"Dressup Group" დედის დღესთან დაკავშირებით ცნობილი დედა-შვილების შესახებ გვიყვება. ამჯერად მათ ობიექტივში მსახიობი მაია გელოვანი შვილთან, მუსიკოს თემურიკო დიასამიძესთან ერთად მოხვდა:
- თუ ერთი წინადადებით უნდა თქვა, რას ნიშნავს შენთვის იყო დედა?
მაიკო: იყო დედა - ეს ნიშნავს სიყვარულს გულის ტკივილამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არსებობ და შენს ცხოვრებას აქვს აზრი.
- თქვენი ურთიერთობა რომ სიმღერა იყოს, რომელ სიმღერას შეადარებდით?
თემურიკო: მუსიკალურად ალბათ, პირველი რაც მახსენდება "Isn't She Lovely"-ია.
მაიკო: სხვათა შორის, მეც ამ ბოლო პერიოდში სულ ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად გავიდა დრო, თითქოს ორ დღეში შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. და ამ ბოლო პერიოდში ალბათ იქნებოდა ნიაზის სიმღერა "დრო".
- დროში რომ გემოგზაურათ, ბავშვობაში რას ეტყოდით ერთმანეთს?
მაიკო: არ ვიცი, ალბათ ძალიან ბევრს ჩაგეხუტებოდი. არაფერს არ გეტყოდი... იმიტომ, რომ ახლანდელი გადმოსახედიდან, დრო რომ გადის, გენატრება ის პერიოდი.
- რა მოგონებას გაიხსენებდით ბავშვობიდან?
მაიკო: აი მაღალი სიცხე რომ გაქვს ძალიან და ცუდად ხარ... დავხუჭე თვალები, აი რა გინდა - ვიფიქრე. მივხვდი, რომ გამახსენდა ბავშვობაში როცა ავად ვხდებოდი და დედას და მამას შუაში რომ ვწვებოდი... ყველაზე დაცული როცა ხარ ავადმყოფობის დროს. აი რა არის, ხომ არაფერი, მაგრამ იმ მომენტში აი ეს იყო - დედაჩემს და მამაჩემს შორის პატარა მაიკო დავინახე.
- დღეს და ახლა, რას ეუბნებით ერთმანეთს ისეთს, რასაც ადრე ვერ ეტყოდით?
თემურიკო: სუპერგმირად აღვიქვამ დედასაც და, რა თქმა, უნდა მამასაც. შენი საყვარელი სუპერგმირი ვინ არისო, რომ ეკითხათ, ალბათ, დავასახელებ მაიას და ნიაზს, რა თქმა უნდა.
მაიკო: ვაიმე! ასეთი კომპლიმენტი არასდროს არავისგან არ მიმიღია. სუპერგმირი თუ ვიყავი, არ ვიცოდი.
- იყო შვილი ნიშნავს...
თემურიკო: ბედნიერებაც ძალზე დიდია და გულის ტკივილამდე სიყვარული, მგონი, შვილსაც გააჩნია მშობლის მიმართ. სიამაყესაც დავამატებდი, იმიტომ, რომ მგონია ყველა შვილი ამაყობს მშობლით.
- რას ნიშნავს თქვენთვის გაზაფხულის დაწყება ზრუნვით?
თემურიკო: ზრუნვით უნდა იწყებოდეს მგონია გაზაფხულიც, ზაფხულიც, შემოდგომაც და ზამთარიც.
მაიკო: რაღაც სიახლე არის, ახლის დაბადება არის და რაც მთავარია მუცელში ბევრი პეპელა დაფრინავს და ეგ შეგრძნებები მიყვარს ძალიან.


ნიაზ დიასამიძე - ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსია დიდი საგვარეულო ისტორიით. მისი მუსიკასთან ურთიერთობა 15 წლის ასაკში დაიწყო და ძალიან მალევე ერთად ჯგუფიც ჩამოაყალიბა. კარიერაში მას არაერთი ფილმისთვის შეუქმნია საუნდტრეკები და ათობით საავტორო ნაწარმოების ავტორია. გარდა ამისა, ნიაზ დიასამიძე არის ცნობილი ფესტივალის, „არტ გენის“ თანადამაარსებელი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, განსაკუთრებული ურთიერთობა და სიყვარული მეუღლესთან, მსახიობ მაია გელოვანთან აკავშირებს. წყვილი 20 წელზე მეტია ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება. მათ ორი ვაჟი - თემურიკო და ანდრია ჰყავთ.
„ნიაზი ნიკო გომელაურთან გავიცანი. მასთან სახლში ვიყავი სტუმრად. ნიაზის წარმატებული კარიერა უკვე დაწყებული იყო. მანამდე შორიდან ვიცნობდი. თავიდან არც მოწონება მქონდა და არც არმოწონება. მერე თავისთავად მოხდა ყველაფერი. რამდენიმე ადგილას გადავიკვეთეთ.
სიყვარულზე საუბარი მიჭირს, ვერ ვლაპარაკობ... რთულია გრძნობის სიტყვებით გადმოცემა.
მე და ნიაზი უკვე 25 წელია ერთად ვართ და ეს სიყვარული სხვადასხვა ეტაპზე გადადის და უფრო იზრდება. მართლა დიდი ბედნიერებაა, ასე ძალიან რომ შეგიყვარდება ადამიანი...
მე და ნიაზი ცხრა მაისს დავქორწინდით. 21 დეკემბერს - სტალინის დაბადების დღეს, გაჩნდა თეიმურაზ დიასამიძე და 22 აპრილს, ლენინის დაბადების დღეს, დაიბადა ანდრია დიასამიძე. ასეთი უცნაური სამკუთხედი შეიკრა…
ნიაზი როდესაც ახალ ალბომს უშვებს, ყოველთვის სხვა მის ძალიან ახლო მეგობრებს შორის მეც ვარ ხოლმე, ვინც პირველად უსმენს. ამ ყველაფერს შვილებიც შემოუერთდნენ. მათ ძალიან უყვართ ამ პროცესში ჩართულობა“, - ამბობდა მაია გელოვანი.