ნახეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზიის კონკურსზე წარდგება - Marao

ნახეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზიის კონკურსზე წარდგება

2026-03-12 15:37:17+04:00

ჯგუფი „ბზიკები“, რომელმაც 2008 წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა, 17-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩნდა კონკურსის სცენაზე. ჯგუფმა 13 დეკემბერს თბილისში გამართულ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ახალი სიმღერა - „We Don’t Sleep“ შეასრულა.

  • თითქმის 20 წლის შემდეგ: ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ "ბზიკები", რომლებმაც 2008 წელს საბავშვო ევროვიზია მოიგეს

კომპოზიციის ავტორია გიგა კუხიანიძე. სიმღერა თანამედროვე ჟღერადობითა და ენერგიული შესრულებით გამოირჩეოდა და განსაკუთრებული ინტერესით შეხვდა როგორც მაყურებელი, ისე კონკურსის სტუმრები. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ წელს პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე სწორედ „ბზიკები“ წარადგენენ. 

საკონკურსო სიმღერის On Replay პრემიერა "Youtube"-ზე უკვე შედგა, რომლის ნახვაც ყველას შეუძლია. "ბზიკებთან" იგივე შემოქმედები ჯგუფი მუშაობს, რომელთან ერთადაც მათ გამარჯვება მოიპოვეს. სიმღერის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი ლიზი ჯაფარიძეს ეკუთვნის. 

აღსანიშნავია, რომ სიმღერის პრემიერა 15 საათის წინ შედგა და 170 ათასზე მეტი ნახვა აქვს. 

bzikebi

ჯგუფი ბზიკები

„ბზიკები“ საბავშვო მუსიკალური ჯგუფია, რომელმაც საქართველო 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარმოადგინა. კონკურსი კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართა და ქართულმა ჯგუფმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, რაც საქართველოსთვის საბავშვო ევროვიზიაზე პირველი ტრიუმფი იყო.

ჯგუფის წევრები იყვნენ გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. ისინი ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსზე ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. კონკურსის დროს „ბზიკები“ მონაწილე ქვეყნებს შორის ყველაზე პატარა კონკურსანტები იყვნენ - სამივე წევრი მხოლოდ 10 წლის იყო.

  • "ორი წელია, ვაგზავნით სიმღერებს „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურებისთვის..." - დოდონა ნამორაძის გზა ფილიპინებიდან დიდ სცენამდე

მიუხედავად ასაკისა, ჯგუფმა მაღალი პროფესიონალიზმითა და ორიგინალური შესრულებით თითქმის მთელი ევროპის ყურადღება და სიმპათია მოიპოვა. 15 ქვეყანამ ქართულ ჯგუფს უმაღლესი ქულები მიანიჭა, მათ შორის იყვნენ რუსეთი, ბელარუსი და ლიეტუვა. „ბზიკებმა“ კონკურსზე მე-6 ნომრით იმღერეს.

bzikebi

თბილისში გამართულ შიდა შესარჩევ ტურში ჯგუფმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. სიმღერამ თავისი უნიკალური სტილითა და ენერგიით ლიმასოლში მაყურებლის განსაკუთრებული მხარდაჭერა დაიმსახურა. კვიპროსის სცენა „ბზიკებისთვის“ პირველი დიდი საერთაშორისო გამოცდილება გახდა, რომელმაც მათ კარიერაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

ჯგუფის წევრები დღესაც მუსიკალურ ინდუსტრიაში არიან და აგრძელებენ საკუთარ გზას - მათი დაბრუნება ბევრი თაობის ქართველისთვის ნოსტალგიური აღმოჩნდა. პროფესიულად კიდევ უფრო გაზრდილი მუსიკოსების ერთად გამოჩენას კი სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - უამრავ კომენტარს წაიკითხავთ, სადაც წერენ, რომ დროა, "ბზიკებმა" ახლა დიდების ევროვიზიის კონკურსზეც მიიღონ მონაწილეობა, რაც მალე რეალობად იქცევა.