„დღეს ალბათ უკვე მეათასედ მკითხეს, რატომ არ ვარ ინფლუენსერი და რატომ არ ვიყენებ ჩემს გარკვეულ ცნობადობას იმისთვის, რომ ინტერნეტშიც მოვიპოვო პოპულარობა, რატომ არ ვწევრიანდები TikTok-ზე და ასე შემდეგ...
განა წინააღმდეგი ვარ, განა არ მაქვს სურვილი და განა უარზე ვარ? უბრალოდ არის ასეთი რამ - მოკლედ გეტყვით ახლა:
ვარ ორი თეატრის მსახიობი, მესამე თეატრში ვარ მიწვევით. მყავს ორი მანქანა; ერთი მანქანით მე დავდივარ, მეორე მანქანას ვაქირავებ ხოლმე და ვცდილობ, რომ ამითაც რაღაცა გარკვეული შემოსავალი მქონდეს. ამ მანქანების მოვლა და გაკეთება, ხელოსნებთან ტარება, რა თქმა უნდა, არის სრულად ჩემი მოვალეობა (ორივე მანქანის). ასევე, რა თქმა უნდა, გაქირავებისას მძღოლის შერჩევა, მათთან კომუნიკაცია, ხელფასების დათვლა, ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი მოვალეობაა.
ასევე, ბუნებრივია, ვიხდი ამ ყველაფრის სესხებს, ვიხდი კომუნალურებს, ვიხდი დაზღვევას... ვიხდი პროდუქტების ფულს, იმიტომ, რომ თან მყავს პატარა და ყოველდღე სჭირდება, ბუნებრივია, რაღაცის ყიდვა, მომზადება და ასე შემდეგ. ჰო, ვარ მარტოხელა დედა, ნუ, კი მეხმარებიან ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ ჩემი შვილია და, ბუნებრივია, მე ვზრდი.
ჰოდა, რატომ ვაკეთებ ახლა ამ ჩამონათვალს? თუკი ვინმე ხართ ამ ქვეყნად ისეთი ადამიანი, რომელიც მოხვალთ და მანქანებს მაინც მოუვლით (იმიტომ რომ, მაგალითად, ახლა უკვე ერთი კვირაზე მეტია ერთი მანქანა დაშვებული ბორბლით მიდგას ეზოში, იმიტომ რომ ბავშვი ავად მყავდა და ვერ მოვიცალე, რომ დისკი გავაკეთო)... სიამოვნებით გადავიღებ თქვენთვის სახალისო ვიდეოებს!“ - ამბობს მსახიობი ნინო მუმლაძე ვიდეოში, რომელიც მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ნინო მუმლაძე ცნობილი და წარმატებული ქართველი მსახიობია. მას დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელსვე დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წლიდან კი თავისუფალი თეატრის მსახიობია.
ნინოს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალებმა "ჩვენი ოფისი", "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და "ჩემი ცოლის დაქალები".
2023 წელს ნინომ მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და გაამხილა, რომ ის შეყვარებული იყო. მისი რჩეული ფერმწერი გუგა გოგინაშვილი გახდა. მათ ერთი წლის წინ პირველი საერთო შვილი შეეძინა, რომელსაც რონი დაარქვეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მოვლა ძალიან დამღლელია, ეს მაინც შეუდარებელი განცდაა! სხვა დედებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი: ბავშვის ერთი ჩახუტება გადაწონის ყველა იმ სირთულეს, რომელიც პატარას მოვლას ახლავს თან. რაც მთავარია, მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლის ვარ და ჩემთვის ეს პირველი მშობიარობა იყო, არანაირი გართულება არ მქონია.
მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართო ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, რომ გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია, ვჭამ, განვიცდი – ვჭამ, ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა…“ - ამბობდა მსახიობი.