ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ომანიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა პირველი სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
როგორც ცნობილია, საქართველოში დაბრუნებულთაგან ერთ-ერთი მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილია. მან შექმნილი მდგომარეობის შესახებ ჩამოფრენისთანავე მედიასთან ისაუბრა:
„ჩვენ ვიმყოფებოდით აბუ-დაბიში, თვითონ ქალაქში სიტუაცია ძალიან მშვიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების ხმები პერიოდულად სულ გვესმოდა, მაგრამ მშვიდობით დავბრუნდით. მგონი, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც მოახერხა თავისი მოსახლეობის ევაკუაცია“,- თქვა სალომე ღვინიაშვილმა კომენტარში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
ომანიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო რიგ ქვეყნებში საჰაერო სივრცის დახურვამ შეაფერხა მგზავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები 3, 4 და 5 მარტს დაიგეგმა საქართველოს იმ მოქალაქეთათვის, რომელთაც შეექმნათ სამშობლოში დაბრუნების შეფერხება.
საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.
ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას.

