გაოცებულმა შუბლი შევიჭმუხნე. ვერ მივხვდი, რა არ ესიამოვნა.
_ არც იმას მეკითხები, ვახოსთან რატომ აღმოვჩნდი, რანაირი ჩემი ბიძაა, სად ვმუშაობ, რას ვაკეთებდი შენთან დაშორების შემდეგ, როგორ ვცხოვრობდი, გავთხოვდი თუ არა… _ და ისეთი ღიმილი მესროლა, ტყუილში რომ გამოიჭერენ ადამიანს და მერე ნიშნს უგებენ.
_ ამ ყველაფერს თავად მომიყვები, თუ სურვილი გექნება. მე რომ ახლა შენ ამეების გამოკითხვა დაგიწყო, იფიქრებ, კვდება ცნობისმოყვარეობით ჩემი ცხოვრების შესახებო. რაღაცები ვიცი ბიძაშენისგან, დანარჩენი მერე იყოს, თუ გენდომება დეტალების გაზიარება. შენ ჩემი ცოლი უკვე აღარ ხარ. რა უფლებით უნდა გამოგკითხო ყველა წვრილმანი? არც შენ დაინტერესებულხარ მაინცდამაინც ჩემი უშენობით გატარებული ცხრა წლით. არადა, ქალები უფრო ცნობისმოყვარეები ხართ, ვიდრე ჩვენ, კაცები.
თავი უკან გადააგდო და კეკლუცად გაიცინა. არ ვიცი, მე გამეკეკლუცა თუ ასეთი სიცილი უკვე ცხოვრების სტილად ჰქონდა გადაქცეული, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ სასტიკად არ მომეწონა. რაღაცნაირად ხელოვნური მეჩვენა ჩემი ერთ დროს სათაყვანებელი ქალი.
_ კარგი, რახან ასეა, გისმენ. მითხარი, რა ხდება და მე რა შემიძლია შენთვის გავაკეთო.
_ გეტყვი, _ ჭიქა მაგიდაზე დავდგი, ფეხები გავჩაჩხე და ცოტა დაბლა ჩავსრიალდი სავარძელში, რათა უფრო თავისუფლად მეგრძნო თავი. მასთან შეხვედრამ აშკარად შემბორკა, _ ერთ საქმეს ვიძიებ. მკვლელობის საქმეს.
_ მართლა? ვინ მოკლეს? _ თითქოს ძალიან აინტერესებსო, ფეხი ფეხზე გადაიდო, ზედა მუხლს ერთმანეთში ჩახლართული თითები შემოაჭდო და ოდნავ წინ გადმოიხარა.
_ მხატვარია ერთი, გაბრო გოთუა. არაა მაინცდამაინც ცნობილი, არ გეცოდინება, მაგრამ შეიძლება იმ ქალებს იცნობდე, ვინც მან დახატა. ერთ-ერთის ვინაობა ვერ დავადგინე და იქნებ შენ იცოდე ვინ არის.
წამიერად შეეცვალა სახის გამომეტყველება. გადაფითრდა. მაშინვე მოაშორა მუხლს თითები და სავარძლის ზურგს მიეყრდნო.
_ გაბრო მოკლეს? როდის? ვინ? რატომ? _ მისი ჩურჩული ფოთლების შრიალივით გაისმა.
ისე გამაოგნა და დამაბნია მისმა შეკითხვებმა, რამდენიმე წამის განმავლობაში პასუხის გაცემა ვერ შევძელი.
საინტერესოა, საიდან იცნობს გოთუას?
_ იცნობდი მას? _ ვკითხე და თვალი თვალში გავუყარე.
_ მთლად ახლოს არა, სულ რამდენჯერმე შევხვდი. საქმიანი ურთიერთობა უფრო გვქონდა ერთმანეთთან, ვიდრე მეგობრული, _ კვნესა-კვნესით ამოთქვა.
_ ო! _ წარბები შევათამაშე და ტუჩებზე გამოსახული ღიმილიც, _ თუ საიდუმლო არ არის, რაში გამოიხატებოდა ეს საქმიანი ურთიერთობა? _ დავინტერესდი და პასუხის მოლოდინში სული შემიგუბდა. ვაითუ ესეც ჰყავს შიშვლად დახატული!
_ ამას შენს საქმესთან არა მგონია, რამე კავშირი ჰქონდეს. და საერთოდ, რატომ მაინცდამაინც ჩემთან მოხვედი რაღაცების გასარკვევად?
მივხვდი, თუ საქმის არსს არ ავუხსნიდი, არაფერსაც არ მეტყოდა, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორე ათასჯერ ნათქვამი:
_ მკვლელობაში ეჭვმიტანილები ბიძაშენთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. თითქმის ყველა მათგანი მისი თანამშრომელია ან თანამშრომლის ცოლი. გარდა ამისა, ერთ-ერთი საერთოდ დაიკარგა და ვერ ვპოულობთ. კაცი, რომელიც ბატონი ვახტანგის საქმიანობის ლამის მთავარი ღერძია. გასაგებად გადმოვეცი? _ ახლა მე გავხედე თვალმოჭუტულმა და სანამ მიპასუხებდა, ჭიქიდან კოქტეილის ჩხირი ამოვიღე და წვენი სულმოუთქმელად დავლიე.
_ კარგი, გისმენ, _ როგორც იქნა, დამნებდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ სხეული დაეძაბა.
_ ერთი სიტყვით, ვიღაცამ გაბრო გოთუა მოკლა, მერე კი მის სხეულზე შიშველი ქალების პორტრეტები დაალაგა, ოთხი ქალის. ოთხივე ისეა დახატული, როგორც დედამ შობა, ანუ შიშვლები. სამი უკვე ვიცი, ვინცაა, მაგრამ მეოთხის ვინაობა ვერაფრით ვერ გავარკვიე. ყველანი ამტკიცებენ, რომ მის შესახებ არაფერი იციან. უბრალოდ, გაჩვენებ ფოტოებს და იქნებ შენ გეცნოს. გპირდები, თუ ვერ ამოიცნობ, ეგრევე ავდგები და წავალ, ჩემი ვიზიტით არც თავს შეგაწყენ და არც დროს დაგაკარგვინებ.
სანამ მე ვლაპარაკობდი, ვინ იცის, რამდენჯერ ეცვალა ფერი. თვალებში მოუსვენრობა ჩაუდგა, ისევ გადაიდო ფეხი ფეხზე და გადადებული ფეხი მონოტონურად აათამაშა.
ბოლოს გამჭოლი მზერით მომაჩერდა. ქალებისას ყოველთვის ყველაფერს ვხვდები, მაგრამ მისი მზერის ვერაფერი გავიგე. თითქოს გაბრაზებულიც იყო, აღშფოთებულიც, დამფრთხალიც და შეურაცხყოფილიც.
_ და სადაა ეგ პორტრეტები? _ მიმქრალი ხმით მკითხა დიდხნიანი პაუზის შემდეგ.
_ აქ, _ მოკლედ მოვჭერი და ჯიბიდან ოთხივე ფოტოსურათი დავაძრე. ჯერ აველინას ფოტო დავდე მაგიდაზე, მერე ნატასი, მერე ელიზასი მივაყოლე და მის რეაქციას დაველოდე.
კარგა ხანს უყურა სურათებს. მზერა ერთი ფოტოდან მეორეზე გადაჰქონდა, მეორიდან მესამეზე, თუმცა სახეზე ნაკვთიც არ შერხევია.
_ მეოთხე?
_ ჯერ ამათ შესახებ მითხარი, თუ რამე იცი.
_ ამ ორს არ ვიცნობ, ეს კი ერთხელ მყავს ნანახი, _ თითი აველინას სურათს დაადო.
_ სად? რა ვითარებაში?
_ ბიძაჩემმა დაპატიჟა სახლში თავისი თანამშრომელი, თუ არ ვცდები, ჰამლეტ ნემსაძე, ეს კი მისი მეუღლეა. ეველინა თუ რაღაც მაგდაგვარი ჰქვია.
_ აველინა, _ შევუსწორე.
_ ხო, აველინა. გამახსენდა, _ თავი დამიქნია და მარცხენა ყურის ბიბილო მოისრისა.
_ გასაგებია. მაშინ ესეც მეოთხე. შემთხვევით, ხომ არ გეცნობა? _ ვკითხე და მეოთხე სურათიც გვერდით მივუდე სამ დანარჩენს.
არც კი დაუხედავს ფოტოსთვის. მე მომაპყრო გამომცდელი მზერა. ისე მიყურებდა, გეგონებოდათ, ჩემი რაღაცაში გამოჭერა ჰქონდა განზრახული.
_ მე კი არა, ამას შეხედე! _ ცოტა არ იყოს, მკაცრად გამომივიდა, რაც ჩემი პროფესიის ადამიანისგან სრულებით არ იყო გასაკვირი.
შენელებულად გადაიტანა მზერა ჩემი სახიდან უცნობის ფოტოსკენ და მაშინვე ცალყბად გაიღიმა. ცივად, ამაზრზენად, ზიზღით.
_ იცანი, მგონი, არა? _ ჩავეძიე.
_ შენ ვერ იცანი, ხომ? _ ირონია ჩააქსოვა შეკითხვაში.
_ რომ მეცნო, შენ არ მოგადგებოდი, _ ხელები გავშალე და ისევ სავარძელში გავიშხლართე.
_ მაგარი ნაგავი ხარ! _ ისევ ფოთლების შრიალივით გაისმა მისი ჩურჩული, _ ასე შორიდან რომ არ მოგევლო, პირდაპირ ვერ მეტყოდი, რისთვისაც მოხვედი?
გამაოცა მისმა შენიშვნამ. რაში მდებდა ბრალს? იქნებ მიხვდა, რომ მის ნახვას ვიყავი მოწყურებული?
_ ვერ გავიგე? _ მიამიტი ბიჭივით დავიჭირე თავი.
_ ეს ხომ მე ვარ, _ სარკასტული ღიმილით მომიგო, _ შენი “ვერ გავიგე” კი სრულიად უნიჭოდაა ნათქვამი. აქ რომ მომადექი, მაგით რისი დამტკიცება გინდოდა? ვითომ შენ მაგარი ბიჭი ხარ და მე უნამუსო ქალი? ყოფილი ცოლი ვიღაც მხატვართან შიშველი პოზიორობს და პასუხი უნდა აგებინო ამისთვის? ამის აფიშირება გინდოდა?
არ ვიცი, იმ მომენტში რა გამოისახა ჩემს სახეზე, მაგრამ შოკი რომ მივიღე, ამას წყალი არ გაუვიდოდა. იმდენად დამზაფრა მისმა აღიარებამ, რომ სული შემიგუბდა.
_ შენ ხარ? _ წინ გადავიხარე, საჩვენებელი თითი ფოტოზე დავაკაკუნე და რობოტივით რამდენჯერმე გავიმეორე, _ შენ ხარ? ეს შენ ხარ?
შეცბა ჩემს რეაქციაზე. თუ მანამდე დარწმუნებული იყო, რომ მე ეს ვიცოდი, ახლა აშკარად ეჭვი შეეპარა. მიხვდა, რომ არ ვთამაშობდი და იმ მეოთხის ვინაობაზე წარმოდგენა არ მქონდა. თავადვე გაყიდა საკუთარი თავი.
სველ თმაში შეიცურა თითები, თავი დახარა და სარწეველა სავარძელში წინ და უკან აქანავდა. მერე უეცრად შემომხედა, ქვედა ტუჩზე იკბინა და თქვა:
_ ეს მე ვარ. კმაყოფილი ხარ?
ჩავიფრუტუნე. რითი უნდა ვყოფილიყავი კმაყოფილი? რა, გამახარებდა იმის აღმოჩენა, რომ ვიღაც კრეტინს თავი შიშვლად დაახატვინა? მერე რა, რომ ცოლ-ქმარი აღარ ვიყავით? ეს რას ცვლიდა?
_ რა უცნაური დამთხვევაა, _ თავი გავაქნიე, _ რაღა მაინცდამაინც შენ მოგადექი! გულმა მიგრძნო ნეტავ, რომ ეს შენ იქნებოდი? _ ისევ ამოვიხვნეშე, ახლა უფრო ღრმად, თან ტკივილიანად, _ მომიყევი მაშინ, როგორ და სად გაიცანი გოთუა და რა საქმიანი კავშირი გქონდა მასთან.
_ მოგიყვები, _ მომიგო მტკიცე ხმით, _ არ მახსოვს, რამდენი ხანი გავიდა ამათი სტუმრობიდან, _ აველინაზე მიმითითა, _ სადღაც ალბათ, ნახევარი წელი იქნება გასული. ვისადილეთ, ვილაპარაკეთ. მერე ბიძაჩემი და ჰამლეტი ნარდის სათამაშოდ დასხდნენ, მე და ეგ გოგო კი ვერანდაზე გავედით ყავის დასალევად. შევყევით საუბარში. მითხრა, ძალიან ლამაზი სხეული გაქვს, თვალს ვერ გაშორებო. მერე მოაყოლა, ერთი მხატვარი ვიცი, უმაგრესად ხატავს, არ გინდა შენი პორტრეტი დაახატვინოო? ჭკუაში დამიჯდა. ვიფიქრე, რატომაც არა, დამხატოს, ვისზე ნაკლები ვარ, მქონდეს მეც ჩემი ერთი ფოტოპორტრეტი-მეთქი. მაშინე მომცა გოთუას ტელეფონის ნომერი, ჩემი სახელით დაურეკე და შეუთანხმდიო.
მერე კარგა ხანს არ დამირეკავს. რა ვიცი, ვეღარ მოვიცალე მაგისთვის. როდის-როდის დავურეკე და ველაპარაკე. სტუდიაში დამიბარა. მივედი, გავეცანი. რა პრობლემაა, დაგხატავო, მითხრა, თან ფლირტი გამიბა. სიმართლე გითხრა, არ ავყევი. მისნაირი ტიპები არასდროს მხიბლავდა. მერე სხვანაირად მომიდგა. მითხრა, შენ ისეთი სხეული გაქვს, მაგარი შიშველი პორტრეტი გამოვიდოდაო. თავიდან აღვშფოთდი, ვის უბედავ მაგას-მეთქი. მერე დამიწყო ახსნა, რომ ამაში ვულგარული არაფერია. ეს ხელოვნებაა, შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ბევრი ქალი დამიხატავს შიშველიო და გადმომილაგა უამრავი დედიშობილა ქალის სურათები. აველინაც იყო მათ შორის. მერე დააყოლა, თუ გინდა, სახე საერთოდ არ გამოვაჩინოთ, მხოლოდ სხეულიო. იმდენი მეჩიჩინა, სანამ ყოყმანი არ დავიწყე. ვიფიქრე, ეს გათხოვილი ქალი თუ პოზირებს შიშველი, მე რატომ უნდა ვთქვა უარი, რომელი ქმარ-შვილი თავს მახვევია, რომ ამის გამო ვინმე გამიწყრეს-მეთქი და დავთანხმდი. ერთი კვირა მხატავდა. პოზაც მომეწონა. სხეული კარგად ჩანდა, სახე კი საერთოდ არა. ამიტომ არაფერს ვკარგავდი. თავიდანვე შევთანხმდით, რომ სურათს ათას ლარად მომყიდდა, მაგრამ როცა ბოლო დღეს ეს ათასი ლარი მაგიდაზე დავუდე, ეგრევე შანტაჟზე გადავიდა. ხუთი ათასი დოლარი უნდა გადამიხადო, თორემ ამ სურათს ბიძაშენს გავუგზავნიო. ჩემზე ჭკვიანი ეგონა თავი. ისე გავბრაზდი, ლამის საფერფლე ვესროლე. ვისაც გინდა იმას გაუგზავნე, ფეხებზე მკიდია, სახე მე არ მიჩანს და წადი, მიმტკიცე, რომ მე ვარ დახატული. შენ უფრო დაგიჯერებს ბიძაჩემი თუ მე, მაგასაც ვნახავ-მეთქი. დავემუქრე, ისე მოგიწყობ საქმეს, ციხეში ჩაგალპობენ ცილისწამებისთვის-მეთქი. შეეშინდა. გაგეხუმრეო, მაშინვე უკან დაიხია, მაგრამ ისე ვიყავი გაცოფებული, არც მაგის ნახატი მინდოდა და არც არანაირი ურთიერთობა. ერთ ადგილას გაიკვეხე ეგ ტილო-მეთქი, ვუყვირე, დავავლე ხელი ჩემს ათას ლარს და წამოვედი. არც სურათი წამოვიღე და არც ფული დავუტოვე. მას მერე არც თვითონ შემხმიანებია და არც მე დამირეკავს. აღარ მაინტერესებდა უკვე.
_ აჰა. აველინამ იცოდა, რომ დაგხატა?
_ აბა, საიდან? მას მერე ეგ ქალი თვალით არ მინახავს. არ ვიცი, შეიძლება გაბრო მოუყვა ჩემ შესახებ. მაგდენი არ ვიცი.
_ სავარაუდოდ, არ იცოდა, მაგიტომაც ვერ მიხვდა, ტილოზე შენ რომ იყავი გამოსახული. სახე რომ არ გიჩანს, ამიტომაც ვერ გიცნო.
_ შეიძლება. არ ვიცი, _ მხრები აიჩეჩა ანიკომ.
_ სულ ეს იყო, რაც მაინტერესებდა. წავალ მე. დიდი მადლობა, რომ დამეხმარე.
_ რაში? _ ჩაიცინა.
_ იმაში, რომ ამოცანა ამომახსნევინე.
ჭიშკრამდე ისე მიმაცილა, ხმა არ ამოუღია. არც მე მითქვამს არაფერი. გასასვლელთან კი მიშა იდგა, ამიტომ იძულებული ვიყავი, ოფიციალურად დავმშვიდობებოდი.
_ კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონო ანა! თუ რამეა, გამომართვით ჩემი სავიზიტო ბარათი. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკოთ! _ მიშას გასაგონად ხმამაღლა ვთქვი და ბარათი გავუწოდე.
_ აუცილებლად. დიდი მადლობა, გამომძიებელო! _ ანომაც ოფიციალური დაიჭირა.
წამოვედი. რას ვგრძნობდი? აბსოლუტურად არაფერს. არც გაბრაზებული ვიყავი, არც განხიბლული, არც გაღიზიანებული. ეს მისი ცხოვრებაა. უნდოდა თავისი სხეულის შიშვლად დახატვა? ღმერთმა შეარგოს. მე რა უფლება მქონდა, ამაზე საყვედური მეთქვა ან დამეგმო მისი საქციელი? ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა ასეთი? მაინც ვერავინ იცნობდა იმ ტილოთი. მეც ხომ ვერ ვიცანი ჩემი ცოლი? რაც მთავარია, შანტაჟზე არ წამოეგო, არ დაიბნა და გოთუას მაქინაციების მსხვერპლი არ გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის მკვლელობაში ვერ იქნებოდა გარეული. ამწუთას ჩემთვის ეს ინფორმაცია იყო ყველაზე ღირებული. ის თამაშში არ მონაწილეობდა. ანო უკვე გასული იყო ამ თამაშიდან.
ამის აღმოჩენამ შვება მომგვარა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა იქნებოდა ჩემი შვება? ცოლყოფილის დაკავება და დაკითხვა აღარ მომიწევდა გოთუას მკვლელობის გამო. პირიქით რომ ყოფილიყო, ამის გადატანა გამიჭირდებოდა. მერე მთელი სიცოცხლე ამაზე დარდი და სინანული მომიღებდა ბოლოს.
ეხხხხ! როგორ შეიძლება შეტრიალდეს ადამიანის ცხოვრება! ერთ დროს ჩემი სათაყვანო ცოლი, ჩვეულებრივი ოჯახის ჩვეულებრივი შვილი ახლა პატარა, მდიდარი გოგო იყო, რომელიც მდიდრებისთვის დამახასიათებელი მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობდა.
_ საწყენია, მაგრამ ორიგინალური სულაც არ არის, _ ჩავიბურტყუნე ჩემთვის და საჭეს მივუჯექი.
ლამის სამსახურამდე ვიყავი მისული, რომ მობილურზე უცხო ზარი შემოვიდა. მანქანა გავაჩერე და ვუპასუხე:
_ კაპიტანი უნდილაძე გისმენთ!
_ ედი! ანო ვარ. იცი რა? მიხარია, რომ ეგ დონ კიხოტი გააგორეს! ახია მასზე!
ოი, რამდენს ნიშნავდა ეს ფრაზა ჩემთვის.
_ ვინ დონ კიხოტი? _ თავი მოვიკატუნე.
_ ვინ და ეგ გოთუა. არ მითხრა, რომ არ იცოდი.
_ რა არ ვიცოდი?
_ გაბროს რომ დონ კიხოტს ეძახდნენ თავისი ხელმოცარულობის გამო. მისგან დიდი მხატვარი ვერ გამოვიდა და მთელი თავისი სიცოცხლე ქარის წისქვილებთან ბრძოლაში გაატარა მხოლოდ.
_ ხომ არ იცი, ვინ დაარქვა მას ეს მეტსახელი?
_ თვითონ მოიფიქრა. ერთხელ, როცა მასთან მივედი, რათა ხატვა გაეგრძელებინა, მიხატული წვერითა და ულვაშით დამხვდა. ხომ ვგავარ ქარის წისქვილებთან მებრძოლ დონ კიხოტსო, მხიარულად მკითხა. დეგენერატი! მე შენს ადგილას თითსაც არ გავანძრევდი. რაში გჭირდება მისი მკვლელის პოვნა? ვენაცვალე, ვინც გააგორა. ორდენი ეკუთვნის, მე თუ მკითხავ! _ თქვა და გამითიშა.
სადღაც მართალი იყო ჩემი ანიკო. გოთუა მართლა მოსაკლავი იყო, ისე უმწარებდა ადამიანებს ცხოვრებას. თანაც ვის? ქალებს!
***
ცხრა საათი იქნებოდა, როცა შინ დავბრუნდი. თავი მიბრუოდა დაღლილობისგან. წყალი გადავივლე და ეგრევე სამზარეულოს მივაშურე, მგელივით მშიოდა. ერბოკვერცხი შევიწვი და ვახშმობისას ორი სირჩა ვისკიც მივაყოლე. რა ვქნა, მიყვარს ძვირიანი სასმელები. ვსვამდი, ვჭამდი და თან იმაზე ვფიქრობდი, რომ სადღაც რაღაც გამეპარა. რომ სულ სხვა კუთხით წავიყვანე გამოძიება, ხოლო ძაღლის თავი აბსოლუტურად სხვაგან იყო დამარხული. ის იყო, ბოლო ლუკმა გავაქანე პირისკენ, რომ ტელეფონმა დარეკა. ოხ, როგორ მეზარებოდა ახლა ვინმესთან საუბრის გაბმა, მაგრამ გულმა არ მომითმინა. მობილურის ეკრანს დავხედე. ნიკო მირეკავდა.
_ ედი! _ ყური გამეხვრიტა, ისეთი ხმით იყვირა ნიკომ, _ საპატრულოს ბიჭებმა ლისის ტბის მიდამოებში გვამი იპოვეს. უნდა გამოხვიდე. ვფიქრობ, საინტერესო მოვლენის მომსწრენი გავხდებით.
_ არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს…
_ კაცმა არ იცის, ვინაა. ჩვენი რაიონი არ არის, მაგრამ აჯობებს, მივიდეთ და ვნახოთ.
_ კარგი, გამოვდივარ. სად დამხვდები?
_ ონკოლოგიურის ასახვევთან. დიდხანს არ მალოდინო ოღონდაც.
_ ახლავე გამოვდივარ! _ მაშინვე წამოვხტი, კიდევ ერთი სირჩა ვისკი გადავკარი და გავვარდი.
ჰმ… ნეტავ ამ ბინას რატომ ვუწოდებ ჩემს სახლს, როცა ყველაზე ცოტა დროს აქ ვატარებ? სინამდვილეში ჩემი სახლი ხომ ქუჩაა, სადაც დღედაღამ დავწანწალებ და თავზე ან თაკარა მზე დამნათის, ან ვარსკვლავებით მოჭედილი ცა?
ნიკო ასახვევთან იდგა და მელოდა. როგორც კი მანქანა გავაჩერე, ეგრევე ჩამიხტა და გზა გავაგრძელეთ. გრძელი მანძილის გავლა არ დაგვჭირვებია, იქვე იდგნენ საპატრულოს მანქანები, სულ რაღაც ექვსასიოდე მეტრში.
როგორც კი მანქანა გავაჩერე, პატრულის ერთი თანამშრომელი მაშინვე მოგვიახლოვდა.
_ გამარჯობა, ედი! არ იცი, როგორ გაგვიმართლა. მე და უტა ნაფეტვრებიდან ვბრუნდებოდით, იქ რაღაც ინციდენტი მოხდა. ნუ, ეგ არ არის საინტერესო. ჰოდა, უტას ტუალეტი მოუნდა. მეც აგერ გავაჩერე, ხეებს შეერიე და ვერავინ დაგინახავს-მეთქი. გადავიდა და შევიდა თუ არა ხეების კორომში, კინაღამ ცხვირ-პირი დაიმტვრია. პირდაპირ ცხედარს გამოედო ფეხით.
_ შორს ჩემგან ასეთი გამართლება! _ ფხუკუნით შევძახე ნაცნობ პატრულს, _ ვიფიქრე, ამაღამ ცოტას შევთვრები და გემრიელად გამოვიძინებ-მეთქი, მაგრამ ვინ მაცალა?
_ მოიცა, კაცო, წინასწარ რატომ იხეთქავ გულს? იქნებ სულაც არ არის შენი “პაციენტი”? წამო, არ გინდა დახედო?
_ აბა, ამხელა გზა იმიტომ გამოვიარე, რომ შენთან მელაყბა? _ დავიღრინე და მანქანიდან გადავედი.
გარდაცვლილი გულაღმა ეგდო, ხელ-ფეხგაშლილი და ის მოკლული იყო. ყველას მივესალმე და უკეთ რომ შემეთვალიერებინა, ჩავიკუზე. ეს გახლდათ მამაკაცი, დაახლოებით ჩემი ხნის, 35-36 წლის, შავი გაჩეჩილი თმითა და წამოზრდილი წვერით. თვალები დახუჭული ჰქონდა. ტყვიას შიგ ყელში გაევლო და მეორე მხარეს გასულიყო. გეგონებოდათ, თავი აქვს მოწყვეტილიო, ისე უცნაურად ჰქონდა შეტრიალებული. პირველ რიგში, სუნმა შემაწუხა და სუნთქვა შევიკავე. მივხვდი, რომ გვამი დიდხანს ეგდო მზეზე.
_ მკვლელობის იარაღი ნაპოვნია? _ ვიკითხე.
_ სულ რამდენიმე მეტრში აქედან, _ ამაყად გამომიცხადა იქვე მდგარმა უტამ, _ ეს არის…
_ 12-კალიბრიანი ვინჩესტერი, დასაკეცი კონდახით, _ მისი დაწყებული მე დავამთავრე.
_ ვახ! საიდან იცი, ედი? _ თვალები ლამის ამოუცვივდა ბუდიდან უტას.
_ ეს ჩემი “კლიენტია”, _ მივუგე, _ ჰამლეტ ნემსაძეა ეს კაცი. ორი დღეა ვეძებთ.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ, როცა ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს, ნიკო ამომიდგა გვერდით.
_ ცუდია, რომ ამ დრომდე ვერავინ ნახა ცხედარი. ხრწნა უკვე დაწყებულია.
_ სულერთია, სერგოს მაინც მოუწევს მისი გაკვეთა.
_ რამდენი დღის მკვდარიაო, რა თქვეს ექსპერტებმა?
_ რთული სათქმელია. ორი-სამი დღე-ღამე მაინც, სავარაუდოდ.
_ ანუ, მინიმუმ 48 საათი?
_ შესაძლებელია.
_ ისე, თავის მოკვლის ვერსიაზე რას იტყვი? ხომ შეეძლო საკუთარი თავისთვის მიეშვირა თოფი და ბრახ? _ ყელზე წკიპურტი მიირტყა უტამ.
_ არა, გამორიცხულია! _ თავი კატეგორიულად გავაქნიე.
_ იცი, რა იყო? _ ნიკო უტას მიუბრუნდა, _ ჩვენ ვიცით, რომ იმ ღამეს ნემსაძე არ გაფრენილა. გოთუა კი ზუსტად ამ იარაღიდანაა მოკლული.
_ ხო, ეგენი მეც გავიგე. მერე შენი მანქანის ფარებს ესროლეს მგონი არა? და ამის ცოლი იყო შენკენ რომ გამოიქცა, ხომ მართალია?
_ კი, ასეა, _ ყრუდ მივუგე და ამოვიხვნეშე, _ მან ორჯერ ესროლა ჩემს მანქანას. მე ეგრევე მიწაზე გავწექი. მერე გავიგონეთ, როგორ დაიძრა სადღაც ახლოს მანქანა და წავიდა.
_ მაგარი უჟმური ამბავია, რა, _ ტუჩები მოკუმა უტამ, _ არ იცი, რა დამემართა, როცა ფეხი წამოვკარი და ზედ გადავემხე. მკვდარი როგორ არ მინახავს, ჩამიცვამს კიდევაც მიცვალებულისთვის, მაგრამ ასეთ წკვარამ ღამეში, სადღაც მიყრუებულ ადგილას რომ უცებ გვამს ჩაეხუტები, ძაან ტეხავს, ძმაო! უბრალოდ, დიდი ხნის მუშაობის სტაჟი მაქვს, მილიონი მოკლული მინახავს და ამან გადამარჩინა, თორემ ჩვეულებრივი გამვლელი რომ ვყოფილიყავი, ინსულტი არ ამცდებოდა.
გაგრძელება იქნება