ცოტა ხნის წინ მსახიობმა ნინო მუმლაძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ის საუბრობს ერთ-ერთ კლინიკაზე, რომელმაც მასთან თანამშრომლობაზე უარი ინსტაგრამზე არასაკმარისი გამომწერების გამო თქვა.
"რამდენიმე დღის წინ გადავიღე ვიდეო, სადაც ვამბობდი, რატომ არ მცალია და რატომ არ შემიძლია ვიყო ინფლუენსერი. აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ ვიდეომ მოიპოვა ძალიან ბევრი ნახვა, გადაზიარებები და გამოხმაურება. მერე დავფიქრდი, მივხვდი, რომ რაც არ უნდა გავაზიარო ჩემი საქმიანობიდან, თუ რაც არ უნდა ვისაუბრო, ვთქვათ, რაღაცა თემებზე, მაინც საინტერესო ადამიანებისთვის ის არის, რაც შენს ცხოვრებაში ხდება. და სწორედ ეს განაპირობებს მსგავსი ვიდეოების პოპულარობას. ცოტა რთულია იმის გამოცნობა, რა არის დღეს ინტერნეტში პოპულარული, მაგრამ ასეა.
იმასაც მივხვდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ინტერნეტით ყოველთვის მოიპოვებ გაცილებით მაღალ რეიტინგს, ვიდრე, ვთქვათ, ტელევიზიით ან ნებისმიერი სხვა საქმიანობით დღევანდელ დღეს. ამიტომ მოვყვები კიდევ ერთ ამბავს ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც ზუსტად ამ ამბავს ეხმიანება.

იქიდან გამომდინარე, რომ მშობიარობის მერე ძალიან მიჭირს წონის დაკლება, გადავწყვიტე, რაღაც უფრო რადიკალურ გზებს მივმართო. გარკვეული მიზეზების გამო ბარიატრიას ვერ გავიკეთებ, მაგრამ ერთ-ერთ კლინიკაში, რომელსაც, რა თქმა უნდა, ახლა არ დავასახელებ, აღმოვაჩინე წონის კლების უკეთესი მეთოდი, ვიდრე ბარიატრია. მონაცემების მიხედვით მივხვდი, რომ სწორედ ეს არის ის, რაც მე ამ ეტაპზე მჭირდება. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს პატარა ოპერაცია ღირს 17 000 ლარი, რაც ჩემთვის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი თანხაა გადავწყვიტე, ბედი მეცადა, დავკავშირებოდი კლინიკას და შემეთავაზებინა გარკვეული ბარტერი.
როდესაც შევხვდი ამ კლინიკის წარმომადგენელს, ცოტა უცნაურად მომეჩვენა მისი დამოკიდებულება, თითქოს არ იცოდა ვინ ვიყავი. ძალიან მოკლედ ავუხსენი ვინ ვარ, ვუთხარი ჩემი იდეა და უცებ პასუხად მივიღე, რომ შეუძლია ძალიან პატარა ფასდაკლება გამიკეთოს. ცდილობდა მაინც მომყიდოს ეს პროცედურა. აიღო ტელეფონი, რომ ენახა რამდენი გამომწერი მყავს და აღმოჩნდა, ძალიან კარგადაც იცის ჩემი სახელი და გვარი, რადგან ძალიან მარტივად მომძებნა ინსტაგრამზე და მაჩვენა, რომ ჩემი ფასი ნულის ტოლია, რადგან ინსტაგრამზე ძალიან ცოტა გამომწერი მყავს. მითხრა, რომ არანაირ ინტერესში არ შედის მათთვის ჩემთვის ამ პროცედურის ჩუქება. პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, ეს მათი ბიზნესია და მათი გადასაწყვეტია რა უღირთ, რა არ უღირთ.
გულდაწყვეტილი წამოვედი იმიტომ, რომ აღმოჩნდა, დღეს ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც არანაირი ფასი აღარ აქვს შენს მოღვაწეობას, შენს მიღწევებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გულშემატკივრობდა, რამდენად დასამახსოვრებელი სახეები შექმენი, რამდენად ბევრი ადამიანი გაახალისე ან საინტერესო გაუხადე ცხოვრება შენი შემოქმედებით და შენი საქმიანობით. ამას დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არანაირი ფასი არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ ის განსაზღვრავს ჩვენს ღირებულებას მსგავს არენაზე, თუ რამდენი გამომწერი გყავს. არ ვიცი, შეიძლება მე ვარ ცოტა მოძველებული შეხედულების ადამიანი და ამიტომ ვუყურებ ამ ყველაფერს ესე გულდაწყვეტით ან ვიღაცისთვის პირიქით ეს რეალობა ძალიან ხელსაყრელი და სასიამოვნოა, მაგრამ ამომიყირავდა ის ღირებულებები, რომლებზეც მე გავიზარდე და რაღაცნაირად გული მწყდება ამ ყველაფერზე“ - ამბობს ნინო მუმლაძე.