2000-იანი წლების დასაწყისში თათია გიორგობიანის ხმა ყველგან ჟღერდა - გოგონა განსაკუთრებული ვოკალითა და მონაცემებით უამრავი ადამიანის გულს იპყრობდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა თათია გიორგობიანის დუეტები ზურა დოიჯაშვილსა და გია მაჭარაშვილთან. მისი და პატარა ლიზა მაღრაძის "კეთილი ზღაპარი" დღემდე ბევრისთვის საყვარელი სიმღერაა.
"მე იცით რომელი ბავშვი ვარ? მე მეგონა, არავის არ ახსოვდა, თურმე, რამდენმა ადამიანმა იცის დღემდე ეს სიმღერა", - წერდა ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე ლიზა მაღრაძე. კომენტარების ველში კი უამრავი ადამიანი დაინტერესდა, სად არის და რას საქმიანობს თათია გიორგობიანი.

თათია გიორგობიანი დღეს
თათია გიორგობიანი წლების მანძილზე ჟურნალისტი იყო, თუმცა უკვე დიდი ხანია, ამ პროფესიას ჩამოშორდა. მან ლუკა ხოჯავაზე იქორწინა და ორი შვილი, ანიტა და ლაზარე შეეძინა. წყვილის თანაცხოვრება უკვე 20 წელს ითვლის, ამ ხნის მანძილზე კი თათია ეკრანებზე თითქმის აღარ ჩანს.
თათია გიორგობიანი ცოტა ხნის წინ "ტვ პირველის" ეთერს სტუმრობდა, სადაც განვლილ წლებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თათიამ აღნიშნა, რომ, მიუხედავად მუსიკალური პაუზისა, ის დღემდე ახსოვთ და უყვართ, რაც მოტივაციას აძლევს, კვლავ დაუბრუნდეს საყვარელ საქმეს:
„მადლობა, რომ მომეცა შესაძლებლობა, გავიხსენო არაჩვეულებრივი პერიოდი და შევხვდე ჩემთვის გამორჩეულ ადამიანებს.

მოიტანა დრომ, რომ პრიორიტეტები სხვანაირად გადალაგდა. წლების განმავლობაში სხვადასხვა სამსახურით ვიყავი დაკავებული, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. სიმღერა პარალელურ რეჟიმში იყო, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით, როგორც მაშინ, როცა ჩვენ ყველა ერთად ვიყავით.
არაფერს გამოვრიცხავ, გეგმები მაქვს. როდესაც ადამიანები გეძახიან, ახსოვხარ, გეფერებიან, მაინც დანაკლისი აქვთ, ვფიქრობ, შეიძლება, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და მივხედოთ იმ საქმეს, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს” - ამბობს თათია გიორგობიანი „ტვ პირველის“ ეთერში.