"ქალი არის ის ადამიანი, რომელიც ბადებს სიცოცხლეს და ამაზე დიდი როლი რა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე" - ნინი გოგიჩაიშვილი ქალის როლზე - Marao

"ქალი არის ის ადამიანი, რომელიც ბადებს სიცოცხლეს და ამაზე დიდი როლი რა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე" - ნინი გოგიჩაიშვილი ქალის როლზე

2026-03-09 16:31:23+04:00

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი "TV პირველის" გადაცემა "შუადღის" სტუმარი იყო, სადაც მან ქალების, როლსა და უფლებებზე ისაუბრა. ამასთან, მან მის ცხოვრებაში დედის როლსაც გაუსვა ხაზი.

"საზღვარგარეთ ვცხოვრობ და  ჩემთვის ყოველთვის ძალიან საამაყოა ის, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც 1918 წელს ქალებმა ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს შემდგომ მოხდა, თუნდაც ინგლისში, სრული უფლება 1923 წელს მოიპოვეს ქალებმა.

გარდა ამისა, საქართველოს ჰყავდა მეფე ქალი საუკუნეში და ეს იყო საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი, რომელიც იყო ოქროს ხანა, სადაც იწერებოდა პოემები და ჩვენ გვყავდა ქალი, რომელიც იყო მეფედ წოდებული. ასე რომ, ვთვლი, საქართველოში ქალებს ძალიან დიდი როლი აქვთ.

ეს ქვეყანა ქალებზე დგას და, თუნდაც, 90-იან წლებში ის, რაც ქალებმა გააკეთეს, რომ დღეს ჩვენ ერთად ვართ, ერთიანები ვართ, ეს არის ამ, ასე ვთქვათ, "სუსტი" სქესის" დამსახურება, რომელიც არის ძალიან-ძალიან ძლიერი.

დღევანდელ სამყაროში ჩვენ ყოველთვის გვიწევს თანასწორობისთვის ბრძოლა, მაგრამ ვთვლი, რომ ქალებმა გაითვითცნობიერეს და დაიჯერეს, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ყველა ეპოქას თან ახლავს გარკვეული გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქალები დგანან, ისევე, როგორც მამაკაცები, ეს არ არის მხოლოდ, რომ ქალები დგანან გამოწვევების წინაშე, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ უფრო მეტი ბრძოლა გვიწევს იმისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები.

ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში ქალებს საბაზისო უფლებებიც კი არ აქვთ, როგორიც არის რადიოს მოსმენა ან თუნდაც სახის გამოჩენა. ძალიან სამწუხაროა და ძალიან მტკივა მე, პირადად, მაგრამ ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ცნობიერება ამაღლდება და ქალები ყოველთვის იბრწყინებენ, იმიტომ, რომ ქალი არის ის ადამიანი, რომელიც ბადებს სიცოცხლეს და ამაზე დიდი როლი რა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე.

  • ქართველი სილამაზის დედოფალი საბერძნეთში: ნინი გოგიჩაიშვილის საოცარი კადრები 

ჩემს ცხოვრებაში მომხდარი წარმატება ვფიქრობ ჩემი მშობლების დამსახურებაა, იმიტომ რომ ბავშვობიდან დიდ როლს თამაშობდნენ. დედა ჩემთვის სიძლიერის და ქალობის ეტალონია და ის, რომ არ ყოფილიყო ასეთი ძლიერი, მიუხედავად ძალიან დიდი ტრაგედიისა, რაც ჩვენს ოჯახს შეემთხვა, ვფიქრობ რომ ჩემთვის და ჩემი დისთვისაც ძალიან რთული იქნებოდა ამ გზის გაგრძელება. ჩემი აზრით, მთავარი წარმატების საწინდარი შრომაა, რაც არ უნდა მოხდეს ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და ყოველთვის უნდა გააგრძელო იმიტომ, რომ არ იცი ცხოვრება რა მომენტში რას გიმზადებს და სადღაც ყოველთვის იქნება წარმატება. ვფიქრობ, რომ ცხოვრებას ისე სერიოზულად აღარ ვუყურებ, როგორც ადრე ვუყურებდი, როდესაც დიდი გულის ტკივილი ჩნდება შენს ცხოვრებაში თითქოს ეს უფრო გამზადებს. ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ ცხოვრებას სერიოზულად არ უნდა უყურო, უნდა ეთამაშო და ახლა მაქვს ასეთი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, რომ ცხოვრება სერიოზულად არ უნდა მიიღო, უნდა ეთამაშო, მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის უნდა იშრომო, იმიტომ რომ ცხოვრებაში მარტივად არაფერი არ მოდის არავისთვის. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს აქ ზის, ყველამ იშრომა იმისთვის, რომ რაღაცისთვის მიეღწია. ამიტომ ჩემი მთავარი მოტივი ცხოვრებაში ეს არის: შრომა, შრომა და შრომა კიდევ ერთხელ," - ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი.

  • ტიტული, რომელიც დროს უძლებს: TOP 7 ყველაზე ლამაზი ქალი „მის საქართველოს“ ისტორიაში 

nini-gogichaishvili