"მე და ნინას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთი ოჯახი ვართ" - ეკა ნიჟარაძის და ნინა ჩოდრიშვილის ურთიერთობა - Marao

"მე და ნინას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთი ოჯახი ვართ" - ეკა ნიჟარაძის და ნინა ჩოდრიშვილის ურთიერთობა

2026-03-09 11:12:57+04:00

მსახიობი ეკა ნიჟარაძე ეკა ჩხეიძეს გადაცემის "პირველი სტუდიის" სტუმარი იყო. მან გადაცემაში უამრავ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკოს გომელაურის მეორე მეუღლესთან, ნინა ჩოდრიშვილთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს - მათ ნიკო გომელაური აერთიანებთ. 

"მე და ნინას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მომილოცა და დამიწერა: "გილოცავ, შენი სიხარული და ბედნიერება ჩემი სიხარული და ბედნიერებაც არის", ამ დროს კომენტარში დაგვიწერეს: "ვაიმე, რა იდილიაა" - მართლაც ასეა, იმიტომ, რომ მე და ნიკო ერთმანეთს ნინას გამო არ გავცილებივართ, პირიქით, მე მაშინაც ძალიან მადლობელი ვიყავი ნინასი.

ერთი ოჯახი ვართ, თავისი შვილებით, შვილიშვილებით, მე ჩემი შვილებით, შვილიშვილებით და გვაერთიანებს ნიკო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ეკა ნიჟარაძემ.

  • "რაღაცებს ვნანობ... ნიკოს ბოდიშს მოვუხდიდი იმისთვის, რომ გული ვატკინე" - რას იხსენებს ეკა ნიჟარაძე ნიკო გომელაურზე 

ნიკო გომელაური

ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი 2003 წელს. 2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო და ერთი წელი ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში გაატარა. იგი 2010 წელს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობობაზე ყოველთვის ოცნებობდა: „ბოლო ზარზე დამრიგებელმა პირველ კლასში დაწერილი თემა „ვინ მინდა გამოვიდე“ დაგვირიგა, სადაც, ჩემდა გასაოცრად, მეწერა, მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი. უფრო სწორედ, უბრალოდ მსახიობი კი არა, კინომსახიობი. ვერ გეტყვით, ეს სურვილი რით იყო განპირობებული. შეიძლება იმით, რომ ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად ჩემმა დეიდაშვილმა ტატო კოტეტიშვილმა გადამიღო თავის საკურსო ფილმში „გმირი“. როგორც ჩანს, ჩემი მსახიობობისკენ სწრაფვა შეამჩნია და ფილმშიც ამიტომ მათამაშა. სხვათა შორის, ორ როლს ვთამაშობდი – მოსწავლეს და ჯუჯა სპარსელს დიდი ჩალმით, რომელსაც ჩემზე გრძელი ხმალი ჰქონდა. მახსოვს, წვერი მიმაწებეს, სახე საერთოდ არ მიჩანდა…" - ნიკო წლების განმავლობაში იყო თავისუფალი თეატრის მსახიობი.

მისი პირველი მეუღლე ასევე მსახიობი ეკა ნიჟარაძე იყო, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. 

  • "მე მაინც მამის მხარეს ვიყავი, რადგან დაშორებას ნიკო ძალიან განიცდიდა" - მოგონებები მამაზე - რას ჰყვება ტასო გომელაური 

 niko-gomelauri

ეკა ნიჟარაძე - „ცხრამეტი წლის გავთხოვდი და ოცი წლის დედა გავხდი. ასე რომ, არც ისე პატარა ვიყავი – დედობრივი პასუხისმგებლობა არ მეგრძნო. მაშინ ისეთი დრო იყო, როცა ყველაზე მეტად მინდოდა, შუქი და გაზი ყოფილიყო და ელემენტარული მაინც გამეკეთებინა ჩემი შვილისთვის. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი, ჩვენს სახლში კი სულ სტუმრიანობა იყო. მე და ნიკო რომ სტუმრად დავდიოდით, ბავშვებიც სულ თან დაგვყავდა.“

მსახიობის მეორე მეუღლე ნინა ჩოდრიშვილი იყო. ნიკოსთან პირველი შეხვედრის დროს, ნინა ქმარს ათი თვის გაცილებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. ნიკოს გაცნობის ისტორიას შემდგომში ინტერვიუში იხსენებდა: 

„ჩვენი გაცნობის ისტორია, რომელიც ძალიან სასაცილო და საინტერესოა, ჩემდაუნებურად შევიდა ფილმში. სცენარისტს, რომელიც რუსია, ნიკო რომ გამეცნო მისთვის, რასაც მეკითხებოდა, ცხადია, პასუხს ვცემდი. ერთ-ერთი კითხვა ისიც იყო, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი და მოვუყევი, როგორ ძალიან არ მინდოდა კაფეში წასვლა, სადაც ჩემი მეგობარი მეპატიჟებოდა. უარი რომ ვუთხარი, სერიოზულად გამიბრაზდა, მე მჭირდება და რომ წამომყვე, ვითომ რა მოხდებაო?! ფეხები ძლივს მიმქონდა, იქ რომ მივედი. „გირჩა“ იყო ეს კაფე. მერე დაწერა კიდეც ნიკომ: „იქ დავუგე ლექსის მახე, ის კი ვეღარ გადამირჩა“… მართლაც მახე დამიგო… ასე მგონია, უფალმა იმ დღეს სარკმელი გამოაღო და ნიკოს შემახვედრა“.