ნიკოლოზ მემანიშვილს უკვე რამდენიმე წელია, საზოგადოება ნიკოლოზ რაჭველის ახელით იცნობს. ის არის ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი.
1996 წელს დაამთავრა ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი ფორტეპიანოსა და კომპოზიციის სპეციალობებით, ხოლო 2005 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით. 1999 - 2003 წლებში ეუფლებოდა დირიჟორობის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის სპეციალობებს ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ეწევა მრავალმხრივსა და აქტიურ შემოქმედებით, საშემსრულებლო და საორგანიზაციო საქმიანობას. 2011 წელს გადაეცა საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია, 2012 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 2017 წლის 26 მაისს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა.
ნიკოლოზ რაჭველი ტელევიზიებისა და პოპულარული შოუების ხშირის სტუმარი არ არის, მისი ყველა ინტერვიუ კი განსაკუთრებით საინტერესოა. მან ეკა ჩხეიძის გადაცემაში "პირველი სტუდია" ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპზე ისაუბრა, მათ შორის, ბავშვობაზე, დედაზე და გვარის შეცვლაზე.

ვმუშაობდი ბარში, უნივერსიტეტის პირდაპირ. იქ რომ ჩემი კლასელების მშობლები შემოდიოდნენ, არ მსიამოვნებდა, არ მინდოდა რომ დავენახე, შევემჩნიე. ზურგით ვდგებოდი, მაგრამ ყველამ ისედაც იცოდა. ვის დარჩებოდა 11-12 წლის კაფეში მომუშავე პიანისტი შეუმჩნეველი?! ეს ახლაც რომ ხდებოდეს, ყველას გვეცოდინება, რომ სადღაც ბავშვი უკრავს.
ცოტა მოგვიანებით მცხობელიც ვიყავი, როცა ვენაში სასწავლებლად წასულს თავის რჩენა მჭირდებოდა. მომსახურების სფეროში მუშაობამ მე ადამიანურად გამზარდა.
მახსოვს, დედაჩემს სულ ჰქონდა განცდა, არ მეფიქრა, რომ მე არ ვარ მისი ბიოლოგიური შვილი და ვარ ნაშვილები. იმიტომ, რომ ასეთი ასაკობრივი სხვაობა თვალში საცემია. ვინც არ იცოდა, რომ დედაჩემი იყო, ბებიას ეძახდნენ - ბებიამ მოგაკითხაო, სკოლაში მეუბნებოდნენ.
დედა 40 წელს გადაცილებული იყო, მე რომ გავჩნდი. სულ ნერვიულობდა, რომ ვინმეს რამე არ ეთქვა და ფსიქოლოგიური პრობლემა არ შემქნოდა. მისი მოქმედებები სულ იყო პრევენცია, რომ ეს ასაკობრივი სხვაობა არ ყოფილიყო ჩემთვის დაბრკოლება.
მე არ განვიცდიდი, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მასწავლებელმა მოგვცა დავალება და გვითხრა, რომ მშობლები უნდა დაგვხმარებოდნენ. როგორც ჩანს, მე სწორად ვერ გავაგებინე დედაჩემს დავალება და დავუშვით შეცდომა. როცა მივიტანე, ცუდად მოიხსენია მასწავლებელმა დედაჩემი. მაშინ ძალიან ვინერვიულე.

რაჭველებს კარგი რეაქცია ჰქონდათ გვარი რომ შევიცვალე, რადგან ყველას იდენტიფიკაცია მოხდა ჩემს წარმატებაში. მე ვღელავდი და დედაჩემიც, რა რეაქცია ექნებოდათ უშუალოდ მამის მხარეს ნათესავებს, მაგრამ არავის გამოუხატავს უარყოფითი ემოცია.
გვარის ცვლილება შემთხვევით მოხდა - ახალი შემოსული იყო ფეისბუკი, გადავწყვიტე, რომ იქ დამეწერა „ნიკოლოზ რაჭველი“. ეს პერიოდი დაემთხვა „ქეთო და კოტეს“ პრემიერებს. რომ მივედი რეპეტიციაზე, ყველამ მოიწონა ეს არჩევანი, ნანი ბრეგვაძემ მითხრა, მეც კი დავირქმევდი ასე, ახალგაზრდა რომ ვიყოო.
მერე მედიამ გადაწყვიტა, რომ ეს მნიშვნელოვანი ამბავია და ტელევიზიებში გაშუქდა, მეც წარმოვიდგინე, რომ ჩემი სახელი და გვარი აფიშაზე ასე უფრო ლამაზი იქნებოდა, თანაც, შემიძლია ყველგან წავიღო რაჭა, ყველა კონცერტზე, ფესტივალზე, ეს დღემდე ძალიან მახარებს.
