"დღეს მილანში ქართული დღეა!" სამი ქართველი დიზაინერი Milan Fashion Week-ზე - Marao

"დღეს მილანში ქართული დღეა!" სამი ქართველი დიზაინერი Milan Fashion Week-ზე

2026-02-27 15:53:09+04:00

დღეს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში სამი ქართველი დიზაინერი, დევიდ კომა, დემნა გვასალია და გალიბ გასანოვი წარადგენენ საკუთარ კოლექციებს.  ამ მნიშვნელოვან ამბავს სოციალურ ქსელში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო, STYLE NOT COM წერს:

"დღეს მილანში ქართული დღეა! 3 ქართველი დიზაინერი თავის კოლექციებს პოდიუმზე წარადგენენ. 12:30 - დევიდ კომა - Blumarine, 14:00 - დემნა - Gucci, 18:00 - გალიბ გასანოვი - Institution. 

მოდა შეიძლება საქართველოში არ დაბადებულა, მაგრამ მას ქართველები ქმნიან. ჩაცმა ჩვენი მოგონილია", - წერს STYLE NOT COM, გვერდი, რომლის უკან ასევე ქართველი ბექა გვიშიანი დგას. 

ვინ არის დევიდ კომა?

დევით კომა იგივე დავით კომახიძე ცნობილი ქართველი დიზაინერია, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს. ის დღეს კვირეულზე "BLUMARINE-ს" კოლექციას წარადგენს. 

დევით კომამ ხატვისა და ტანსაცმლის შექმნის ნიჭი რვა წლის ასაკში აღმოაჩინა. თავისი ინტერესების მისაღწევად, დავითმა სახვითი ხელოვნება შეისწავლა სანქტ - პეტერბურგში, ის ასევე მონაწილეობას იღებდა დიზაინერულ კონკურსებში 13 წლიდან და პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა.

2003 წელს დავითი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად პრესტიჟულ ცენტრალ სენ მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში სასწავლად. მან უნივერსიტეტი დაამთავრა და დიზაინში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 2009 წელს აპრილში მან მოიპოვა მაგისტრის სპეციალობა ლუიზა ვილსონის ხელმძღვანელობით. მან უნივერსიტეტის დასრულების მოდის კვირეულზე პირველი ადგილი დაიკავა და ჰაროდსის დიზაინის ჯილდო მოიპოვა.

დამთავრებისთანავე, დევიდ კომამ ჩამოაყალიბა თავისი ბრენდი და მის შემდეგ ლონდონის მოდის კვირეულზე იღებს მონაწილეობას. წლების განმავლობაში ბრენდს უამრავი პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის Vauxhall Fashion Scout 2009 წელს, NEWGEN-ის სპონსორობა 2010 წელს და Fashion Forward 2013 წელს. 2018 და 2019 წლებში დევიდ კომა შეირჩა ბრიტანეთის მოდის საბჭოს / მოდის ფონდის წევრად.

devid-koma

ვინ არის დემნა გვასალია?

გასულ წელს დემნა გვასალია GUCCI-ის კრეატიული დირექტორი გახდა. დღეს ის მილანის მოდის კვირეულზე ახალ კოლექციას წარადგენს.

„პარიზში, ნიუ-იორკსა და მილანში 90 პორტფოლიო გავგზავნე და არ ამიყვანეს. უკვე ვფიქრობდი, რომ ამ ინდუსტრიაში სამსახურს ვერ დავიწყებდი. მე არ ვიყავი სოციალური ხალხთან ურთიერთობაში, არასდროს ვყოფილვარ “sassy fashion boy”, რომელიც მოდის კვირეულებზე დადის.

ბოლოს გადავწყვიტე, რომ პორტფოლიო Margiela -ში გამეგზავნა. შეიძლება ეს ჩემი, როგორც ეკონომისტის, ტვინის დამსახურებაა, მაგრამ ვიფიქრე - პორტფოლიო უნდა გახსნან, შეფუთვა არის მნიშვნელოვანი. პორტფოლიო პიცის ყუთში ჩავდე და გავგზავნე. ასე მივიქციე მათი ყურადღება.

დამირეკეს და მითხრეს: „შეძლებ, რომ 10 დღეში პარიზში ჩამოხვიდე?“

3 თვის მანძილზე პარიზში, მეგობრის ბინაში დივანზე მეძინა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი იყო, რომ პარიზში ჩემთვის კარი გაიღო.“

დემნა გვასალიამ  Maison Margiela-ში დაიმკვიდრა ადგილი. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში სწორედ აქედან, "მარჯიელაში" დაიწყო.

2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა და მას შემდეგ დაიწყო დიზაინის ახალი ხედვის დანერგვა. მის კოლექციებში ხშირად იყო გამოყენებული აბსტრაქტული ფორმები, რაც ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა და ამის გამო დემნა კრიტიკის ობიექტიც ხშირად ხდებოდა. 

ქართველი დიზაინერის ნამუშევრებს ერთდროულად იწონებდნენ და იწუნებდნენ, მაგრამ ფაქტი ერთი იყო - დემნა ქმნიდა რაღა ახალს, ახალ სტილს, ახალ მიმდინარეობას. მისმა ხედვამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და გახდა "პრესტიჟული" - Balenciaga-ს ტარება ერთგვარ განცხადებად იქცა. 

დემნამ ხაზი გაუსვა მოდასა და მასობრივ კულტურას შორის კავშირის მნიშვნელობას. ის არ ერიდებოდა თავისი კოლექციების კრეატიულ ინტერპრეტაციაში რეალური ცხოვრების ელემენტების შემოტანას. ამის მაგალითია „oversized“ მაისურები, სპორტული ფეხსაცმელი, შარფები და ტანსაცმლის სიმარტივე, რომელიც მაღალი მოდის კრიტერიუმით ხშირად ვერ შეფასდებოდა.

გასულ წელს დემნამ Balenciaga დატოვა და GUCCI-ს სახე გახდა.

demna-gvasalia

ვინ არის გალიბ გასანოვი

გალიბ გასანოვი საქართველოში დაბადებული, აზერბაიჯანელი დიზაინერია. ის იტალიაში დაფუძნებულ ბრენდს Institution ხელმძღვანელობს.გალიბის ხედვა თანამედროვე სამყაროს ერწყმის, მას სურს ტრადიციები და თანამედროვეობა ერთმანეთში გააერთიანოს, ისე რომ არც ერთს დაუკარგოს იდენტობა. 

Institution ეს არ არის მხოლოდ სამოსი, ეს არის სოციალურ-კულტურული პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ნატურალურ მასალებსა და ოსტატობის იმ იშვიათ ტექნიკებს, რომლებიც თანამედროვე ბაზარზე, განსაკუთრებით კი მაღალ მოდაში, ფუფუნების უმთავრეს საზომადაა ქცეული

galib-gasanof