„ნანი რა სისულელეებს მელაპარაკებიო“ და ჭკუას მასწავლიდა" - ნანი ბრეგვაძის გულახდილი ინტერვიუ - Marao

„ნანი, რა სისულელეებს მელაპარაკებიო, ჭკუას მასწავლიდა..." - ნანი ბრეგვაძის გულახდილი ინტერვიუ

2026-03-03 15:10:04+04:00

მომღერალი ნანი ბრეგვაძე inner.ge-ს სტუმარი იყო, მან ინტერვიუს ფარგლებში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, გაიხსენა განვლილი გზა, კარიერისა თუ ურთიერთობების მნიშვნელოვანი მომენტები და მისი ცხოვრების მთავარი გმირები. გთავაზობთ პატარა ამონარიდს ნანის ინტერვიუდან.

ნანი ბრეგვაძის ინტერვიუ

„ამ ცხოვრებიდან ადამიანი მატერიალურ სიმდიდრეს ვერაფერს წაიღებ; მხოლოდ შენი ბუნება მიგაქვს, აქ მხოლოდ კარგ სახელს ტოვებ. კარგი ცხოვრება არ არსებობს, აუცილებლად უნდა გაიარო რთული გზა, რომ მწვერვალამდე მიხვიდე. მხოლოდ ჩემს თავზე კი არ ვამბობ, საერთოდ ასეა.

მე ყოველთვის ახალგაზრდების გვერდით ვიქნები და თქვენც ასე უნდა იყოთ, რადგან ისინი ახალი თაობაა. ჩვენ უკვე წავედით, ცხოვრება კი წინ მიდის. ჩემს შვილიშვილს, რაღაცას ვეუბნებოდი მიყურებდა და მითხრა: „ნანი რა სისულელეებს მელაპარაკებიო“ და ჭკუას მასწავლიდა.

საკუთარ თავს არასდროს ვანებივრებდი იმ ფიქრით, რომ აუცილებლად ყველას უნდა მოვწონებოდი; ამის პრეტენზია არასდროს მქონია. პრეტენზია მხოლოდ საკუთარი პიროვნების მიმართ მქონდა. თუ ჩემზე რაიმე ცუდს გაიგებდნენ, ამაზე რეაქცია მქონდა, ვღელავდი და განვიცდიდი. სწორედ მაყურებელმა გამაძლებინა დღემდე, რომ კიდევ ვმღერი. სიმართლე გითხრათ, ახლა სოლო კონცერტის გამართვა მერიდება კიდეც, სირცხვილადაც მიმაჩნია, მგონია აღარც გამომივა, მაგრამ ადამიანი მადლიერი უნდა იყო. როდესაც ვინმე მცირედ სიკეთეს მაინც გიკეთებს, მისი მადლიერი უნდა დარჩე. მე მადლიერი ვარ ახალგაზრდების, ისინი დიდ ძალას მაძლევენ. ადამიანი ვინც ბევრი დახარჯა საკუთარ თავზე და სიღრმეში ჩავიდა ის ყოველთვის იმარჯვებს.

  • „ყველაფერი მშვენიერი, ყველაფერი მტკივნეული..." - ნატალია ქუთათელაძის იშვიათი ოჯახური კადრები 

nani-bregvadze

ჩემი კარიერის დასაწყისში საშინელ პირობებში მიწევდა ცხოვრება. მატარებელი დღემდე მეზიზღება, რადგან მაშინ იქ ყველაფერი ბინძური, სველი და მოუწესრიგებელი იყო; სველი თეთრეული მოჰქონდათ. მახსოვს, არასდროს მეძინა, სულ ვიჯექი და დღემდე მეზიზღება მატარებლით მგზავრობა. ერთხელ რეკლამა გადავიღეთ, სადაც უნდა მეთქვა, როგორ მიყვარს მატარებელი - ვგიჟდები-მეთქი და თან მეცინებოდა. სულ იმას ვნატრობდი, ნუთუ ოდესმე სასტუმროს კარგ ნომერში მოვხვდები-მეთქი. ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი, რომ სულ კარგად იყო.

როდესაც ადამიანი ფსიქოლოგიურად კარგად არ არის, აუცილებელია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და პრობლემა არ დავმალოთ. ამის დამალვა არ შეიძლება, ეს სირცხვილი არ არის. შენ ცუდს კი არაფერს აკეთებ, უბრალოდ რაღაცამ ავად გაგხადა და შველა გჭირდება. ადრე მალავდნენ, ოჯახის წევრებსაც კი არ ეუბნებოდნენ, რაც ჩემთვის გაუგებარია. როდესაც მდგომარეობა უკვე გამოუვალი ხდება, მერე ყველა ფეხზე დგება, მაგრამ ეს უფრო აუარესებს ყველაფერს. როგორც კი რამეს შეამჩნევთ, იმ წუთშივე უნდა თქვათ. ხშირად დედა შვილს არ ეუბნება ან შვილი დედას, რომ არ შეაწუხონ, ასე მიდიან ამ ქვეყნიდან. 

ყველას ვუსურვებ იმას, რაც ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ყოფილა - ჯანმრთელობას. მე ჩემი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ მაქვს ჩემი უდიდესი სიმდიდრე - ჩემი ხმა და ხალხის სიყვარული. მადლობას ვუხდი ყველას, თქვენით დაწყებული და იმ პატარა ბავშვებით დასრულებული, რომლებიც ჩემთან ფოტოს გადასაღებად მორბიან. ძალიან ბედნიერი ვარ. უფალს ყოველ წელს ვეხვეწები, კიდევ ერთი წელი მომიმატე და ასე მოვედი 90 წლამდე. ღმერთმა დღემდე ჯანმრთელობა მომცა, ახლა უკვე მტკივა, თუმცა ამ ასაკში უკვე დროა, რაღაც გტკიოდეს,“ - ამბობს ნანი ბრეგვაძე ინერთან ინტერვიუში.