა გვაქვს, მე ვცხოვრობ მისი ინტერესებით, ის კი - ჩემით. რამაზი ჩემთვის ერთადერთია და მისთვისაც მე ერთადერთი ვარ. რამაზი ისე გავზარდე, მასთან არანაირი პრობლემა არ შემქმნია. მუდამ მისი გულშემატკივარი ვიყავი და პირიქით, ის - ჩემი.

რთული პროფესია მქონდა, ოჯახის და საქმის შეთავსება ძნელი იყო. ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. სამაგიეროდ, მყავს ერთადერთი და განუმეორებელი ვაჟი", - ამბობდა ლეილა აბაშიძე "სარკესთან" ინტერვიუში. 

leila-abashidze

ლეილა აბაშიძის კარიერა

ლეილა აბაშიძე ეკრანზე პირველად გამოჩნდა 1941 წლის ფილმში „ქაჯანა“, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროისათვის მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. მოგვიანებით კი მან ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ მიიღო ეს როლი:

„ვიყავი 8 წლის, ქართული არ ვიცოდი, რადგან დაწყებითი განათლება რუსეთში მქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში ციმბირიდან. ჩემი მამიდა სიხარულით მეუბნებოდა, რომ გაზეთში განცხადება ნახა – ფილმისათვის სჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა და მაგ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ჩემთვის არც უკითხავთ, თუ მსურდა გადაღება, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან მე ფილმი ნანახი არ მქონდა, რა იყო კინო, საერთოდ არ ვიცოდი.

მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებით, ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი. ვიცოდი, რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინის რიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, ვღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:

leila-abashidze

- გოგონა საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდან-მეთქი. 

- იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი.

- ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე ძალიან, ძალიან-მეთქი! და, ეტყობა, იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა, ჩემთან წამოდიო და, თურმე, ეს იყო თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი.

შემეკითხა:

- და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა.

- ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო.

- რომელი? – ვიკითხე მე, თურმე, ისეთი ტრაგიკული ხმით...

- უფროსიო - მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს დამაწყნარეს და, თურმე, ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე.

ვარსკვლავი ვარსკვლავს 

2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კინოთეატრში მსახიობის პატივსაცემად საღამო გაიმართა, რომელსაც ქართული კინოს ცნობილი მოღვაწეები და ხელოვანები, აგრეთვე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე ლეილას მონაწილეობით ცნობილი კინოფილმების კადრები, ბიოგრაფიული ფოტოები, ფოტოსესიები და ინტერვიუ იყო ნაჩვენები, აგრეთვე, ჰოლივუდის და ევროპული კინოს ვარსკვლავებთან ერთად გადაღებული მისი ფოტოები.

  •  „მე დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის, ნატო ვაჩნაძის, ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს.“

ლეილა აბაშიძე 2018 წლის 8 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

leila-abashidze