"რადგან დღემდე ერთად ვართ, ესე იგი მიღირდა მასთან ცხოვრება. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო" - ნათია გოგოჭურისა და ზაზა კოლელიშვილის სიყვარულის ამბავი - Marao

"რადგან დღემდე ერთად ვართ, ესე იგი მიღირდა მასთან ცხოვრება. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო" - ნათია გოგოჭურისა და ზაზა კოლელიშვილის სიყვარულის ამბავი

2026-02-24 15:39:22+04:00

30 წლის წინ საქართველოს კინოთეატრებში პირველად აჩვენეს რეჟისორ ზაზა კოლელიშვილის ფილმი “გარიგება”. კახური იუმორით გაჯერებულმა კომედიამ თავიდანვე დაიპყრო მაყურებელთა გულები და ასე გრძელდება დღემდე. ყველა თაობა სიამოვნებით უყურებს ფილმს, რომლიდანაც ფრაზებს ყოველდღიურ საუბრებში ხშირად გაიგონებთ.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ამ ფილმის სცენარი ზაზა კოლელიშვილის ცოლმა, მსახიობმა ნათია გოგოჭურმა, დაწერა. მასვე ეკუთვნის სცენარები ფილმებისთვის – “საქართველო ჩემს გულში”, “არჩევანი”, “ქუთაისელი ბაბუ”, “ომი და ქორწილი”, “ოტელო ქუთაისში”. რამდენიმე მათგანის პროდიუსერიც გახლავთ.

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 12 წელი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. პროფესია ძალიან უყვარდა, მაგრამ არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გააკეთა. გადაწყვეტილება მტკივნეული იყო იმდენად, რომ წლების განმავლობაში თეატრში სპექტაკლის სანახავად ვერ დადიოდა. უკმარისობას ფილმებსა და სერიალებში მონაწილე-ობით ივსებდა. კალამიც ქმრის სიყვარულით აიღო ხელში, რადგან ზაზას გულით უნდოდა რეჟისორობა. პირველი სცენარი სწორედ “გარიგებისთვის” დაწერა.

  • „ჩემი ქმარი ღირსეული პიროვნება იყო, მეც და ისიც მთელი ცხოვრება ვნანობდით გაშორებას“ - ლეილა აბაშიძის ცხოვრების უცნობი ეპიზოდები

natia-gogochuri

ოპტიმისტი, ენერგიული, ხალისიანი, მრავალშვილიანი დედა, რომელმაც გაუძლო უამრავ ყოფით პრობლემას და დღემდე მეუღლის ერთგული მეორე ნახევარი და თანამებრძოლია, 60+ ასაკის მიუხედავად, მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება და ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, ერთხელ მოსული სიყვარული ფერებგაუხუნარი ატარო მთელი ცხოვრება. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ.

– 4 შვილის გაზრდა, თან იმ დროს, როცა არცთუ გილხენდათ, საოჯახო საქმეები და მუდმივად ქმრის გვერდით შემოქმედებითი შრომა – როგორ ახერხებდით ამ ყველაფერს ისე, რომ არც გარეგნობაზე და არც ხასიათზე უარყოფითად არ აისახა?

– დიახ, ნამდვილად იყო ყველაფერი – სივიწროვე, უბინაობა, არასტაბილური შემოსავალი, ყველა სიძნელე, რაც შვილების გაზრდას ახლავს, მაგრამ, ჯერ ერთი, ახალგაზრდა ვიყავი და მეორეც, ძალიან ოპტიმისტი ვარ, არასდროს ვკარგავ იმედს. მთავარი კი – ჩვენს ცხოვრებაში არსებობდა და არსებობს მაგიური სიტყვები: “მე შენ მიყვარხარ”, რომელსაც პირველი დღიდან დღემდე ვეუბნებით მე და ზაზა ერთმანეთს. სიყვარული ჯადოსნურია, უდიდეს ძალას გაძლევს.

– ზაზა კოლელიშვილს ორი ისეთი როლი აქვს შესრულებული – შეთესი და მურტალოსი, რომ მაყურებელი ხშირად აიგივებდა კიდეც ამ გმირებთან. რეალურად როგორი მამაკაცი?

– რადიკალურად განსხვავებული ადამიანია თავისი როლებისგან. არაჩვეულებრივი მეუღლეა, თბილი, მეგობრული, მზრუნველი, საუკეთესო მამა.

  • ის მისი ბოლო ცოლი იყო, თუმცა არა ბოლო მუზა - გიორგი ბალანჩივაძისა და ტანაკილ ლეკლერკის უცნაურად ტრაგიკული სიყვარული

ზაზას ერთადერთი უარყოფითი თვისება ჰქონდა – სასმელი უყვარდა ძალიან. იყო პერიოდები, როცა გადაბმულად სვამდა. ზოგჯერ წელიც გასულა, არ დაულევია. მისი სმა უპირველესად მის ჯანმრთელობაზე მოქმედებდა ცუდად. ჩემთვისაც აუტანელი იყო მისი ეს ჩვევა იმ სიგიჟეებით, რასაც სიმთვრალეში ჩადიოდა. ამ დროს ისე ვუყურებდი, როგორც ავადმყოფს, რომელსაც მოვლა სჭირდება და, რადგან დღემდე ერთად ვართ, ესე იგი მიღირდა მასთან ცხოვრება. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო.

zaza-kolelishvili

– რას ეტყვით ქალებს, ვისაც 60 წელი შეუსრულდათ?

– ამ ასაკში მივხვდი, რომ მთავარია, გიყვარდეს შენი თავი. როცა საკუთარი თავი გეყვარება, შეძლებ სხვების სიყვარულს, სხვების გაბედნიერებას, სხვაზე ზრუნვას და ისინიც დაგაფასებენ და შეგიყვარებენ.

გოგოებო, ქალებო, ჩვენ ყველანი განსხვავებულები, ინდივიდუალურები ვართ, მაგრამ გვაქვს საერთო – ერთგულება, გამძლეობა, სიყვარული. შეიძლება ზუსტად იმდენი არ მიიღოთ უკან, რამდენსაც იმსახურებთ, მაგრამ მაინც ბოლომდე დაიხარჯეთ და გაეცით სიყვარული.

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ sarkenews.ge