"ჩემზე ამბობდა, რომ მე ვარ საოცრად უწიგნური... არადა, ზუსტად იცოდა, რომ მე უწიგნური არ ვარ" - მაია ასათიანის ინტერვიუ - Marao

"ჩემზე ამბობდა, რომ მე ვარ საოცრად უწიგნური... არადა, ზუსტად იცოდა, რომ მე უწიგნური არ ვარ" - მაია ასათიანის ინტერვიუ

2026-03-06 11:33:29+04:00

"არ მიყვარს საჯაროდ თქმა ჩემს კოლეგებზე, რომ რაღაცას სწორად აკეთებენ და რაღაცას - არა, არ გამოდის ლამაზად. 

ჩემი თაობიდან ყველამ ძალიან პატარა ასაკში დავიწყეთ მუშაობა. როცა ტელევიზიებში მივედით, იქ დაგვხვდა ძველი საბჭოთა გვარდია. ძალიან მწარედ მახსოვს, როგორ ლანძღავდა ნაკლებად ცნობილი, კადრს გარეთ მყოფი ადამიანი ახალგაზრდებს. იმდენ საძაგელ შენიშვნას აძლევდა, ისეთ საძაგელ სიტყვებს ეუბნებოდა ახალგაზრდებს გული მოგიკვდებოდათ. არადა, ახალგაზრდა ხომ იმისთვის არის, რომ შეეშალოს, წაიქცეს, ისწავლოს - ჩვენ ასე ვისწავლეთ. 

ხომ ყველას ჰყავს ჟურნალისტი, რომელიც მისთვის მისაბაძია, მოსწონს. მეც მყავდა ასეთი, ჩემზე 20-30 წლით უფროსი იყო ეს ჟურნალისტი. 20 წლის ვიყავი, როცა მასთან ვმუშაობდი, მისი გადაცემისთვის სიუჟეტებს ვაკეთებდი. ერთ დღესაც, ფეისბუკზე იდება ვიდეო, სადაც ჩემზე საუბრობს და ამბობს, რომ მე ვარ საოცრად უწიგნური. არადა, ზუსტად იცოდა, რომ მე უწიგნური არ ვარ. უბრალოდ, მე იმ დროს ვიყავი ყველაზე პოპულარული თოქ-შოუს წამყვანი, „პროფილი“ პიკში იყო მაშინ. 

ამიტომ, მე ვხედავ სხვების შეცდომებს,მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობ, მაყურებლის რაოდენობით გამოჩნდება, ვინ წავა და ვინ - დარჩება“, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გიორგი მახარაშვილისა და გიორგი კალატოზის პოდკასტში ისაუბრა.

maia-asatiani

მაია ასათიანის ოჯახი და კარიერა

მაია ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ტელე-პერსონაა თანამედროვე საქართველოს მედიასივრცეში. მის სახელს არაერთი გადაცემა უკავშირდება. განსაკუთრებული პოპულარობა კი საავტორო შოუ "პროფილმა" მოუტანა. 

  • მაია ასათიანის ინტერვიუ: " მაბულინგებენ, რომ შვილს სწორად არ ვგლოვობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ფეხი ვერ გადავაბიჯე"

მაია ასათიანმა ტელევიზიაში კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა მაყურებელმა გადაცემა "ალიონში" იხილა, რითაც ახალგაზრდა წამყვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდგომ წლებში კი იგი კორესპონდენტის ამპლუასაც წარმატებით ირგებდა. 2000-იანი წლების დასაწყისში მაია ასათიანმა წამოიწყო საავტორო გადაცემა "პროფილი", რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ქართულ ტელესივრცეში. გადაცემაში გაჟღერებული ადამიანური ისტორიები, გულწრფელი საუბრები მაიას ხელწერად იქცა.

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს... მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.

maia-asatiani

რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელის შემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს", - ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.

შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.