რამდენიმე დღის წინ ჩვენ იმ სამი ქართველი დიზაინერის შესახებ მოგიყევით, რომლებმაც კოლექციები წელს მილანის მოდის კვირეულზე წარადგინეს - ევიდ კომა - Blumarine, დემნა - Gucci, გალიბ გასანოვი - Institution.
დავით კომახიძესა და დემნა გვასალიას ქართველი აუდიტორია უკეთ იცნობს, გალიბ გასანოვის შესახებ კი მედიაში ნაკლებად იწერება - „ამომავალი ვარსკვლავი“ - ამ სახელით მოიხსენიებს ქართულ-აზერბაიჯანული წარმოშობის დიზაინერს მოდის ყველაზე გავლენიანი გამოცემა VOGUE.
VOGUE-მ გალიბ გასანოვის შესახებ ვრცელი, საინტერესო სტატია მოამზადა, სადაც მისი წარსულის, კონცეფციის, კოლექციებისა და ხედვის შესახებ გვიყვება.

ქართველ-აზერბაიჯანელი დიზაინერი, გალიბ გასანოვი, პარასკევს საღამოს მილანში თავისი 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებისთვის ემზადებოდა. თუმცა, ეს ერთადერთი რამ არ არის, რაც მის თავს ხდება. ორი კვირის წინ მისი ბრენდი, Institution by Galib Gassanoff, 2026 წლის LVMH Prize-ის ნახევარფინალისტად დასახელდა. კონკურსის შემდეგი ტური, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, 5 მარტს გაიმართება.
კონკურენტული გარემო გასანოვისთვის უცხო არ არის. იანვარში მან კოპენჰაგენში Zalando Visionary Award მოიპოვა, რამაც მას 50,000 ევრო და 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სრულად დაფინანსებული ჩვენება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიული პრიზები ბრენდებს გაფართოებაში ეხმარება, გასანოვის მიზანი არა გიგანტური მოდის სახლის შექმნა, არამედ მცირე, გააზრებული ბიზნესის ჩამოყალიბებაა, რომელიც იმ ხელოვანებსა და თემებს დაუჭერს მხარს, რომელთა გარემოცვაშიც ის გაიზარდა.
მილანის ჩვენებამდე გასანოვს მის დროებით სტუდიაში შევხვდი. კოლექციაში თვალში საცემია მოცულობითი ცხვრის ტყავის სამოსი, იაკის მატყლი და დახვეწილი ხელით ნაქსოვი ხალიჩები. სამოსი იმდენად დიდია, რომ ზოგჯერ მათ საჩვენებლად მეორე ადამიანის დახმარებაა საჭირო.
ამ ეტაპზე ბრენდი უფრო "პროექტია", ვიდრე ბიზნესი. გასანოვი თანამშრომლობს ისეთ ინსტიტუციებთან, როგორიცაა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო და რომის Capital Culture House, რათა მოიპოვოს დაფინანსება იმ თემების მხარდასაჭერად, რომლებიც მისი სამოსის წარმოებაში იღებენ მონაწილეობას. სწორედ აქედან მოდის ბრენდის სახელიც - Institution.
საწყისები და კარიერული გზაგალიბი სოფლად გაიზარდა და ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ თინეიჯერობისას, თბილისში ვიზიტების პარალულად მიიღო. სწორედ თბილისმა გაუხსნა მას გზა მოდის სამყაროსკენ. 18 წლის ასაკში მან გაიმარჯვა კონკურსში BeNext, რის შემდეგაც მილანში, Haute Future Fashion Academy-ში (HFFA) სასწავლებლად გაემგზავრა.
კარიერის დასაწყისში მას გაუჭირდა ე.წ. "მოდური წრეების" ნაწილი გამხდარიყო:
„რთულია მოდის ინდუსტრიაში, თუ არ ხარ “წრის” წევრი. მე არასოდეს ვყოფილვარ ამ წრის ნაწილი, რადგან მირჩევნია კულისებში ვიყო და ვაკეთო ის, რაც მინდა, ნაცვლად იმისა, რომ ვიარო წვეულებებზე და გავიჩინო არარეალური მეგობრები.“
2016 წელს მან და მისმა კურსელმა, ლუკა ლინმა, დააარსეს ბრენდი Act No.1, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. VOGUE გალიბ გასანოვის შესახებ მაშინაც წერდა: "გაიცანით თამამი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ცვლიან მოდას".
გასანოვისთვის ბიზნესის ზრდასთან ერთად გაზრდილი წნეხი აუტანელი გახდა. მას სურდა რაღაც უფრო ავთენტური, ამიტომ 2024 წელს ბრენდი დატოვა და Institution შექმნა.
"Institution დაიბადა ექსპერიმენტების, თანამშრომლობისა და ინსტინქტურად შექმნის სურვილიდან. ამჟამინდელი მოდის სისტემის გარდაქმნის აუცილებლობიდან, დაწყებული საკუთარი თავით. ის დაიბადა, როგორც პირადი ესთეტიკური გამოხატვის საშუალება, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ვიზუალურ ხელოვნებას. მისი მიზანია, იყოს შემოქმედებითი გამოცდილებისა და თანამშრომლობის ცენტრი.
მე ძალიან მიყვარს ტილდა სვინტონი. ის ყოველთვის იყო შთაგონების წყარო ჩემთვის. მისი ხელობის მიღმა, მე აღფრთოვანებული ვარ მისით, როგორც ძალიან ღრმა ადამიანით.
Institution-ის მთავარი გზავნილია, რომ ვიცოდეთ რას ვიცვამთ, რა სამოსს, რა მასალას ეხება ჩვენი სხეული. ვიცოდეთ იდეოლოგია, რომელიც თავისთავად წარმოადგენს ღირებულებას დროთა განმავლობაში, ფორმის, ფერის ან სიგრძის ტენდენციების მიუხედავად. როდესაც ტანსაცმელს ატარებთ, უნდა იგრძნოთ საკუთარი თავის არსი, შექმნათ ერთიანობა და ჰარმონია", - ამბობდა 2024 წელს გალიბ გასანოვი Harpers Bazaar-თან ინტერვიუში.
წარმოებაში ჩართულ ადამიანებთან მუშაობა მარტივი არ არის. გასანოვი თავად სტუმრობს სოფლებს საქართველოსა თუ აზერბაიჯანში.
დასაქმებულებს ხშირად არ აქვთ ატელიე, აქვთ საოჯახო საქმეები, ზოგჯერ კი ელექტროენერგიის არქონის ან ამინდის გამო მათთან დაკავშირება შეუძლებელია.
დიზაინერი გეგმებს 9 თვით ადრე სახავს, რათა გაითვალისწინოს ყველა გაუთვალისწინებელი გარემოება.
გასანოვის მიზანია შექმნას "ინდივიდუალური შეკვეთის" (made-to-measure) მოდელი, რომელიც უფრო მდგრადია მისი ხედვისთვის.
„არ მინდა ათასობით სამოსი. მინდა მყავდეს გულშემატკივრები, რომლებიც პატივს სცემენ ჩემს ნამუშევარს... მინდა შევქმნა ისტორია, რომელიც ჩემი თემიდან აქამდე არავის მოუყოლია.“