როცა მედეა ჩახავაზე წერას ვიწყებ, საქმე იმ წამსვე რთულდება - ეს ამბავი ძაფის ჩახლართულ გორგალს ჰგავს, ყველა ბოლო თავისკენ გექაჩება და ყველა ერთნაირად საინტერესოა. მოდი, დავიწყოთ სულ თავიდან...
რუსული ენის პედაგოგს, მარო გაწერელიასა და კიევის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ ვასო ჩახავას ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს. 1921 წლის 17 მაისს აბაშაში ქვეყანას მოევლინა მედეა ჩახავა.
როცა მედეა ჩახავას 14 წელი შეუსრულდა, მისი ოჯახი ლენინგრადში გადასულა საცხოვრებლად. იქ პატარა მედიკო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, 1936 წელს, როცა თბილისში დაბრუნდნენ, პირველ სკოლაში საკუთარი ნიჭით ყველა აღუფრთოვანებია.

ცეკვა მედეა ჩახავას ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა - დადიოდა ჯანო ბაგრატიონის სტუდიაში, მისით ლეგენდარული ნინო რამიშვილიც მოხიბლულა. ალბათ, ბედისწერა იყო, როცა მედეამ ცეკვაზე უარი თქვა და ფილოლოგიის ფაკულტეტი აირჩია, ინგლისური ენის მიმართულებით. მედეას გეგმები სულ სხვანაირი იყო - მამის მეგობრებმა, აკაკი ხორავამ და აკაკი ფაღავამ კი მის გეგმებს ფრთები შეასხეს, როცა სპეციალურად მისთვის ჩანიშნეს გამოცდა თეატრალურ ინსტიტუტში. მოგვიანებით ფილოლოგიურ ფაკულტეტს თავი მიანება და სწავლა გიორგი ტოვსტონოგოვის ჯგუფში გააგრძელა.
რთული რეალობა იყო, ომი, გაჭირვება, მაგრამ მედეა ჩახავას ვარსკვლავი სწორედ მაშინ იწყებდა ამოსვლას - 1943 წელს, როცა მოსკოვიდან თბილისში დიდი მსახიობი ვასილი კაჩალოვი ჩამოვიდა და გიორგი ტოვსტონოგოვის სტუდენტური სპეკალი ნახა, მედეაზე თქვა: "ეს გოგონა პირდაპირ სასწაულია, გაუფრთხილდით მას".
მედეა ჩახავამ მომავალი მეუღლე, ნოდარ ჩხეიძე ინსტიტუტში გაიცნო:"ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით. შევედი თუ არა ინსტიტუტში, თვალი დამასო. ის ჩვენზე უფროსი იყო, სამედიცინო ინსტიტუტიდან გადმოვიდა, გოგონების დიდ ყურადღებას იმსახურებდა, მეც მომწონდა... კარგად კითხულობდა ლექსებს. სახალხო პოეტის, გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი იყო. ბობოქარი და ბოჰემური პიროვნება იყო და მეც მსიამოვნებდა, პოეტის ვაჟს რომ მოვწონდი. ისიც შემომანათებდა ხოლმე თვალებს. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა... მერე უკვე გამაცილა, გამომაცილა. თქმით არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ხშირად საქციელი უფრო მეტს ამბობს. მერე, ალბათ, მითხრა კიდეც, ეს დიდი ხნის ამბავია..."
ნოდარ ჩხეიძეს მალევე დაშორდა - წარუმატებლობა ჰქონდა ცხოვრებისა და თეატრის სცენებზე... იმ პერიოდში მედეა ჩახავა თითქმის დანებდა, თითქმის ირწმუნა, რომ ეს საქმე არ გამოსდიოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს აკაშკაშდა მისი ვარსკვლავი ყველაზე ნათლად - დოდო ალექსიძემ "ღრმა ფესვებში" მთავარი როლი მისცა, მედეამ კი ეს შანსი საუკეთესოდ გამოიყენა.

აღმართს დაღმართი მოჰყვა პირად ცხოვრებაშიც - მედეა ჩახავა კოტე მახარაძეს შეხვდა. კოტეს დედას, ვარიას ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდა. ვარია ბიბლიოთეკარი იყო და ერთხელაც, როცა მედეამ ბიბლიოთეკის წიგნი დაკარგა, გვარიანად დატუქსა კიდეც მომავალი სარძლო. მედეამ იხტიბარი არ გაიტეხა - რად გინდოდათ ის წიგნი, მაინც არაფრად ვარგოდაო, მე უკეთესს მოგიტანთ, მამაჩემი სულ კითხულობსო. მიუტანა - მამამისის სამაგიდო წიგნი "გინეკოლოგია".
კოტე მახარაძეს მედეა ჩახავა შეუყვარდა, ამ სიყვარულით ქვეყანას მოევლინნენ მაკა და ივიკო მახარაძეები. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბედნიერი ოჯახიდან გამოსული მედეა ჩახავა განუმეორებელ, დაუვიწყარ როლებს ქმნიდა თეატრში. თუმცა, როგორც ეს ერთხელ უკვე გამოცადა, დიდ ბედნიერებას თან დიდი დაბრკოლებების მოჰყვა - პრობლემები გაჩნდა კოლეგებთან ურთიერთობაში, პრობლემები გაჩნდა კოტე მახარაძესთან ურთიერთობაშიც. წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

"არაფერსაც არ ვნანობ. ქართველ ქალებს უყვართ ხოლმე იმით ტრაბახი, რომ ცხოვრებაში ერთხელ უყვარდათ. საერთოდ, ადამიანს როცა გიყვარს, გგონია, რომ ახლა გიყვარს და წინათ ასე არავინ გყვარებია. ეს აუცილებლად ინტიმურ სიახლოვეს არ გულისხმობს. დეტალურად როგორ და რა იყო, ეს ძალიან ჩემია.
არ არსებობს არც ერთი დაშორება, რომ ორივე მხარე არ იყოს დამნაშავე. არც ერთ შემთხვევაში ყოფილა სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი. ორივე შემთხვევაში უჩუმრად დავშორდით. ერთმანეთისთვის მაინც ძვირფასი ადამიანები ვიყავით. ერთად გავატარეთ ამდენი დრო – ერთად ვსუნთქავდით, ვჭამდით, ვსვამდით, დავდიოდით. არ შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაესვას.
მე და ბიჭიკო შეუღლებამდე 3 წელი ვმეგობრობდით და 5 წელი ერთად ვცხოვრობდით. კოტესთან 2 წელი ვმეგობრობდი. მას შეუღლებიდან ზუსტად 20 წლისთავზე დავშორდი. აგვისტოში მოვაწერეთ ხელი და 20 წლის შემდეგ, აგვისტოში დავშორდით.
სოფიკო ჭიაურელის ნიჭის დიდი პატივისმცემელი ვარ. ბავშვობიდან მიყვარს, სულ პატარა გოგო იყო, როცა ვერიკომ გამაცნო, ეს ჩემი სოფიკოაო. სოფიკო ხომ ვერიკომ ძალიან გვიან გააჩინა, მერე ჩვენთან თეატრში მუშაობდა.
ის არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე, მე და კოტე უკვე დაშორებულები ვიყავით, როცა ისინი შეუღლდნენ. კოტე მისი გულისთვის არ დამშორებია, სოფიკოსთან მივდიოდი, მივდივარ და მომავალშიც წავალ, აბა, როგორ?”
