„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია" - ანრი ჯოხაძის ემოციური მიმართვა - Marao

„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია" - ანრი ჯოხაძის ემოციური მიმართვა

2026-03-03 14:14:51+04:00

რუსთაველის თეატრის სცენაზე ანრი ჯოხაძის შემოქმედებითი საღამო შედგა, რომელიც მომღერალმა დედის ხსოვნას მიუძღვნა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მომენტი, როდესაც ანრი ჯოხაძემ „ყვავილების ქვეყანა“ შეასრულა. შესრულებამდე მან ემოციური სიტყვები წარმოთქვა.

„ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში, პირველ სკამზე. დღეს ეს სკამი სიმბოლურად ცარიელია… ეს მისი ადგილი იყო. მე მინდა შევასრულო სიმღერა, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური ბმა მაქვს. როდესაც მამა ციხიდან გამოვიდა და სახლში 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა, დედა გამოვიდა და მას „ყვავილების ქვეყანა“ უმღერა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ოჯახში სიყვარულის ასეთი ახსნა დავინახე და გავიგე. დღეს ამ გენიალურ სიმღერას კონკრეტულად დედას ვუძღვნი," - თქვა ანრიმ.

ანრი ჯოხაძე

ანრი ჯოხაძე მომღერლის, კომპოზიტორისა და შოუმენის ამპლუაში არაერთხელ გამოჩენილა ქართველი აუდიტორიის წინაშე. მან მსმენელს თავი ბავშვობიდან გააცნო. ანრი ჯოხაძემ პირველად მონაწილეობა 1998 წელს მუსიკალურ საერთაშორისო კონკურსში მიიღო, რომელიც უკრაინაში ჩატარდა. კარიერის მანძილზე მას არაერთი ჯილდო და გრან-პრი აქვს მიღებული. 2004 წელს ჯოხაძემ ჩინეთსა და რუმინეთში ჩატარებულ კონკურსებში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ მე-2 ადგილზე გავიდა. წარმატებას მიაღწია უკრაინულ ფესტივალებში „მორე დრუზეი იალტა –კიევი ტრანზიტი“, 2012 წელს კი საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე წარადგინა. 

საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძეც. როგორც ანრი აღნიშნავს, მისი კარიერის შექმნასა და წარმატებაში დედას დიდი წვლილი მიუძღვის.

მამა წლების გამავლობაში ციხეში იჯდა. მომღერლის თქმით, მამა მაშინ დააკავეს, როცა თავად 1 წლის იყო. დედა სამი მცირეწლოვანი შვილით დარჩა მარტო. ანრის თქმით, მამას სახელმწიფო ქონების მიტაცება ედებოდა ბრალად და თავიდან დახვრეტაც კი იყო გათვალისწინებული, თუმცა საბოლოოდ 15 წელი მიუსაჯეს, საიდანაც 8 წელი საპატიმროში გაატარა და სწორედ იქ გაიცნეს მამა ბავშვებმა. 

anri-joxadze

„ჩემი და ჩემი და-ძმის ამღერება მამის პატიმრობას უკავშირდება. როდესაც მამა დაიჭირეს, მას უმძიმესი სასჯელი, დახვრეტა ემუქრებოდა. შემდეგ ეს განაჩენი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, რადგან მამას 5 შვილი დარჩა. მე ეს ამბავი წლების შემდეგ გავიგე.

დედამ მას წერილი გაუგზავნა და პირობა მისცა: „შენს შვილებს ყოველთვის ნახავ ტელევიზორში!” და ეს პირობა შეასრულა. ჩვენ სულ ვმონაწილეობდით საახალწლო სატელევიზიო გადაცემებში და მამა გვიყურებდა, მანამ, სანამ პირადად გავიცნობდით.

შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მამას ამნისტია შეეხო და 1988 წელს გამოვიდა ციხიდან. გავიხსენებ გაცნობის მომენტს. მივედით საპატიმროში და იქ ყველა პატიმარი შავებში იყო ჩაცმული. ისინი ცოლ-შვილს ელოდებოდნენ და ერთ-ერთი იყო მამაც.

როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ჩვენ ეს დავინახეთ, საშინელი პროტესტი გვქონდა. ვეცით კალთაზე და დავიწყეთ გამოქაჩვა, წასვლა გვინდოდა. შემდეგ უკვე გავაცნობიერეთ, რომ ის მამაჩვენი იყო. დედამ ამაში დიდი როლი ითამაშა. მამა გარდაიცვალა უკურნებელი სენით. მაშინ ჯერ მხოლოდ 16 წლის ვიყავი”, – ამბობდა ანრი ჯოხაძე.