ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩისთვის ემზადება, სადაც მისი „პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება. გუნდის მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლა, გასულ წელს მოპოვებული ევროპული ტიტულის დაცვა და წინა სეზონის წარმატების გამეორებაა.
ქართველმა გარემარბმა, რომელიც პარიზული კლუბის საკვანძო მოთამაშეა, ვრცლად ისაუბრა გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში. მან განიხილა მარადონასთან შედარებები, „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი და მისი გამოცდილება საფრანგეთის დედაქალაქში.

შედარება მარადონასთან
ინტერვიუს დასაწყისშივე კვარაცხელია დაუბრუნდა იმ შედარებებს, რომლებიც ნეაპოლში ყოფნისას, სკუდეტოს მოგების ფონზე გაჩნდა:
- ნეაპოლში მეუბნებოდნენ, რომ ჯორჯ ბესტს ვგავდი. ის განსაკუთრებული მოთამაშე იყო, ერთ-ერთი საუკეთესო. ალბათ, კიდევ უფრო დიდი ფეხბურთელი იქნებოდა, მისი ცხოვრება ასეთი რთული რომ არ ყოფილიყო... თუმცა ვაღიარებ, მომწონს ამ ტიპის შედარებები. მარადონასთან შედარება, რა თქმა უნდა, დიდი ტვირთია. მას ვერავინ შეედრება. მაგრამ როდესაც გულშემატკივრები „კვარადონას“ მეძახდნენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს აჩვენებდა, თუ როგორ ვუყვარდი მათ. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ვამაყობდი.
პარიზი, როგორ განვითარება
- პარიზში ყოფნისას ბევრად გავიზარდე და მოედანზე „მეომარი“ გავხდი. ყოველთვის ვცდილობ 100%-ით დავიხარჯო, თუნდაც დაცვაში. „ნაპოლიში“ ამას ასე ხშირად არ ვაკეთებდი, მწვრთნელი კი დამეხმარა, რომ ამ კუთხით ძალიან გავუმჯობესებულიყავი.
„ისტორიის მწერალი“
კვარაცხელიამ ისტორია დაწერა როგორც „ნაპოლიში“, ისე „პარი სენ-ჟერმენში“:
- ძალიან იღბლიანი ვარ. „ნაპოლის“ წლების განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული ჩემპიონობა და ჩვენ ეს შევძელით, სანამ კლუბს დავტოვებდი. იგივე მოხდა „პსჟ“-ში ჩემპიონთა ლიგაზე. საქართველოში ვამბობთ: თუ ოთახში მარჯვენა ფეხით შეხვალ, ბედნიერება გეწვევაო. ასე რომ, პარიზშიც მარჯვენა ფეხით შემოვედი.

ურთიერთობა ლუის ენრიკესთან
- შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ის მწვრთნელია. შეუძლია მიყვიროს ან მითხრას ის, რაც სურს, რადგან ვიცი - მას უნდა, რომ ჩემი თავის უკეთესი ვერსია გავხდე. ის ყველაფერს მარტივად ხსნის და ყოველთვის სურს რაღაც გასწავლოს. როცა რჩევას გაძლევს, უბრალოდ უნდა მიჰყვე მას, რომ განვითარდე.
ტრანსფერი პარიზში და ახალი ქალაქი
- მიყვარს ეს ქალაქი, ყველაფერი მომწონს აქ. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით მეტად ვაფასებ იმას, რომ ხალხი ძალიან პატივისცემით გამოირჩევა. როცა გარეთ გადიხარ, ზედმეტად არ გაწუხებენ. მაგალითად, რესტორნებში, ფოტოს გადაღებამდე ნებართვას გეკითხებიან. ეს ძალიან მომწონს. საუკეთესო ქალაქია მეუღლესთან ერთად სასეირნოდ.
იყო თუ არა PSG-ში გადასვლა ოცნება? რა თქმა უნდა, ეს ოცნებაა. სწორედ მაშინ, როდესაც PSG დამიკავშირდა, მივხვდი, რომ მსოფლიო დონის მოთამაშე გავხდი.

კვარაცხელიას სურვილი, პარიზში აღმოჩენილიყო, მოულოდნელი არ ყოფილა; მისი გარემოცვის გავლენა ყოველთვის საგრძნობი იყო. ეს ფეხბურთელისა და მისი მეუღლის საერთო ოცნება იყო, თუმცა ამ შანსის გამოყენება მარტივი არ გახლდათ კლუბში, სადაც ადგილები უკვე დაკავებული ჩანდა.
- სანამ კლუბი დამიკავშირდებოდა, ნიცა სულ მეუბნებოდა: „წარმოიდგინე, ერთ დღესაც PSG-ში რომ ითამაშო, იქ ცხოვრება დაუჯერებელი იქნებაო...“
სხვა ვარიანტები და შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ იმ გზამ, თუ როგორ წარმომიდგინეს პროექტი მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ მიყოყმანია, ჩემს აგენტს უბრალოდ ვუთხარი, რომ PSG-ში გადასვლა მინდოდა.
დიდი სიამაყეა, რომ ახლა „პარიზელ ქართველად“ მიცნობენ.
როცა ჩემი ნაირი პატარა ქვეყნიდან მოდიხარ და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში ხვდები, ეს ნამდვილი ოცნებაა! „ნაპოლიში“ გადასვლაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ამით ვამაყობდი, მაგრამ PSG-ს ზარმა მაგრძნობინა, რომ ნამდვილად მსოფლიო დონის მოთამაშე ვარ.