"შეიძლება არაფერი არ დამიმსახურებია, რის გამოც გული მეტკინა, მაგრამ როდესაც რაღაცას აკეთებ გარკვეულწილად შედეგიც იცი. თუ შენ არ შეგიძლია ამ შედეგის მიღება, რომელიც შესაძლოა ტკივილის მომტანი იყოს, მაშინ ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა.
ჩემს ოჯახურ სიტუაციაში რა შედეგიც დადგა, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ერთ დღეში მოხდა, წინა პერიოდი ყველაფერს აქვს, ბევრჯერ ვიწუწუნე და ვთქვი, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა არ მინდოდა, ბევრჯერ მინდოდა ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა, მაგრამ არ გავაკეთე. საბოლოო შედეგად კი დღევანდელი მდგომარეობა მივიღე. ეს ყველაფერი თავიდანვე რომ გადამეწყვიტა და წამოვსულიყავი, შესაძლოა, ამ მდგომარეობამდეც არ მივსულიყავი.
დიდი ხნის წინ უნდა წამოვსულიყავი, ძალიან ბევრი მტკივნეული რამ მახსენდება, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი შვილების კარგად ყოფნა, მათ დედაც და მამაც ძალიან უყვართ. მე რომ ჩემს ტკივილზე ვისაუბრო, ეს მხოლოდ ჩემს შვილებზე იმოქმედებს ნეგატიურად.
ახლა ჩვენ ისეთივე ურთიერთობა გვაქვს, როგორც ადრე, უბრალოდ დავშორდით ერთმანეთს. მეგობრობას ვეძახი, როცა გიყვარს და გენატრება, მე კიდევ არცერთი მაქვს მასთან მიმართებით, შვილები გვყავს, მაგრამ არასდროს განვიხილავ მასთან შერიგებას. არა იმიტომ, რომ ქალთან მიღალატა, არამედ მან მე მეგობრობაში მიღალატა. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ვმეგობრობდით, 15 წელი არ არის 15 დღე, ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ. ბევრ რამეში შევუწყვე ხელი და დღემდე ასე მოვიქცევი, რადგან ჩემი შვილების მამაა. ჩვენი ცხოვრება ისე წარიმართა, ძმაკაცი უფრო ვიყავი, ვიდრე ცოლი", - ამბობს სალომე გოგიაშვილი თემურ ებიტაშვილის პოდკასტში.
ყოფილი მოდელს, ლიკა შენგელიასა და ტელეწამყვან სალომე გოგიშვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ბოლო პერიოდში, ქართული მედია აქტიურად წერდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრეს და ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილი ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი.
აღნიშნულ გაცხადებას სალომე გოგიაშვილმა ცილისწამება უწოდა, უარყო ძალადობის ფაქტი და საქმის სასამართლოში გადატანა გადაწყვიტა. "მე არ ვაპირებ პინგ-პონგის თამაშს ფეისბუკზე - შევხვდებით სასამართლოში", - ამბობს ის გავრცელებულ ვიდეოში.

ვიდეოში, რომელიც ტელეწამყვანმა 10 აგვისტოს გამოაქვეყნა, ის მეუღლის შესახებაც საუბრობს. სალომე გოგიაშვილის მეუღლე ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილია. წყვილმა 15 წლის წინ იქორწინა და ისინი 4 შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.
"რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ჩემს ქმართან, მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის მადლობა. მან შეძლო დაენახებინა ჩემთვის, ვინ არის ჩემი ჭეშმარიტი მეგობარი და ვინ - არა. ზოგადად ვამბობ ამას, იმიტომ, რომ ახლა არის ჩემთვის ყველაზე რთული პროცესი, 15 წლის მანძილზე ვიცხოვრეთ მე და ჩემმა ქმარმა ერთად და, ცუდის გარდა, ძალიან ბევრი კარგიც იყო. მადლობა მას, იმიტომ რომ ახლაც, მიუხედავად ამ მდგომარეობისა, გინდა ჩათვალეთ, რომ სულელი ვარ, მაინც მისი იმედი მაქვს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ერთად ვიქნებით თუ არა, ეს სხვა საკითხია და არ ვაპირებ ამის ფეისბუკში გასაჯაროებას, ყველაფრისთვის მას მადლობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორი ფანტასტიკური ბიჭი მაჩუქა, რომლებიც პატარები არიან, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მივლიან, რადგან ხვდებიან, რომ მძიმე პერიოდს გავდივარ", - ამბობდა სალომე გოგიაშვილი ვიდეოში.