რატომ საუბრობს მსოფლიო 30 წლის შემდეგ კვლავ კეროლაინ ბესეტისა და ჯონ კენედის შესახებ? - ვარსკვლავური წყვილის ტრაგიკული ზღაპარი - Marao

რატომ საუბრობს მსოფლიო 30 წლის შემდეგ კვლავ კეროლაინ ბესეტისა და ჯონ კენედის შესახებ? - ვარსკვლავური წყვილის ტრაგიკული ზღაპარი

2026-03-02 11:00:06+04:00

კენედი არ ყოფილა პრინცი. არც ბესეტი - კონკია. რაც უნდა ხშირად ეხსენებინათ ისინი პრესაში, როგორც “ზღაპრული” წყვილი ან ჩვენი “სამეფო ოჯახი”, ისინი ყოველივე ამის საპირისპირონი იყვნენ. კეროლაინს თავსაბურავი ეკეთა და არა - ტიარა. ჯონი ველოსიპედით დადიოდა და არა თეთრი ცხენით. ისინი ლოფტში ცხოვრობდნენ და არა - სასახლეში. გარეთ კი შავი „Saab“ ეყენათ და არა - ოქროს ეტლი.

სწორედ ეს ყველაფერი ხდიდა 33 წლის კეროლაინ ბესეტ-კენედის და 38 წლის ჯონ კენედი უმცროსს უფრო მომხიბვლელს, ვიდრე ისინი იქნებოდნენ იმ შემთხვევაში, მართლა წიგნის გმირები რომ ყოფილიყვნენ „უზრუნველი ცხოვრებით“. როდესაც ახალგაზრდობის, სილამაზის, ფულის, ძალაუფლების, დიდების, წარმომავლობის, დახვეწილობისა და სტილის ჯადოსნურ განტოლებას თანამედროვეობის ელემენტს დაუმატებთ, მიიღებთ იმას, რაც მათ ჰქონდათ: უნარი, დაატყვეონ მსოფლიო, იყვნენ ყოველთვის ყურადღების ცენტრში.

როცა ვამბობთ - ყოველთვის ყურადღების ცენტრში - ვგულისხმობთ ამ სიტყვას მთელი მისი გაგებით - კეროლაინი და ჯონი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, განხილვადი წყვილია. ყველაზე მთავარი მიზეზი, რამაც ახლა ახალი ტალღა ააგორა, არის რაიან მერფის ახალი პროექტი - „American Love Story: John F. Kennedy Jr. & Carolyn Bessette“. სწორედ ამ სერიალის კადრები და გადასაღები მოედნიდან გავრცელებული ფოტოები ვირუსულად გავრცელდა TikTok-სა და Instagram-ზე. ეს პროექტი ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვისაც 90-იანების ესთეტიკა, კენედების ოჯახის დრამები და მაღალი მოდის სამყარო აინტერესებს.

დიდების დასაწყისი და პრესის წნეხი

ჯონისთვის, რა თქმა უნდა, ფოტოაპარატების ციმციმი 1960 წლის 9 დეკემბრის დილიდან დაიწყო, როდესაც ის დედასთან ერთად ჯორჯთაუნის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლიდან გამოვიდა - მისი ნაადრევი დაბადებიდან 14 დღის, ხოლო მამის აშშ-ის 35-ე პრეზიდენტად არჩევიდან 31 დღის შემდეგ. კეროლაინისთვის კი ეს დაიწყო 1996 წლის 21 სექტემბრის საღამოს, როდესაც ის კამბერლენდის კუნძულზე მდებარე პირველი აფრიკული ბაპტისტური ეკლესიიდან გამოვიდა აბრეშუმის ნატიფ კაბაში  იმ ბრწყინვალე ღიმილით, რომელიც განკუთვნილი იყო საიდუმლო ცერემონიაზე დაპატიჟებული 40 მეგობრისა და ოჯახის წევრისთვის - თუმცა ის ნახა პრაქტიკულად ყველამ თავისუფალ სამყაროში, ვისაც ხელი მიუწვდებოდა გაზეთზე, ტელევიზორსა თუ ინტერნეტზე.

მიუხედავად იმისა, რომ კეროლაინისთვის უცხო არ იყო პრივილეგიები ან მდიდარი და სიმპათიური თაყვანისმცემლები, მხოლოდ ჟაკლინ ონასისის გვერდით აღზრდილი თუ იქნებოდა მზად იმ განსაკუთრებული ყურადღებისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო ქალისთვის, რომელმაც იმ პატარა ბიჭის გული მოიგო, რომელიც 1963 წლის ნოემბრის მამის კუბოს სამხედრო სალამს აძლევდა.

ტაბლოიდებმა მას მაშინვე „კამელოტის ახალი დედოფალი“ უწოდეს. Newsweek-მაც კი ვერ გაუძლო ჰიპერბოლას და გარეკანზე დაწერა: „კეროლაინის სტილი - JFK უმცროსის პატარძალი უკვე 90-იანების მოდის ხატია“. ოთხთვიანი პაპარაცული დევნის შემდეგ, ლონდონის Daily Telegraph სიხარულით წერდა: „მან შეიძლება მოიგო  პრინცი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგა პირადი ცხოვრება“. კეროლაინი ამის გამო ტიროდა, მაგრამ პრესასთან ამაზე არ საუბრობდა - როგორც ჩანს, ეს გაკვეთილი მან თავისი დედამთილისგან ისწავლა, რომელსაც პირადად არასოდეს იცნობდა.

სტილისა და პიროვნების ევოლუცია

ფოტოებში, რომლებიც მის ცხოვრებას ასახავდა, კეროლაინს ბესეტის ხშირად ჰქონდა შეშინებული და დაბნეული გამოხედვა, თუმცა ეს მზერა უცხო იყო ყველასთვის, ვინც მას პირადად იცნობდა. ირონიულია, მაგრამ სწორედ მისმა თავდაჯერებულობამ, უშუალო შარმმა და ენერგიულმა ხასიათმა გადააყვანინა ის ბოსტონის „Calvin Klein“-ის ბუტიკიდან ნიუ-იორკში, სადაც დიზაინერის ყველაზე ცნობილი კლიენტების მომსახურება ჩააბარეს. სამ წელიწადში ის საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) დირექტორი გახდა. შემდეგ კი კენედი გაიცნო და სულ უფრო ხშირად უწევდა ოფისის სათადარიგო გასასვლელიდან დატოვება.

სანამ ჯონ კენედი უმცროსის ცოლი გახდებოდა, ის შესაძლოა დიდად არ განსხვავდებოდა სხვა ახალგაზრდა ქერა ქალებისგან, რომლებიც ქალაქში „ბირკინის“ ჩანთებით დადიოდნენ, თუმცა გარკვეულ მომენტში მან საკუთარი იმიჯის შექმნა გადაწყვიტა. მისი დამოუკიდებლობის პირველი ნიშანი იყო ის, რომ საქორწილო კაბის შექმნა სთხოვა თავის მეგობარ ნარსისო როდრიგესს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ უცნობი დიზაინერი იყო. მოგვიანებით კი, საქველმოქმედო საღამოებზე ის სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა ვერსაჩეს ან იოჯი იამამოტოს სამოსში. ორი გამოსახულება რჩება მეხსიერებაში: როდესაც ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს ართმევს ხელს იამამოტოს შავ კაბაში და როდესაც თეთრ სახლში ჟან-პოლ გოტიეს სამკაულით ჩნდება.

როდესაც პრესა მისი მეუღლის სტილზე იწყებდა საუბარს, ჯონი სიამაყით ანათებდა. მას დიდი ხნის გამოცდილება ჰქონდა საჯარო ცხოვრებაში და ფლობდა ჟურნალისტების განიარაღების ნიჭს თავისი გულწრფელობით, იუმორითა და შარმით. ის ასევე ფლობდა ღირსებასა და სიმტკიცეს. მაგალითად, 1994 წლის 20 მაისს, როდესაც მან ხალხს დედის გარდაცვალების შესახებ ამცნო: „გუშინ ღამით, დაახლოებით 10:15-ზე, დედაჩემი გარდაიცვალა...“

თუმცა მასში პროვოკატორის ნიჭიც იყო. 1995 წელს, როდესაც მან ჟურნალი George დააფუძნა, მიიწვია მადონა სტატიის დასაწერად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაარწმუნა დრიუ ბერიმორი, მერილინ მონროს ფორმაში გადაეღო ფოტოები. ჯონმა კარგად იცოდა ცნობადობის ძალა. ექვსი წლის წინ მან Vogue-ს შეუთვალა, რომ მზად იყო ინტერვიუსა და ფოტოებისთვის ერთი პირობით: სტატია უნდა ყოფილიყო „Profile in Courage Award“-ის შესახებ და ფოტოზე ის მარტო კი არა, უფლებადამცველ ელეინ ჯონსთან ერთად უნდა ყოფილიყო. როდესაც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ოდესმე პოლიტიკაში წასვლას, მან უპასუხა: „უნდა ვაღიარო, რომ ამაზე ბევრს ვფიქრობ“.

kenedi

საჯარო დაპირისპირება: რეალობა და სერიალი

ამ წყვილის რთული ურთიერთობა დღეს სერიალის „Love Story: John F. Kennedy Jr. & Carolyn Bessette“ მეხუთე ეპიზოდის მთავარი თემაა. სერიალი საკმაოდ დრამატულია: მას შემდეგ, რაც ჯონის ხელის თხოვნას კეროლაინი დაუყოვნებლივ არ დათანხმდა, ჯონმა კი პრესასთან უარყო ნიშნობის ფაქტი, წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში ძაღლის გასეირნებისას ერთმანეთს უპირისპირდება. პაპარაცების ობიექტივების წინ ისინი ერთმანეთს უყვირიან, რის შემდეგაც ჯონი კეროლაინს თითიდან ძალით ხსნის ნიშნობის ბეჭედს და მიდის. კეროლაინი მას ზურგიდან ახტება, ჯონი კი მას იშორებს. მოგვიანებით, წყვილი პარკის სკამზე მდუმარედ ზის, შემდეგ კი საუბარს მათი აპარტამენტის მახლობლად აგრძელებენ. კეროლაინი ბეჭედს ისევ იკეთებს, ისინი ერთმანეთს ეხვევიან, რიგდებიან და ქალი საბოლოოდ თანხმდება ქორწინებაზე.

მოხდა თუ არა ეს სინამდვილეში? ნაწილობრივ - დიახ. 1996 წლის 25 თებერვალს ჯონი და კეროლაინი მართლაც დააფიქსირეს კამერებმა საჯარო კამათის დროს. ბატერი-პარკში მისვლისას დაიწყო ჩხუბი: ჩანს, რომ ჯონი კეროლაინს ხელიდან რაღაცას ართმევს, რის შემდეგაც ქალი მას მხრებზე ახტება. მოგვიანებით, შედარებით დამშვიდებულები, სკამზე საუბრობენ. პარკიდან გასვლისას ჯონი ტროტუარზე ჯდება, კეროლაინი კი მის თავზე დგას და ელაპარაკება. ქალი ხელს უწვდის და ჩანს, რომ კაცი მას ბეჭედს უბრუნებს. როდესაც კეროლინი ძაღლის საბელის გამორთმევას ცდილობს, ჯონი მას ხელს ჰკრავს და კამათი გრძელდება. ბოლოს, ისინი რიგდებიან.

სერიალში დიალოგები გამოგონილია, თუმცა მოქმედებები ზუსტად იმეორებს რეალობას. ფოტოგრაფი იხსენებს, რომ ჯონმა დაუყვირა: „ბეჭედი უკვე წაიღე, ძაღლსაც ვერ წაიყვან!“, რაზეც ქალმა უპასუხა: „ეს ჩვენი ძაღლია!“. ეს ფრაზები სერიალში სიტყვა-სიტყვითაა გადმოტანილი.

kenedi

დეტალების სიზუსტე და ქრონოლოგია

შოუს კოსტიუმების დიზაინერმა, რუდი მენსმა, მაქსიმალურად დაიცვა ვიზუალური სიზუსტე. ერთ-ერთი ყველაზე რთული მოსაძებნი აღმოჩნდა კეროლაინის „Patagonia“-ს ფართო ქურთუკი, რომელიც მას ამ ჩხუბის დროს ეცვა. დიზაინერებმა ის საბოლოოდ იაპონურ eBay-ზე იპოვეს.

თუმცა, სერიალში შეცვლილია ქრონოლოგია. რეალურად, ჯონმა კეროლაინს ხელი 1995 წლის ივლისში სთხოვა და ქალი იმავე ზაფხულს დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ George-ის პრეზენტაცია მართლაც სექტემბერში შედგა, სერიალში ჩხუბი მომდევნო დღეს ხდება, სინამდვილეში კი ეს ინციდენტი 5 თვის შემდეგ მოხდა.

მიუხედავად ყველაფრისა, წყვილმა მალევე იპოვა საერთო ენა. მოგვიანებით, ჰოვარდ სტერნის შოუში ამ ინციდენტზე კითხვისას, ჯონმა მომხდარი უმნიშვნელოდ მიიჩნია: „ეს რაღაც სულელური კამათი იყო. ჩვენ ხომ დიდი ხანია ერთად ვართ“. შვიდი თვის შემდეგ ისინი საიდუმლო ცერემონიით დაქორწინდნენ.

გააკეთებდა ჯონი იმას, რაზეც ფიქრობდა? წავიდოდა პოლიტიკაში? თუ დარჩებოდა თავის ჟურნალში, რომლის წარმატებისთვისაც იბრძოდა? და შეძლებდა თუ არა მისი ცოლი იმავე გონიერებით გამოეყენებინა თავისი მდგომარეობა, როგორც ამას თავიდანვე აკეთებდა? არავის უყვარს პასუხგაუცემელი კითხვები. მით უმეტეს - ასეთები.

kenedi

"რა მოხდებოდა?"

კითხვას „რა მოხდებოდა?“, ისტორიამ პასუხი 1999 წლის ზაფხულის ერთ ნისლიან ღამეს გასცა. ჯონ კენედი უმცროსი, კეროლაინ ბესეტი და კეროლაინის და, ლორენ ბესეტი, ჯონის კუთვნილი მცირეზომიანი თვითმფრინავით (Piper Saratoga) მიემართებოდნენ როდ-აილენდზე, ჯონის ბიძაშვილის, რორი კენედის ქორწილში.

თვითმფრინავი, რომელსაც თავად ჯონი მართავდა, ატლანტის ოკეანეში, კუნძულ მარტას ვინეიარდთან (Martha's Vineyard) ჩავარდა. სამივე მგზავრი ადგილზევე დაიღუპა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კატასტროფის მიზეზი „პილოტის დეზორიენტაცია“ გახდა - ნისლში ჯონმა სივრცის აღქმა დაკარგა. ამ ტრაგედიამ წერტილი დაუსვა „კამელოტის“ ბოლო იმედს და მსოფლიო შოკში ჩააგდო.

kenedi

კეროლაინისთვის პაპარაცების დევნა გაუსაძლისი გახდა. ის ხშირად ამბობდა, რომ თავს ნადირობის ობიექტად გრძნობდა. ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ სიცოცხლის ბოლო წელს მათ ქორწინებაში სერიოზული კრიზისი იყო:

კეროლაინმა შექმნა Modern American Chic. მან დაამტკიცა, რომ სილამაზე არა გადატვირთულობაში, არამედ სიმარტივეშია. დღეს, 30 წლის შემდეგ, მისი იმიჯი კვლავ რჩება მთავარ შთაგონებად ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიცაა The Row, Prada და Saint Laurent.