ინგა გრიგოლიამ ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია" სტუმრობისას არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, წლების მატებაზე, პირად სივრცესა და ოჯახზე.
"გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია", - აი, ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი. რით უნდა გავახსენდე მაყურებელს?! - ამბავი, რომელიც ვერასდროს მოვიშორე ისაა, რომ როცა გადაცემას ვხსნიდი, ჯერ უნდა მეთქვა ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შემდეგ წარმედგინა ჩემი თავი. აი, მაგალითად: მსახიობმა ეკა ჩხეიძემ მთავარი როლი შეასრულა სპექტაკლში - გამარჯობა, მე ვარ ინგა გრიგოლია...
მე არ შემიძლია გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა - ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიზარდა, გაიზარდა და ისე გამოვიდა, რომ გამარჯობას გადაცემის ბოლოს ვამბობდი. დღეს ხომ ასე აღარ მიმყავს გადაცემა, მაგრამ ახალ ადამიანებს როცა ვხვდები, ისევ ამას მახსენებენ - რა მაგარია, გამარჯობას ბოლოს რომ ამბობდიო. ჰოდა, ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავიც ესაა - გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია".

"თავისუფლებაც ის არის, რა გზაც გავიარე. ჩემი თავისუფლებისთვის ვიბრძოდი ყოველთვის. თუ სადმე რაიმე პრობლემა შემქმნია, სწორედ ამ თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება, ვერ ვიტან ადამიანებს, ვინც თავისუფლებას მიზღუდავენ ან სხვას აიძულებენ, რომ იფიქრონ ისე, როგორც თავად ფიქრობენ. თავისუფლებაა აზრის, მოქმედების თავისუფლება. სულ ამისთვის ვიბრძოდი, პროფესიაშიც თუ რამე დაბრკოლება მქონია, ამის გამო. მე ვარ თავისუფალი ადამიანი და სხვის თავისუფლებასაც ვცემ პატივს"
"ბედნიერება ჩემთვის არის ის მდგომარეობა, რომელშიც ვარ ახლა. მე, მიუხედავად ამ ომების, ბრძოლებისა და დაღლის მიუხედავად, ჩემმა პროფესიამ გამაბედნიერა. ძალიან მიყვარს და ისეთი მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს გზა გამატარა. ბედნიერებაა, როცა ოჯახი გყავს - შვილი, შვილიშვილი. ყველაფერი მაქვს, რომ ვიყო ბედნიერი. ზოგჯერ ახლობლების წრეში ვწუწუნებ ხოლმე და რამდენჯერაც ასე ხდება, ჩემი და მაჩუმებს, ღმერთმა ყველაფერი მოგცა და ნუ წუწუნებო".
"ჟურნალისტ ინგა გრიგოლიაში წლებმა ბევრი ვერაფერი შეცვლა. დღესაც ისევ ისე ვნერვიულობ ეთერში შესვლამდე - სულ პირჯვარს ვიწერ. დღემდე ვერ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობებს, ვერ დავძლიე მღელვარება.
ადრე ძალიან ბობოქარი ვიყავი, ალბათ, ასაკმა მოიტანა, რომ ახლა სრულად ვაკონტროლებ ემოციებს. ვეღარ წარმომიდგენია, რომ პირადი ურთიერთობების გამო ღამე გავათენო, ყოფილა ადრე ასეთი შემთხვევები. ახლა მომწონს ეს დაღვინებული ხასიათი, ვიცი, რა მინდა ცხოვრებისგან, როგორი მინდა იყოს ჩემი ცხოვრება. ადრე სახლში მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი, არასდროს საჭმელი არ მქონდა. ახლა ასე აღარ არის - უფრო მშვიდად ვცხოვრობ.

ინგა გრიგოლია ქართველი ჟურნალისტი, ტელეწამყვანია. იგი ცნობილია თავისი პირდაპირი, ობიექტური და კრიტიკული მიდგომით პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. გრიგოლია მრავალი წელი მუშაობდა ქართულ ტელევიზიებში, მათ შორის იყო "რუსთავი 2", "იმედი", TV პირველი და სხვა წამყვანი მედიასაშუალებები.
ინგა გრიგოლიას კარიერაში გამორჩეულია მისი უნარი, წარმართოს მწვავე დისკუსიები. მისი ჟურნალისტური სტილი ხშირად არის პირდაპირი და ემოციური, რაც მისი დამახასიათებელი ნიშაა.
ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტური საქმიანობა 1990-იან წლებში დაიწყო. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა სხვადასხვა გაზეთსა და რადიოში, სადაც კონცენტრირებული პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე იყო. გრიგოლია მუშაობდა "რუსთავი 2"-ზე, სადაც წლების განმავლობაში მიჰყავდა პოპულარული საინფორმაციო და პოლიტიკური თოქ-შოუები. მოგვიანებით ის გადავიდა "იმედი" ტელევიზიაში, სადაც კვლავ გააგრძელა თოქ-შოუების წაყვანა. ბოლო წლებში ის მუშაობს "ტვ პირველზე". ის აქტიურად აშუქებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს.
ინგა გრიგოლია არასდროს საუბრობს საჯაროდ პირად ცხოვრებაზე. ცნობილია, რომ მას ჰყავს ერთი ქალიშვილი, მარი გრიგოლია. მარი დაოჯახებულია და ერთი გოგონა ჰყავს.
