ქართველი კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი ნოე სულაბერიძეს გადაცემის სტუმარი იყო. მან გადაცემის ფარგლებში უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეც.
"ჩვენი დრო, ჩვენი ახალგაზრდობა მაინც განსხვავდებოდა დღევანდელი დღისგან. ჩემი პერიოდის ახალგაზრდები, ქალთა სკოლებში ვსწავლობდით. ჩვენ არ ვიყავით შეჩვეულები ბიჭებთან ურთიერთობას. ეს მორიდება და მოკრძალება ოჯახმაც გვასწავლა. არ გვქონდა შეხება ერთმანეთთან. თოვლი რომ მოვიდოდა, თუ დაგვხვდებოდნენ ეს პატარა ბიჭები, ჩვენც პატარები, გუნდებს ძალიან მოკრძალებულად გვესროდნენ, ეს იყო მთელი ჩვენი ურთიერთობა. ასე გავიზარდეთ.
ჩემი მეუღლე სვანი გახლდათ, არაჩვეულებრივი ვაჟკაცი, ორმეტრიანი, სპორტსმენი, წარმოსადეგი, უაღრესად განათლებული, დახვეწილი პიროვნება, მასთან ურთიერთობა მართლა ბევრ რამეს აგრძნობინებდა ადამიანს და ბევრ რამესაც ისწავლიდი მისგან. ექვსი წელი იყო ჩვენ შორის სხვაობა. ვიმალებოდი, რომ არ შემხვედროდა, ვიცოდი, რომ გავწითლდებოდი და მერიდებოდა.
შეხვედრიდან სამი წლის შემდეგ, შევუღლდით. არ ვიცი ქალებმა შეიძლება გამამტყუნონ, მაგრამ ყოველთვის ვამტყუნებ ქალებს, თუ ნორმალური მეუღლეები ჰყავთ, რადგან როგორი გაწონასწორებული კაციც არ უნდა იყოს, ქალს შეუძლია წონასწორობიდან გამოიყვანოს. ამიტომ, ყოველთვის უნდა ეცადოს ქალი, რომ თავის თავს სცეს პატივი, რომ მეუღლე არ მიიყვანოს იმ ზომამდე, რომ რამე აკადროს. როდესაც ასე ცხოვრობ, აქ იმ სიყვარულსაც ძალიან დიდ პატივს სცემ. სიყვარულს არ უყვარს უპატივცემულობა, მერე სხვაგან გარბის სიყვარული.
ქალი ყოველთვის მოკრძალებული უნდა იყოს. ცოლი, ყველაზე მეტად ქმარს უნდა ეპრანჭებოდეს. არასოდეს არ უნდა ეჩვენოს ცოლი ქმარს... უნდა დაასწროს დილით და დავარცხნილი, მოწესრიგებული დახვდეს ქმარს,“ - აღნიშნავს მარიკა კვალიაშვილი.

მარიკა კვალიაშვილი
ქართველი კომპოზიტორი 1937 წლის 7 მაის დაიბადა. ის ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილია.
1956 წელს დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1961 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1961-2006 წლებში იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები). საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე. დააარსა პროექტი „ქართული სიმღერის პროპაგანდა“, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა კუთხის დაბა-სოფლებში ქართული სიმღერის პროპაგანდას, ნიჭიერი ბავშვების მოძიებას. თხზულებები: საბავშვო, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: „იანვარიც მოირთვება“, ოდები (მიძღვნილი საქართველოს თითოეული კუთხისადმი), გუნდები. მიღებული აქვს წლის საუკეთესო ადამიანის, წლის საუკეთესო პედაგოგის, 2005 წლის საუკეთესო კომპოზიტორის (საესტრადო სიმღერებისთვის, 2005) წოდებები. 2010 წელს გაიხსნა მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.