80-იანების ვარსკვლავის მემკვიდრეობა, ბედისწერა და სიყვარული: როგორია ანა ნიჟარაძის ცხოვრება დღეს - „სუფთა დაფიდან“ – „თეთრ ფირამდე“ - Marao

80-იანების ვარსკვლავის მემკვიდრეობა, ბედისწერა და სიყვარული: როგორია ანა ნიჟარაძის ცხოვრება დღეს - „სუფთა დაფიდან“ – „თეთრ ფირამდე“

2026-03-10 15:53:02+04:00

გასული საუკუნის 80-იან წლებში ეკრანზე გამოჩნდა განსაკუთრებული გარეგნობის, სინაზისა და შარმის გოგო, რომელიც სულ მალე ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. ხშირად წაიკითხავთ, რომ მას ჰბაძავდნენ ჩაცმის სტილით, ვარცხნილობით, მისი ტოლი გოგოები მასავით საუბარსა და მოქცევას ცდილობდნენ - პირველად რეზო ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით გადაღებულ ფილმში “მგლის ლეკვები“ ითამაშა, შემდეგ კი ანა ნიჟარაძემ ოთარ შამათავას ფილმში „სუფთა დაფა“ დაუვიწყარი როლი შექმნა.

ANKA-NIZHARADZE-AKHALGAZRDOBASHI

„სუფთა დაფა“

„სუფთა დაფა“ 1981 წლის ფილმია, რომელიც  10-11 წლის გოგო-ბიჭებისა და მათი მშობლების ურთიერთობების შესახებაა, სადაც, სხვა გამორჩეულ მსახიობებთან ერთად, ანა ნიჟარაძეს პარტნიორობას ნანა ფაჩუაშვილი და ნატაშა შენგელაია უწევენ. ანა ნიჟარაძემ ეპიზოდური როლი შეასრულა ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, თუმცა მაყურებლის დიდი სიყვარული მას სულ 3 წლის შემდეგ პავლე ჩარკვიანის ფილმმა „ზოგი ჭირი მარგებელია“ მოუტანა.

„ზოგი ჭირი მარგებელია“

ღარიბ, უმამო ჭაბუკს შეძლებული ოჯახის შვილი უყვარს, ქალის მშობლები წინააღმდეგნი არიან მათი ქორწინებისა, ერთხელაც, ქოლერით შეშინებული სოფელი ტყეში გაიხიზნა, ახალგაზრდებმა მოახერხეს ღამით გაპარვოდნენ მშობლებს და დაქორწინებულიყვნენ. ანა ნიჟარაძე ფილმში სოფოს როლს ასრულებდა, ბერუა კი თემურ ქამხაძე იყო.

„ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე, დედოფალი თუ უნდა ათამაშონ-მეთქი. ნამდვილად შესამჩნევი გოგო იყო, წყნარი, ზრდილი, სათნო, ლამაზი გარეგნობის. ერთი შეხედვით ვერ იტყოდი, ეს ამ როლს გაქაჩავსო, მაგრამ კარგად ითამაშა. მე ხომ მის დედამთილს ვთამაშობ და დედამთილის დასაწუნი არაფერი სჭირდა. ანგელოზივით, განსხვავებული სახის გოგო იყო და იქცევდა კიდეც რეჟისორების ყურადღებას”, - ასე იხსენებდა მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ანა ნიჟარაძეს „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში.

  • სად არის დღეს და რას საქმიანობს ქართული კინოს ვარსკვლავი, ცნობილი მშობლების ქალიშვილი ანა ნიჟარაძე

ანა ნიჟარაძეს თითქოს იდუმალება სულ თან სდევდა - კამერას მზერას თითქმის არასდროს უსწორებდა, თითქოს მაყურებელს კი არა, ვიღაც სხვას, რაღაც სხვას ესაუბრებოდა. ეს იდუმალება მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. თავად ანა ამბობდა, რომ მისთვის ყურადღება ნელ-ნელა სულ უფრო უსიამოვნო ხდებოდა:

„გადაღებებზე თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი, რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი, მაგრამ მერე და მერე მივხვდი, რომ არ მსიამოვნებდა ის აჟიოტაჟი, ფილმის გამოსვლის შემდეგ რომ ატყდებოდა ხოლმე. არ მსიამოვნებდა, ამდენს რომ ლაპარაკობდნენ ჩემ შესახებ. და ერთხელაც, როცა მივხვდი, რომ უკვე შემეძლო მეთქვა - ეს მე არ მინდა - ვთქვი კიდეც, რომ არ მინდოდა“, - ამბობდა ანა „ცხელ შოკოლადთან“ ინტერვიუში.

80-იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი ნელ-ნელა მინელდა, ეკრანებს ჩამოშორდა და საბოლოოდ სულ გაქრა. გაქრა მაყურებლისთვის, თუმცა ანა ნიჟარაძემ ცხოვრების ახალი გატაცება - ფოტოგრაფია აღმოაჩინა.

ANKA-NIZHARADZE-DGHES

თამარ ბაბუაძე „ცხელი შოკოლადისთვის“ მომზადებულ წერილში წერდა:

„და ასე ნელ-ნელა იძერწებოდა ერთი ყველაზე ლოგიკური ჭეშმარიტებაც: გოგონასგან, რომელსაც ასეთი სიღრმიდან ამომავალი მზერა აქვს, არ შეიძლება, საბოლოოდ, ჯულია რობერტსი დადგეს - უდარდელი, ცხენისკბილება ლამაზმანი, მსუბუქი და ეფემერული მშვენებით; დადგეს ვარსკვლავი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავია და სინამდვილეში ისეთივე მოსაწყენი და ჩვეულებრივია, როგორც უფერული მასა”. 

ანა ნიჟარაძე ცნობილი მხატვრის, ზურაბ - პიკო - ნიჟარაძის შვილია. ზურაბ ნიჟარაძემ 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობდა ფერწერის, გრაფიკის, თეატრალური, კინო - და კედლის მხატვრობის მიმართულებით. „ხელოვნება? - ის ყველასია და ყველას სჭირდება...“ - ამბობდა ის ერთ ინტერვიუში.  

  • ის მისი ბოლო ცოლი იყო, თუმცა არა ბოლო მუზა - გიორგი ბალანჩივაძისა და ტანაკილ ლეკლერკის უცნაურად ტრაგიკული სიყვარული

ანა ნიჟარაძის დედა „სხვისი შვილების“ ვარსკვლავი ციცინო ციციშვილია.  წარმატებულ დებიუტს მოჰყვა ერთ-ერთი მთავარი როლი კინონოველაში „თავადის ქალი მაია“. შეასრულა პატარა როლი ფილმში „ცხელი ზაფხულის სამი დღე“. 

ანა ნიჟარაძემ გზა დედის პროფესიით დაიწყო, შემდეგ კი მამის კვალს გაჰყვა. მოგვიანებით ფოტოგრაფია იქცა მისი ცხოვრების მთავარ გატაცებად და სწორედ ფოტოგრაფიამ აპოვნინა მას ცხოვრების მთავარი ადამიანიც - გოგა დევდარიანი. 

გოგასა და ანას ბედი ჯერ კიდევ მაშინ გადაიკვეთა, როცა თენგიზ მაღალაშვილი „მგლის ლეკვებს“ იღებდა - სინჯებზე მისულ გოგა დევდარიანს უარი უთხრეს, ანა ნიჟარაძე კი როლზე დაამტკიცეს. როგორც ჩანს, ცხოვრება გაცილებით სწორ დროსა და ადგილას აპირებდა მათ შეხვედრას - წლების შემდეგ, ანა და გოგა ხელოვნებისა და ექსპერიმენტების სიყვარულმა კვლავ დააკავშირა.

ანკა: ძალიან სასაცილოდ ვიღებდი. ვითომ რაღაცა სხვას ვუღებდი, მაგრამ სინამდვილეში გოგას: ფოტოზე ან მის ჩრდილს მოვახვედრებდი ხოლმე, ან რამე დეტალს, ვთქვათ ფეხს. მარტო მე ვიცოდი, რომ ეს ფოტო გოგასია. რაღაც დაფარული გამოსახულების მსგავსი იყო. ისე კი, გინდა, წარმოვიდგინო, რომ ახლა ვითომ ვდგავარ და გოგას ფოტოს ვუღებ და რას ვხედავ? ანუ, როგორია გოგა? რა ვიცი, ახლა უკვე ისეთია, რომ ვეღარ დავახასიათებ.

გოგა: ისე, როგორც საკუთარ თავს ვერ დაახასიათებ, არა?

ანკა: ხო, ზუსტად.

გოგა: ასეა, რა. ერთად ვცხოვრობთ, თან რაღაც იდეები გვაქვს. იდეა ერთად ვითარდება, შრომაში. ყველას ჩვენ-ჩვენი პახოდკა გვაქვს, მე - ჩემი, ანკას - თავისი და რაღაცნაირად ვავსებთ ერთმანეთს [ნაწყვეტი ინტერვიუდან - ანკა ნიჟარაძე და გოგა დევდარიანი - ისტორია 21 გრადუსზე -“ცხელი შოკოლადი“].

NIZHARADZE-ANKA-GOGA-DEVDARIANI
ფოტო: დავით მესხი