თამაშიდან გასული - თავი XIII - Marao

თამაშიდან გასული - თავი XIII

2026-03-02 09:58:40+04:00

წინა თავი

გავჩუმდი და სიგარეტი გავაბოლე, თან ლერის სახეს დავაკვირდი. კაცი ლამის გაშავდა.

_ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ლერი, _ გავაგრძელე, როგორც კი პირველი ნაფაზი დავარტყი, _ არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ბინძურ თამაშში შენც აქტიურად მონაწილეობდი. მე მხოლოდ მკვლელის დაჭერა მინდა. ჩემთვის ეს პროფესიონალური ღირსების საკითხია. გესმის ალბათ, ხომ?

_ დიახ, მესმის, _ ჩურჩულით მომიგო.

_ ამიტომ მგონია, რომ თუ მკვლელის გამოვლენაში მომეხმარები, ამით უყოყმანოდ დაამტკიცებ შენს უდანაშაულობას.

_ მე არაფერი ვიცოდი შენტაჟის შესახებ, არაფერი! _ გალერეის დირექტორი შიშისგან გამწვანდა.

_ რა თქმა უნდა, არ იცოდი, _ მშვიდად დავეთანხმე, _ მაგრამ გაბროს ხომ მოჰქონდა შენთვის შიშველი ქალების პორტრეტები?

_ კი, მოჰქონდა და უნდა გითხრათ, რომ მისი ნახატები დიდად არასდროს მომწონდა.

_ გასაგებია. ახლა აქეთ მოიწი და ამ სურათებს კარგად დააკვირდი, _ ამ სიტყვებით ჯიბიდან ოთხივე დაზარალებულის ფოტო ამოვიღე და მაგიდაზე გავშალე, _ ეს ელიზა ზამბახიძეა, ეს აველინა ნემსაძე, მესამე ნატაა ლოლაძე. ამ სამივემ შეიძინა საკუთარი პორტრეტი. ორი, სამი და ოთხი ათასი დოლარი გადაიხადეს. შენ უკეთ იცი ეს, ამიტომ ვინ რამდენი მოგცა, აღარ ვაკონკრეტებ. ჩემი შეკითხვა ასეთია: ვინაა ეს მეოთხე? _ ვკითხე და საჩვენებელი თითი სახედაფარული ქალის ფოტოს დავადე.

ლერი მაგიდისკენ დაიხარა და დაჟინებით დააშტერდა ოთხივე სურათს.

_ არ ვიცი, _ მინავლული ხმით მიპასუხა, _ გაბროს არასდროს არ უთქვამს ჩემთვის, ვინ ვინ იყო. მეც არ ვინტერესდებოდი. რაში მჭირდებოდა? ჩემთვის მთავარი იყო, გამეყიდა და პროცენტი დამრჩენოდა.

_ მე შენ დახმარება გთხოვე, ლერი. თუ დამეხმარები, მეც დაგეხმარები! _ ხმა გავიმკაცრე.

_ სიმართლეს გეუბნებით, ბატონო კაპიტანო! გგონიათ, ასეთ დროს ტყუილის თქმა შემიძლია?

_ კარგი. მაშინ, იმედია, მომდევნო კითხვას მაინც გაართმევ თავს. რატომ არ წაიღეს ამ ქალბატონებმა თავიანთი სურათები, ფული ხომ გადაიხადეს?

_ გაბრომ მითხრა, თავიანთი ქმრების შიშით სახლში ვერ წაიღებენო, ამიტომ თავისთან მიჰქონდა სტუდიაში, ჩემთან დავმალავო.

_ დავმალავო? ხომ არ მომესმა?

_ დიახ, დავმალავო.

_ ანუ განადგურებას არ აპირებდა, ხომ?

_ ეგ მე არ ვიცი. ჩემთვის არაფერი უთქვამს.

_ იყო შანსი, ხელმეორედ გაეყიდა უკვე გაყიდული ტილოები?

_ რას ამბობთ, კაპიტანო! მე მაგას არ ვიზამდი და თვითონ თუ იჩალიჩებდა, არ ვიცი, _ აღშფოთდა ლერი.

_ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გინდა დამეხმარო.

_ ღმერთმანი, რაც არ ვიცი, რა გითხრათ? საერთოდ არ მომჩვენებია ეს უცნაურობად. მისმა ახსნამ სრულიად დამაკმაყოფილა. აბა, რომელი ქალი მიიტანდა თავის შიშველ სურათს სახლში, როცა დიდი იქნებოდა ალბათობა, ნახატი ქმარს ჩავარდნოდა ხელში?

_ მესამე და ბოლო მცდელობა: _ მტკიცედ გამოვუცხადე, _ რატომ შეგხვდა გოთუა იმ ღამეს, როცა მოკლეს? შენ ხომ მასთან იყავი?

_ აველინა ნემსაძის გამო. უკვე მობეზრებული ჰყავდა გაბროს ეგ ქალი. იმან რომ დაურეკა, უთხრა, რომ მე ვიყავი მასთან და ორ საათში მოდიო, დაიბარა.

_ კიდევ რა?

_ მეტი არაფერი, მხოლოდ მაგ ქალზე მელაპარაკა. მითხრა, მაგის სურათი ყველაზე სარფიანად გაიყიდება და შეგიძლია ხუთი ათასი დოლარიც მოსთხოვოო. ისე, არ მომეწონა იმ საღამოს. ძალიან განერვიულებული თუ გაღიზიანებული მეჩვენა. სულ დაძაბული იყო. ნახევარი საათი მხოლოდ აველინაზე მელაპარაკა. მგონი, მთლად შეიშალა იმ ქალის გამო. როცა საუბარი დავამთავრეთ, უცებ დასტაცა ხელი შავ საღებავს, სარკის წინ დადგა და საკუთარ სახეზე ულვაში და წვერი მიიხატა.

_ როცა მე და შენ პირველად შევხვდით ერთმანეთს, ამის შესახებ არაფერი გითქვამს, _ შევნიშნე.

_ ვერ გავბედე, _ ხმადაბლა წარმოთქვა, _ იმ დღეს ძალიან შემაშინა თქვენმა გამოჩენამ. თქვენ იმხელა მნიშვნელობას ანიჭებდით მაგ მიხატულ წვერ-ულვაშს, ვიფიქრე, რომ ვუთხრა, როგორც იყო, არ დამიჯერებს და ციხეში ჩამსვამს-მეთქი.

_ გააგრძელე.

_ საკარნავალო ღამეს გავატარებ აველინასთან ერთადო, მითხრა. ეს იქნება ჩვენი უკანასკნელი ღამე, როგორც კი მოვა, უნდა ვუთხრა, რომ ვშორდებიო. ასეთ ფორმაში რომ დამინახავს, ვიცი, არ მოეწონება, ყვირილს დამიწყებს, რაც უფრო გამიადვილებს მასთან ურთიერთობის გაწყვეტასო.

_ მატყუებ, ლერი!

_ არა, არ გატყუებთ, კაპიტანო! რაში მჭირდება ტყუილი? ან კი კარგს რას მომიტანს, თუ მოვიტყუები?

_ მერე რა ქენი?

_ არაფერი, დავტოვე და წამოვედი. ნეტავ საერთოდ არ დამეჭირა საქმე მაგ ნაგიჟართან. ყოველთვის ასეთი უცნაური ტიპი იყო. თვითონ ხომ იყო შარიანი და აი, აგერ მეც გამხვია შარში.

***

გალერეა დავტოვე თუ არა, ხინთიბიძის სანახავად წავედი. მისმა მდივანმა თბილად მიმიღო და მაშინვე პრეზიდენტის კაბინეტისკენ გამიძღვა. სანამ შემიშვებდა, ფრთხილად დააკაკუნა და ჯერ თვითონ შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და მითხრა, ბატონი ვახტანგი გელოდებათო.

მდივანს მადლობა გადავუხადე და ოთახში შევედი. იატაკზე ყავისფერი ხალიჩა ეფინა. კაბინეტში ისეთი სამარისებური სიჩუმე სუფევდა, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. კაბინეტი ვეებერთელა აღმოჩნდა. ხინთიბიძე ოვალური მაგიდის თავში იჯდა. ის ჩემი დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა თავაზიანად ჩამომართვა ხელი.

მამაკაცს აშკარად ეტყობოდა, როგორი ძველმოდურიც იყო. ორი ღერი თმა შერჩენოდა თავზე, ისიც უკან გადაევარცხნა და ბრიოლინით დაწებებინა კეფაზე. თეთრი კიტელი ეცვა, სქელი ულვაში ჰქონდა და კიდევ უფრო სქელი წარბები, რომელიც საგულდაგულოდ მაღლა აევარცხნა.

_ დაბრძანდით, კაპიტანო! _ მან სკამზე მიმითითა.

_ დიდ დროს არ წაგართმევთ, ბატონო ვახტანგ, _ თავაზიანობაში არც მე ჩამოვრჩი.

_ არა უშავს, ბატონო ედიშერ, არაა პრობლემა. დრო თავზე საყრელად მაქვს. მართალია, ორი ათას თანამშრომელს ვკურირებ, მაგრამ ხელი არასდროს არაფერში მეშლება. ამ გემის კაპიტანი მე ვარ, _ გაიღიმა, _ აი, ასე მყავს ყველა მუჭში მომწყვდეული, დისციპლინა და მხოლოდ დისციპლინა, ესაა ჩემი პრინციპი. მაქინაციებს აქ ვერავინ გაბედავს. ერთი არასწორი ნაბიჯი და ნებისმიერს გავაპინტრიშებ აქედან!

_ ამაში ეჭვიც არ მეპარება, ბატონო ვახტანგ!

_ აბა, მითხარით, რატომ დაინტერესდით ჩემი პიროვნებით? იქნებ რამე დავაშავე და ჯერ მეც არ ვიცი, ა? _ ფართოდ გაიღიმა.

_ როგორ გეკადრებათ, თქვენ რა შუაში ხართ. უბრალოდ, ჩვენ ერთი თქვენი თანამშრომლის გაუჩინარების ამბავს ვიძიებთ და ამიტომ მოვედი.

_ რომელი თანამშრომლის? _ გაკვირვებულმა გამომხედა.

_ ჰამლეტ ნემსაძის.

_ რას ამბობ, კაცო! _ ჩაიფხუკუნა, _ ჰამლეტი მივლინებაში მყავს გაშვებული. ის ახლა ქუთაისშია. ნემსაძე გადასარევი კადრია, დაუღალავი თანამშრომელი, ამიტომაც ჩემი მარჯვენა ხელია. ხშირად ვუშვებ მივლინებებში, რომ ყველგან ყველაფერი გავაკონტროლო. ვის მოუვიდა თავში აზრად, გაუჩინარდაო? ვინ შეგატყობინათ ამის შესახებ?

_ მისმა მეუღლემ, _ იმპროვიზაციას მივმართე, _ ორი დღეა ქმარს ვერ უკავშირდება. მერე სასტუმროში დაურეკავს. იქ კი უთქვამთ, ჩვენთან არ გაჩერებულაო.

ხინთიბიძე მოიღუშა.

_ ეს ჰამლეტის საქციელს არ ჰგავს. სასტუმროების შეცვლა არ სჩვევია. ასე რომ მოქცეულიყო, აუცილებლად გამაგებინებდა. ჩემი თანამშრომლები ყოველთვის ერთსა და იმავე სასტუმროში ბინავდებიან. ყოველთვის ასე იყო. ოოო! როცა ჰამლეტი დაბრუნდება, მასთან სერიოზული საუბარი მომიწევს, როგორც ვხედავ. ეს ყველაფერი ცუდად აისახება მისი ცოლის მორალურ ასპექტზე. ცოლები, რომ იცოდეთ, ძალიან დიდ როლს თამაშობენ ოჯახურ ბედნიერებაში. როცა ცოლი სანიმუშოა, ქმარიც სანიმუშოა.

_ ბატონო ვახტანგ! მგონი, თქვენ ბოლომდე ვერ ჩასწვდით საქმის არსს. ქუთაისის პოლიციამ ყველა სასტუმრო გადაამოწმა, მაგრამ ნემსაძე არცერთში არ აღმოჩნდა.

_ ძალიან ცუდად მოქცეულა ჰამლეტი, ძალიან ცუდად! _ თავი დააკანტურა ხინთიბიძემ, _ მაგრამ რას ვიზამთ, კაცი მაინც კაცია. ერთხელ, ღრმა ახალგაზრდობაში მეც გადამხდა მსგავსი რამ. იმის მაგივრად, რომ მივლინებში წავსულიყავი, გზიდან გადავუხვიე და დიდი ხნის უნახავი ნათესავი მოვინახულე, რის გამოც ორ  დღე დავკარგე. ხომ გესმით, იქ სუფრა გაშალეს, მაქეიფეს და ამიტომ მივლინებაშიც დამიგვიანდა. როგორც ჩანს, ჰამლეტს ქება თავში აუვარდა. ხანდახან ადამიანები ბავშვებივით იქცევიან. მას ნადირობა უყვარს. ჰოდა, სანადიროდაა ეტყობა გაპარული. ამისთვის ნემსაძეს აუცილებლად მოვთხოვ პასუხს.

მივხვდი, რომ ამ კაცთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ის მაინც არ დაიჯერებდა, რომ ჰამლეტ ნემსაძე, უბრალოდ, გაქრა. სხვ დეტალებს ვერ გავუმხელდი, ამ ეტაპზე მაინც, თორემ შეიძლება მართლა დაეთხოვა თანამშრომლები სამსახურიდან, ამიტომ დავემშვიდობე და წასასვლელად გავემზადე.

_ ერთი წუთით! თითო ჭიქა არ დავლიოთ ჩვენი გაცნობის მიზნით? მხოლოდ თითო! არ მითხრათ, რომ არ სვამთ. ცოტა-ცოტას ჩვენ ყველანი ვსვამთ. აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონო! _ ბიჭური სიმკვირცხლით წამოიჭრა ხინთიბიძე ფეხზე, მკლავში ხელი ჩამჭიდა და ფანჯარასთან მდებარე პატარა ბარისკენ წამიყვანა.

უარი ვერ ვუთხარი. დალევა ხომ ისედაც მიყვარს და ახლა, ასეთი თავსატეხი საქმის გამო სწორედ რომ მისწრება იქნებოდა ჩემთვის ერთი ჭიქა.

_ ეს ჩემი დაწურული ღვინოა, წამალივით შეგერგებათ, _ მითხრა და ავსებული ჭიქა მომაწოდა.

ერთმანეთს მივუჭახუნეთ და გადავკარი. მართლა კარგი ღვინო იყო, მესიამოვნა. ჭიქა მაგიდაზე დავდგი და შემოვბრუნდი, რომ დავმშვიდობებოდი. მოულოდნელად ჩემი ყურადღება ჩარჩოში ჩასმულმა ქალის ფოტომ მიიქცია, რომელიც მის მაგიდაზე იდო. ვიცოდი, რომ ცოლ-შვილი არ ჰყავდა, ამიტომ ყურადღებით დავაკვირდი ფოტოსურათს. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ მოცინარ ქერა ქალბატონში ჩემი ყოფილი ცოლი შევიცანი, ჩემი ანა, ანიკო, ანო ასათიანი.

_ მოგეწონათ? _ კმაყოფილი ღიმილით შემეკითხა პრეზიდენტი.

_ ვინ არის? _ ხმა გამებზარა.

_ ჩემი ძმისშვილია. ლამაზია, ხომ? მე გერი ძმა მყავს, დედით ერთი ვართ, მამით სხვადასხვა. ახლო ურთიერთობა დიდად არ გვქონია. შვილი დაეღუპა და ისიც კი არ შემატყობინა. მერე თვითონაც დაიღუპა. ისიც და მისი ცოლიც. კოვიდით. ვერცერთი ვერ გადაარჩინეს. ეს რომ გავიგე, ძალიან მეწყინა. რაც არ უნდა იყოს, ძმაა მაინც. ეს ერთი გოგო დარჩა და რადგან მე ოჯახი არ მყავს, გადავწყვიტე, მისთვის მაინც მიმეხედა. ვიღაცას ხომ უნდა დარჩეს ჩემი ქონება, არა? უფრო ახლობელი ვინ მყავს? ჰოდა, აი, ჩემთან წამოვიყვანე. ძალიან კარგი გოგოა. არც ამას არ გაუმართლა. ქმარს დაშორებულია, შვილი არ ჰყავს. მე არაფერს გავუჭირვებ, ეს კარგად იცის. ღვიძლი შვილი მასზე უფრო არ მეყვარებოდა.

_ მართლა ძალიან ლამაზია, _ თითქოს ჩემთვის ჩავილაპარაკე. რაც მართალია, მართალია, ამ რამდენიმე წელიწადში ანა საოცრად დაქალებული და დამშვენებული მეჩვენა.

უკვე აღარ მესმოდა, ვახტანგი რას მელაპარაკებოდა. სასწრაფოდ დავემშვიდობე და წამოვედი.

ისე ავფორიაქდი, ყველაფერი გადამავიწყდა. ნეტავ ვინმე თუ ჰყავს ანიკოს? რატომ არ ეყოლება ამისთანა ქალს? აბა, ქვრივივით ხომ არ მიგლოვებდა? სავარაუდოდ, გაიჩენდა ვინმეს. ისე, არ გათხოვილა. ნეტავ რატომ? თუმცა გასაკვირი არაფერია. მეც ხომ არ შემირთავს მეორე ცოლი, დღემდე უცოლოდ ვარ. ან კი რატომ იჩქარებს, როცა ასეთი მდიდარი ბიძა უპოვია?

ისე ამრია ანოს სურათის ნახვამ, რომ კინაღამ ავარიაში მოვყევი. მანქანა გავაჩერე და გადავედი. სიგიჟემდე მომინდა ჩემი ცოლი მენახა.

***

ცოტა რომ დავმშვიდდი, ელიზას დავურეკე და ვთხოვე, ხინთიბიძის სახლის მისამართი მოეცა.

_ მასთან რა გინდა? _ ლამის მიკივლა.

არ ვუთხარი, მისი ბოსი უკვე ნანახი რომ მყავდა, ამიტომ ტყუილი დავაბრეხვე:

_ ჰამლეტის გაუჩინარების ამბავი უნდა ვამცნო. ოფისში არ მინდა მივიდე, თორემ მომიწევს საქმეს ოფიციალური სახე მივცე. ამიტომ საღამოს შინ ვეწვევი და ვეტყვი, რომ ნემსაძე დაიკარგა და ცოლი იმდენად შეშფოთებულია, პოლიციას მიმართა-მეთქი. თქვენზე კრინტს არ დავძრავ, ნუ გეშინია.

_ მართლა? დარწუნებული ხარ? _ არ დამიჯერა.

_ აბა, რატომ მივადგები სახლში, რა გგონია? მისი სიმდიდრისთვის მინდა თვალის შევლება თუ რა? _ გავღიზიანდი.

_ კარგი, მოგწერ მობილურზე, _ მითხრა ელიზამ და გამითიშა.

შეტყობინება ეგრევე მომივიდა. ოხ! მოუწყვია ჩემს ცოლყოფილს ცხოვრება! ვაკეში ცხოვრობს თურმე, ტაბიძეზე, კერძო სახლში!

მაშინვე იქითკენ ავიღე გეზი. ანას ნახვას ვეშურებოდი. მთავარია, შინ დამხვდეს. თუ არადა, იმას მაინც გავიგებ, სად მუშაობს და სამსახურში მივაკითხავ.

წითელი აგურის სახლს მივადექი და დავასიგნალე. კარი ვიღაც ფორმიანმა მამაკაცმა გამიღო. ალბათ დაცვის თანამშრომელი თუ იქნებოდა.

_ გამარჯობა. ბატონი ვახტანგ ხინთიბიძე აქ ცხოვრობს, არა? მისამართი ხომ არ მეშლება? _ ავხედ-დავხედე დაკუნთულ მამაკაცს.

_ დიახ, აქ ცხოვრობს. რა გნებავთ? ბატონი ვახტანგი შინ არ არის.

_ პოლიციიდან ვარ, _ ვთქვი, მანქანიდან გადმოვედი და ფირმის პრეზიდენტის დაცვას ჩემი მოწმობა გავუწოდე.

_ უკაცრავად, კაპიტანო. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

_ როდის იქნება სახლის პატრონი შინ?

_ საღამოს შვიდის მერე მოდის ხოლმე.

_ სახლში სხვა არავინაა?

_ კი, როგორ არა, მისი ძმისშვილია, მაგრამ…

_ თუ არ შეწუხდებით, იქნებ შემახვედროთ?

_ რაშია საქმე, არ მეტყვით? _ საქმიანი დაიჭირა დაცვამ.

_ ამას ქალბატონ ანას მოვახსენებ, _ სპეციალურად ვახსენე სახელი, რითაც მივანიშნე დაცვის თანამშრომელს, რომ უკვე ვიცოდი, სახლში კიდევ ვინ ცხოვრობდა.

ანას სახელის ხსენებამ გაჭრა. მამაკაცი დაიბნა.

_ არაა პრობლემა. ამწუთას აუზშია. მობრძანდით, კაპიტანო! ბატონ ვახტანგს რამე ხომ არ უჭირს?

_ არა, ბატონ ვახტანგს საშიშროება არ ემუქრება, აი, მის ძმისშვილს კი შეიძლება დაემუქროს, _ ახალი თამაში წამოვიწყე.

_ რას ამბობთ! _ შეიცხადა დაცვამ, _ ქალბატონ ანას რა პრობლემა აქვს?

_ შემოვიდა ინფორმაცია, რომ მოტაცებას უპირებენ. ამიტომ უნდა დაველაპარაკო.

_ აუჰ! გაგიჟდება ჩემი “ხაზეინი”.

_ მე პირადად მგონია, რომ ეს სისულელეა, მაგრამ გადამოწმება მაინც მჭირდება. დაველაპარაკები ქალბატონ ასათიანს, რამე ხომ არ შეუმჩნევია ბოლო ხანებში. იქნებ აეკიდა ვინმე, ან მანქანით გამოეკიდა. ქალებს მახვილი თვალი აქვთ, ეგეთ რამეებს მაშინვე ხვდებიან. თქვენი პატრონის შეწუხება არ მინდოდა, შეიძლება ქვეყანა შეძრას. ამიტომ ვარჩიე ჯერ ქალბატონი მენახა.

_ გასაგებია, კაპიტანო. ანუ ბატონმა ვახტანგმა არ უნდა გაიგოს, აქ რომ იყავით, ხომ?

_ სწორად გამიგეთ, კარგი იქნება, თუ ვერ გაიგებს. ჯერჯერობით საგანგაშო არაფერია. უკაცრავად, თქვენი სახელი?

_ მიშა მქვია.

_ ძალიან კარგი, მიშა. დიდი მადლობა.

_ აგერ მიბრძანდით, ამ ბილიკს გაუყევით და სახლის უკან აუზს დაინახავთ. ქალბატონი ანა იქ იქნება, _ ამიხსნა მიშამ.

გულის ფანცქალით დავადექი ბილიკს. სახლს შემოვუარე თუ არა, მართლაც ვეებერთელა აუზის წინ აღმოვჩნდი. მიმოვიხედე. ანიკო არსად ჩანდა. უეცრად წყალმა შადრევანივით ამოხეთქა შუაგულში და ანამაც ამოყვინთა. მერე გრაციოზულად მოუსვა მკლავები და საპირისპირო მიმართულებით გაცურა. როგორც კი კიდეს მიაღწია, მობრუნდა და ჩემკენ წამოვიდა.

ჩვენ შორის მანძილი სწრაფად მოკლდებოდა. როგორც ჩანს, შემამჩნია, რადგან უეცრად შეანელა ცურვა და დაჟინებით მომაჩერდა. გავუღიმე და ხელი დავუქნიე.

ანიკომ უფრო ენერგიულად მოუსვა მკლავები და ორიოდე წამში ჩემთან გაჩნდა. მიცნო თუ არა, გაოცებულმა ჩაავლო ხელები აუზის კედელს და თვალი თვალში გამიყარა.

_ შე-ენ? ედი, აქ საიდან? გამარჯობა!

_ გაგიმარჯოს, ანა! ქუჩაში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი, _ ისევ გავუღიმე.

_ რატომ, ასე ვარ დაუშნოებული? _ ეშმაკურად მოწკურა თვალები.

_ პირიქით, ძალიან გალამაზებულხარ.

_ ოჰ! მადლობა! _ გადაიკისკისა, _ შენც გადასარევ ფორმაში ხარ. სხვათა შორის, გამიხარდა შენი ნახვა.

_ მეც! _ არ დავმალე.

ჩემს გულს გუგუნი გაჰქონდა. მგონი, ისევ მიყვარს ეს გოგო! რა ჯანდაბა მემართება?

_ როგორ მომაგენი? ვინ გითხრა, აქ რომ ვცხოვრობდი?

_ ბიძაშენმა.

_ ბიძაჩემმა? შენ რა, ვახოს იცნობ?

_ პროფესია მაქვს ასეთი, _ მხრები ავიჩეჩე და ჩავიკუზე.

_ კარგი, ამოვალ და მერე ვილაპარაკოთ. შენ ისე არ მოხვიდოდი, რაღაც გაქვს ალბათ სათქმელი.

თავი დავუქნიე. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ ანო შინაგანადაც შეცვლილიყო. ოღონდ ჯერ ვერ ვხვდებოდი, რა კუთხით.

***

ანო წყლიდან ამოვიდა და ჩემკენ გამოემართა. წონა ოდნავ მომატებოდა, ისე გამხდარი აღარ იყო, როგორც ცამეტი წლის წინ. მოხდომოდა დაქალება. მოდიოდა მხრებგამართული, წყლის წვეთებით დაწინწკლული და ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე სავსე მკერდი ზემოთ-ქვემოთ უხტოდა.

_ გამოვიცვლი და ახლავე მოვალ. რამეს დალევ? რა გამოვაყოლო? _ ისე მომაძახა, არ მოუხედავს.

_ ცივ წვენს, _ მეც გავძახე. ახლა მაგარი სასმელი ნამდვილად არ მაწყენდა, მაგრამ შემეშინდა, მერე სისუსტემ არ მძლიოს და სისულელე არ ვილაპარაკო გაუხუნარ გრძნობებზე-მეთქი. ისევ ისე მაღელვებდა ჩემი ყოფილი მეუღლე, ამას აშკარად ვგრძნობდი.

ანიკო მალევე დაბრუნდა. აბრეშუმის ხალათი მოესხა, ოქროსფერი, რომლის შიგნით აშკარად არაფერი ეცვა, რადგან მკერდი ისევ ისე უთიმთიმებდა, როგორც წეღან. თან ორი მაღალი ჭიქა მოჰქონდა, რომელშიც მოყვითალო სითხე ესხა და ლიმონის ნაჭერი იყო ჩაგდებული ყინულის კუბებთან ერთად. საწრუპი ჩხირებიც არ დავიწყებოდა ჩემს ცოლყოფილს.

ერთი ჭიქა ჩამოვართვი და გავუღიმე.

_ იქ დავსხდეთ, მზე არ შეგვაწუხებს, _ თითი გაიშვირა ფანჩატურისკენ, რომელიც სახლთან ახლოს, ხეებს შორის გაეკეთებინათ.

ორივენი სარწეველა სავარძლებში ჩავსხედით და ერთმანეთს შევაჩერდით. არც მე ვიღებდი ხმას, არც ის.

დიდხანს მიყურა, თან წვენს წრუპავდა, ატმის წვენს. ამასობაში ერთი ღერის მოწევა მოვასწარი და ნამწვი საფერფლეში ჩავსრისე.

_ ბოლოს და ბოლოს, არ მეტყვი, ჩემთან რამ მოგიყვანა? _ თვალები მოწკურა და გამომხედა, თითქოს მეუბნებოდა, მიგიხვდი, რატომაც მოხვედი, გაინტერესებდა, როგორ გამოვიყურებოდიო.

სანამ ის გამოიცვლიდა, მე უკვე მოფიქრებული მქონდა, ჩემი მოსვლის მიზეზი ისე ამეხსნა, ეჭვი არაფერში შეჰპარვოდა.

ღრმად ამოვიხვნეშე და წარბები ავჭიმე.

_ სიმართლე გითხრა, არ ვიცი, რამდენად იღბლიანი გამოდგება ჩემი შენთან ვიზიტი, მაგრამ ხომ გაგიგია, ცდა ბედის მონახევრეაო. ჰოდა, როცა ყველა იმედი გადამეწურა, შენი ნახვა გადავწყვიტე. იქნებ შენ შეძლო ჩემი დახმარება.

_ ვახ, პირდაპირ საქმეზე გადახვედი?

გაგრძელება იქნება