ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის გამო არაერთი ქართველი სამშობლოში სპეციალურად დანიშნული ფრენებით დაბრუნდა. მათ შორის იყო მოდელი სალომე ღვინიაშვილი, რომელმაც ჩამოფრენისთანავე მედიასთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი მოსახლეობის ევაკუაცია შეძლო. მის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა და რამდენი დღეა, განხილვის საგანია.
სალომემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მის შესახებ დაწერილ კომენტარებს გამოეხმაურა. სალომემ განმარტა, რომ მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელიც მიიღო. ასევე თქვა, რომ ის და მისი მეუღლე არ არის დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში, დუბაიში კი უბრალოდ დასასვენებლად იყო მეგობრებთან ერთად.
სალომე ღვინიაშვილის განცხადება გაიზიარა მოდელმა რუსა ჩაჩუამაც:
"ვუერთდები სალომეს, რადგან ნამდვილად მადლიერი ვარ. ჩემი და და მისი შვილი წინა რეისით ჩამოფრინდნენ, ხოლო მე, ჩემს ოთხ შვილთან ერთად, მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის", - დაწერა რუსა ჩაჩუამ.

სალომე ღვინიაშვილის განცხადება
"გულწრფელად ვერ გავიგე, რატომ არ გვიხარია ის, რაც საქართველომ შეძლო, მაშინ როცა ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. როცა რაღაც კარგი ხდება, რატომ არის რთული ამის აღიარება?
ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, როცა კარგს ვაფასებთ და ვამბობთ. ისევე როგორც, ბუნებრივია, როცა კრიტიკასაც გამოვთქვამთ ან პროტესტსაც ვაფიქსირებთ, როცა რაღაც არ მოგვწონს. ეს პოლიტიკურ მხარეებზე არ უნდა გადიოდეს, საბოლოოდ ეს ჩვენი საერთო ქვეყანაა.
ასევე მინდა მივმართო იმ ადამიანებსაც, რომლებიც უკვე მეორე დღეა უკვე ჩემი ლანძღვით არიან დაკავებული. მეგობრებთან ერთად ვიყავი დასასვენებლად. არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვართ მთავრობის წარმომადგენლები, არც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობთ და არც ვინმესგან რამეს ვიღებთ. ვშრომობთ და ვცხოვრობთ ჩვენი შრომით. შესაბამისად, როდესაც მომინდება ჩემი შემოსავლით წავალ იქ სადაც მინდა.
რაც შეეხება ე.წ "მთავრობის სიებს", ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რამდენად არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ ამ თემას აღარ გავაგრძელებ.
და ბოლოს, მადლობა ყველას, ვისაც უბრალოდ გაუხარდა ჩემი მშვიდობით დაბრუნება ქვეყანაში" - წერს სალომე ღვინიაშვილი.